„შესაძლოა, პოლიტიკაში შემოსვლით გახარიას მართლაც სურდეს პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვება“

„შესაძლოა, პოლიტიკაში შემოსვლით გახარიას მართლაც სურდეს პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვება“

გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემოსვლის მთავარი მიზანი შესაძლოა ის არის, რომ მას პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვება სურს, ანუ ის თავს იცავს ბიძინა ივანიშვილისგან. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს გიგი უგულავა, რომლის აზრითაც, გამორიცხული არ არის, გახარია და ივანიშვილი მომავალში შერიგდნენ, მაგრამ ერთი კარგი ჩხუბი მათ შორის იქნება.

თუკი ამ ვერსიას ვენდობით, მაშინ გამორიცხული არაა, ეს დაახლოებით იგივე სცენარი იყოს, რაც პოლიტიკაში შემოსული მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში გათამაშდა. მანაც პოლიტიკური იმუნიტეტი მოიპოვა საკუთარი გააქტიურებით და ოპოზიციონერის მანტია მოირგო.

შეიძლება თუ არა, მმართველი გუნდი გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავდეს? რატომ კეთდება აქცენტი გახარიას მხრიდან ჩადენილ გამაოგნებელ ღალატზე და რატომ საუბრობენ ყოფილი პრემიერის როლზე სააკაშვილის შეთქმულებაში მონაწილეობის თაობაზე?

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გახარიას პოლიტიკაში შემოსვლა იმუნიტეტის მოპოვებას არ უნდა უკავშირდებოდეს. ანალიტიკოსის აზრით, მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით ცოტა განსხვავებული შემთხვევა იყო, ხაზარაძე ჯერ შეავიწროვეს, პრობლემა შეექმნა ანაკლიის პორტს და ამის შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში. რაც შეეხება გიორგი გახარიას, აქ ცოტა განსხვავებული ვითარებაა. გახარიას ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი და გადადგა ამ თანამდებობიდან, გადადგომის მოტივად კი ორი ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი ის, რომ ივანიშვილის სურვილი იყო, გახარია ჩამოყალიბებულიყო „ქართული ოცნების“ ალტერნატიულ პოლიტიკურ მოთამაშედ თავის პარტიასთან ერთად, რადგან ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნებოდა ხელისუფლებაში, შესაძლებელია, სხვა პოლიტიკურ ძალას ჩაენაცვლებინა იგი და, ბუნებრივია, ივანიშვილი სხვა პოლიტიკურ ძალაში არ გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ანუ ივანიშვილი დაინტერესებულია, რომ „ნაცმოძრაობის“, ანუ მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაიკავოს რომელიმე სხვა პარტიამ, ამ შემთხვევაში, შეიძლება განვიხილოთ გახარიას პარტია. აქედან გამომდინარე, თუკი გახარია თამაშობს ივანიშვილის თამაშს და ივანიშვილის პროექტია, მაშინ ურთიერთკრიტიკა ემსახურება იმ ხმების გადაფარვას, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია.

რაც შეეხება გახარიას გადადგომის მეორე ვარიანტს, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ გახარია, მართალია, იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ის არ ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, დიდწილად დამოკიდებული იყო ივანიშვილზე ისევე, როგორც სხვა პრემიერ-მინისტრები.

„გვახსოვს, კვირიკაშვილმა ერთხელ აღიარა კიდეც, ჩემი პრემიერობის პირველ წელიწადს ივანიშვილისგან სრული თავისუფლება მქონდა მონიჭებულიო, ანუ ივანიშვილი აკონტროლებდა ყველა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას და, მთლიანობაში, ხელისუფლების საქმიანობასაც, როგორც არაფორმალური მმართველი. ამას ემატება ისიც, რომ გახარიას პრობლემები ექმნებოდა, რადგან თავისი გუნდი არ ჰყავდა, ის იყო პრემიერი, მაგრამ მას არ ჰყავდა თავისი გუნდი, შესაძლებელია, იყო კიდეც თანამდებობიდან მისი გადაყენების მცდელობა, მან დაასწრო და თვითონ გადადგა თანამდებობიდან. არც ის არის გამოსარიცხი, რომ მისი გადადგომა სულაც არ უკავშირდება მელიას საქმეს. ყოველ შემთხვევაში, აქ არანაირ გადატრიალებაზე საუბარი არ არის. როგორ წარმოგიდგენიათ, პრემიერ-მინისტრი აწყობდეს გადატრიალებას?! გადატრიალება შეიძლება მოაწყოს რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ. გახარია ივანიშვილისგან რომ იცავდეს თავს დაჭერის შიშით, მაშინ ივანიშვილთან ურთიერთობას არ გაიფუჭებდა თავისი გადადგომით. ოპოზიციაში შემოსვლა და ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ გახდომა არ ნიშნავს იმუნიტეტს. თუ რამე ბრალდებაზეა საუბარი, როგორც მელია დააპატიმრეს, მასაც არანაირი იმუნიტეტი არ დაიცავს, გახარია არ არის პარლამენტის წევრი“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, გიორგი გახარიას დაჭერის ეშინოდეს. პოლიტოლოგის აზრით, შესაძლოა, ოპოზიციონრები ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ეს გასაგებია, რადგან ოპოზიცია გაღიზიანებულია იმით, რომ მარტო „ქართული ოცნების“ ხმები არ მიაქვს გახარიას.

„გახარიას სახით კონკურენტი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ოპოზიცია თვლის, რომ ეს არის საკმაოდ ძლიერი კონკურენტი. ამიტომაც არის გამწარებული როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. თუმცა პოლიტიკური იმუნიტეტი გახარიას არ უშველის, თუკი მას სერიოზული დარღვევები აქვს. ამიტომ არა მგონია, ის პოლიტიკაში იმუნიტეტის მისაღებად შემოსულიყო. უფრო მეტად ის ჩანს, რომ მას პოლიტიკაში ყოფნა სურს. რას გამოუგონებენ და რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტა არადამაჯერებელია, რომ მას დაჭერის შიშით სურს იმუნიტეტის მოპოვება. სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა, განა ვერ დაიჭერდნენ?“ - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ დანაშაულს მტკიცებულებები სჭირდება, ასევე, გადატრიალების მცდელობასაც დამტკიცება უნდა.

„შესაძლოა, პოლიტიკაში შემოსვლით გახარიას მართლაც სურდეს პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვება, ამ ვერსიას საფუძველი აქვს, რადგან სხვანაირად თითქოს ჭირს გახარიას საქციელის ახსნა, თუ არ ვეცდებით, რომ ეს საქციელი ავხსნათ მისი პიროვნულ-ფსიქიკური მდგომარეობით. თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, რომ დანაშაულის მონაწილე გახდა გახარია, ე.ი. ის მიეყიდა „ნაცებს“, ან ფული აიღო ამაში, ან შეაშინეს და გახდა სააკაშვილის თანამოაზრე, ეს წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს გაგუბაზებას, იმდენად მძიმე და სამარცხვინო მდგომარეობაა, ლოგიკური ახსნის პოვნა ჭირს. შეიძლება ასეც იყოს და პოლიტიკური პარტიის შექმნა ინდულგენციასავით იყოს. ეს ყველაფერი ვარაუდია, სანამ გამოძიებით არ დადგინდება“, -აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.