„ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია“

„ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია“

„ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია“, – ასეთია გენერალური პროკურატურის დასკვნა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ აუდიო ჩანაწერებს რედაქტირების კვალი აღენიშნება და აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად. აუდიო ჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის საუბარი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25–დან 30–წლამდე ასაკის იყო.

ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს. გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ღარიბაშვილის, ივანიშვილის და ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.

მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო. ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ – ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე მსჯავრდებულ პირთა ძებნის ფაქტებზე.

პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებით, მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა გიორგი წულაიას, ირაკლი მჭედლიშვილის, ვინმე ბესოს სახელით, ბერა ივანიშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე – გიორგი ფრუიძის, ვინმე გიგას, ვინმე სანდროს სახელით. ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე – უშანგი ხაფავას, თორნიკე ყიფიანის, ვინმე ზურას სახელით და ა.შ.

გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ივანიშვილის, ღარიბაშვილის და ჩუბინიძის სატელეფონო მოსმენას. მოწმეებმა დაადასტურეს 2011–2012 წლებში დასახელებულ პირთა მიმართ სატელეფონო მოსმენის ფაქტი და ამავე დროს თემატურად და ფრაგმენტულად გაიხსენეს საჯაროდ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე პირთა შორის წარმოებული დიალოგები. ასევე, გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც გამოძიებამ შეძლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით.

დადგინდა, რომ 2011 წელს მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების ავტორებს ორ შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. შეხვედრა შედგა მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე, მათივე მშობლების და მეზობლების თანდასწრებით. შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია.

ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების ტექსტობრივი გაშიფვრის, ჩანაწერებში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ასაკის და მათ შორის არსებული კომუნიკაციის ფორმის იდენტიფიცირების და არსებობის შემთხვევაში ჩანაწერებზე მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.

მიღებული ექსპერტიზის დასკვნით მოხდა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა ხმის იდენტიფიცირება და დადგინდა მათი საორიენტაციო ასაკი. კერძოდ, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13 – 18 წლამდე. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25–30 წლამდეა, რაც შეეხება ანზორ ჩუბინიძის ხმით მოსაუბრეს, ჩანაწერების გაკეთების მომენტში 35–40 წლამდეა. ფონოსკოპიური ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა კომუნიკაციის ფორმა არის სატელეფონო.

გარდა ამისა, მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. საერთო ჯამში სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. ერთ–ერთ ასეთია ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით – „დაგირეკავენ მინისტრები“.

ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა „მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები „მილი“ და „სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი–სტები.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აუდიო ჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია“, – აცხადებს ამირან გულუაშვილი.

პროკურატურის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს ნოდარ მელაძე და აანონსებს, რომ შაბათის ეთერი დაეთმობა ისევ პრემიერ–მინისტრს. ტრადიციულად, პროკურატურის გამოძიებას არ ენდობა ოპოზიცია და ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას საერთაშორისო ექსპერტიზის ბიუროდან ითხოვენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული მასალები „სასაცილო და კარიკატურულია“. დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოების არც ერთ წარმომადგენელს არ სჯერა ბრიფინგის შინაარსის.

„პროკურატურას საზოგადოების მხრიდან აქვს ყველაზე დაბალი ნდობა, ის ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იყო ახლა და პროკურატურის სახელით საუბრობდა და ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მისი უშუალო უფროსების დავალებით ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას. ამიტომ, როცა ბრიფინგზე გამოვა და ვერ ჩამოყალიბდება აუთენტურია თუ არ არის აუთენტური ჩანაწერი, ფალსიფიცრებულია თუ არა, ეს არის იმის დადასტურება, როგორი მართლმსაჯულება გვაქვს. ერთი ვერ გავიგე – „მილისტები“ რას ნიშნავს, მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ ქართულად მეტყველებენ თუ რას აკეთებენ, ამიტომ სასაცილოა და კარიკატურულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში გასული ინტერვიუს დროს თავად დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა. მისი თქმით, პროკურატურისგან ამ ტიპის განცხადება და ისევ გადაბრალება წინა ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად უპასუხისმგებლოა „ქართული ოცნება“ და რამდენად არ შეუძლია ის, რაც გასაგებია მთელი საზოგადოებისთვის, ამაზე წესიერი გამოძიება აწარმოოს.

„ქვეყანაში, სადაც არც ერთი მიყურადების ფაქტი არ გამოძიებულა, არც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების გამო დასჯილა ვინმე, ასეთი პროკურატურისგან ამ ტიპის განცხადება და ისევ გადაბრალება წინა ხელისუფლებაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად არ შეუძლია წესიერი გამოძიება აწარმოოს. ბერამ თვითონ აღიარა ამ ჩანაწერის ავთენტურობა. მან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ასე მოიქცევა ვინც მის დედიკოზე გაბედავს და რამე უარყოფითს იტყვის. ამიტომ ახლა პროკურატურამ უნდა გაბედოს და გამოიძიოს ეს საკითხი“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

პარტია „სამართლიანობის“ ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ, იმდენად დიდი იყო ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“, ბერა ივანიშვილი საქმის მოსაგვარებლად ვერავის გააგზავნიდა.

„საინტერესოა, ვინ ჩაატარა თუ შსს–ს ექსპერტიზაა გაცილებით დაბალია ნდობა, 2 წელზე მეტია გასული და ექსპერტიზის დასკვნას ვერ ვეღირსეთ, სამხარაულის ექსპერტიზა თუა, კიდევ უფრო ძველი წლის წინ გაგზავნილ ჩანაწერებზე არ გვაქვს დასკვნა. ჩემთვის ძალიან ნაცნობია ის წლები, რომელზეც გამოძიება დღეს საუბრობდა, როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით, იმდენად დიდი იყო მაშინ ზეწოლა და ტერორი, ასეთი საქმის გარჩევებისთვის მისვლა ცოტა ძნელად წარმომიდგენია“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს მმართველი გუნდი. დავით სერგეენკოს განცხადებით, შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ არის სწორი სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი.

„ოპოზიცია ერთი პირით იძახის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე არის ქვეყნის განმსაზღვრელი, ვეთანხმები. მეორე პირით კი იძახის, რომ პროკურატურა მარიონეტია და წერს რაღაცას, რაც მოესურვება – არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების დევალვაციის მცდელობა. მინიმუმ უნდა ნახონ, რის საფუძველზე გააკეთეს ეს დასკვნა და ამის მერე იმსჯელონ, რომ ეს ყალბია. ასე ხელის აქნევით, რომ პროკურატურამ ეს ყველაფერი არასწორად ქნა, არასწორია. ბრალდება, რომ მათ ასე პოლიტიკური მოტივით გააკეთეს, საჭიროებს დასაბუთებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, 10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს დამონტაჟებულია და მიწოდებული მაყურებლისთვის. როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა ასეთი მასშტაბის ფეიკ–ნიუსი აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში. მისი თქმით, მსგავსი დანაშაულები, როგორიც იყო ფარული მიყურადება, წინა ხელისუფლების დამახასიათებელი დანაშაულია.

„ასეთი დანაშაულები წინა ხელისუფლების დროს იყო ტიპური, „მოდელირებული ქრონიკები“ წინა ხელისუფლების დროს იყო ტიპური მოვლენა და მიზანად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას. სამწუხაროა, რომ 10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს იქნა ისევ დამონტაჟებული და მაქინაციების გზით მიწოდებული ტელემაყურებისთვის, რაც მე ვფიქრობ, განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველა მხრიდან.

ამავდროულად, სახალხო დამცველმაც, ალბათ, თავის პოზიცია უნდა გამოთქვას, რომ ჩვენთანაც უნდა მოვიდეს დრო, როცა ფეიკ-ნიუსი ასეთი მასშტაბის და ასეთი გაყალბების, აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში და სტანდარტი, რაც გვინდა იყოს ქვეყანაში ყველგან, უნდა დამკვიდრდეს მედია სივრცეშიც“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.