დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ერიქსენმა, რომელსაც კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუდგეს, თანაგუნდელები მოინახულა და მათ წარმატებები უსურვა, შემდეგ კი სახლში გაემგზავრა.
„მადლობა ყველას თანადგომისთვის. ამ ყველაფრის გაგონება და ნახვა წარმოუდგენელი იყო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს და მათ რუსეთის წინააღმდეგ მატჩში სახლიდან ვუქომაგებ“, - განაცხადა ერიქსენმა.
29 წლის ფეხბურთელისთვის კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩადგმა დანიელ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა. კარდიოვერტერ დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.
„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა. ის, ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.