ლარის მომავალს უკვე ყველა ოპტიმისტურად უყურებს და თუკი სხვადასხვა შეფასების ანალიზს გავაკეთებთ, ცხადი გახდება, რომ ზაფხულის განმავლობაში გამყარების ტენდენცია შეუქცევადი იქნება. როგორც კი მაისის ეკონომიკური მაჩვენელები გამოქვეყნდება და მეორე კვარტალიც დადასტურდება, დადებითი ტენდენციები უფრო თვალსაჩინო გახდება.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და არც ის დამალა, რომ საჭიროების შემთხვევაში სებ-ი კვლავაც ჩაერევა სავალუტო ვაჭრობაში.
„ლარის კურსის გრძელვადიან ტენდენციაზე ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითად ასეთია: მოსახლეობის პრეფერენციები იმპორტირებულ და ექსპორტირებულ პროდუქციაზე, სავაჭრო ბარიერები, პროდუქტიულობა ქვეყნის ეკონომიკაში... მოგეხსენებათ, ასეთ ფუნდამენტურ ფაქტორებზე ეროვნული ბანკის ზეგავლენა საკმაოდ შეზღუდულია.
რაც შეეხება ლარის კურსის ფორმირებას მოკლევადიან პერიოდში, აქ ძირითად როლს ზუსტად ეკონომიკური აგენტების მოლოდინი ასრულებს. 2020 წლის მეორე ნახევრიდან, როცა პანდემიის დაწყებასთან ერთად ნეგატიურად შეიცვალა ეკონომიკური აქტორების მოლოდინი, ამან გამოიწვია კურსის მკვეთრი გაუფასურება, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში, როცა ეკონომიკა გაიხსნა და გაჩნდა პოზიტიური ტენდენცია, ამან გამოიწვია მკვეთრი გამყარება. ლარის კურსი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვალუტის კურსი, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე წრფივად არ მიდის. მას ამ გზაზე ახასიათებს გარკვეული ტიპის მერყეობები და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ლეჟავამ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის როლსაც გაუსვა ხაზი და 2020 წელს გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის ახსენა ისიც, რომ 2020 წელს ეროვნულმა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა.
„მოგეხსენებათ, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანამ სოლიდური დახმარების პაკეტი მიიღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. ამ პროცესში კი ჩვენი როლი იყო ის, რომ უცხოური ვალუტის დაფინანსება მოგვეხვედრებინა ბაზარზე და ამით ნაწილობრივ შეგვერბილებინა ის დანაკლისი, რაც ეკონომიკამ განიცადა ტურიზმის გაჩერების გამო. ამ პერიოდის განმავლობაში სებ-მა მოახდინა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია. სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკური აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული. წლის დასაწყისში, წელს უკვე უკვე 254 მლნ დოლარის ინტერვენცია გვაქვს განხორციელებული და ამას წლის განამვლობაში კვლავ გავაგრძელებთ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ წლევანდელი წელი უკეთესი იქნება. თუ შეიცვალა სიტუაცია და გაჩნდა ინტერვენციის აუცილებლობა, შარშანდელის ან თუნდაც მეტი მოცულობის ინტერვენციის რესურსი ეროვნულ ბანკს გააჩნია, თუმცა იმედია, ამის საჭიროება არ გაგვიჩნდება“, - აღნიშნა ლეჟავამ.
როგორც ჩანს, ეროვნული ბანკში იმედიანად არიან განწყობილნი. პოზიტიურად უყურებენ განვითარებულ მოვლენებს „საზოგადოება და ბანკებშიც“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ბოლო პერიოდის შეფასებას აქვეყნებს:
„ბოლო ერთი თვეა ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ იშვიათ მოვლენას, ლარის გამყარებას ვაკვირდებით. თითქოს დიდად არაფერი შეცვლილა, ფინანსური პრობლემებიც არ ამოწურულა, მაგრამ ის მაინც მყარდება. მთავარი და ყველაზე მნიშნელოვანი ცვლილება პოზიტიური მოლოდინის გაჩენაა. ნელ-ნელა ვცდილობთ, გამოვიდეთ პესიმისტური გარემოდან და დავინახოთ დადებითი ტენდენციები.
17 მაისს კომენდანტის საათის 2 საათით შემცირებამ იმ დღესვე იმოქმედა სავალუტო ბაზარზე და მას შემდეგ ლარი ბოლო ერთ თვეში თითქმის 30 თეთრით გამყარდა. ამას სახმელეთო საზღვრების გახსნაც მოჰყვა. ეკონომიკურ ეფექტს ჩვენც ოდნავ მოგვიანებით ვიგრძნობთ, თუმცა მოლოდინმა თავისი საქმე უკვე გააკეთა.
სხვადასხვა პროგნოზით წელს ტურიზმიდან ქვეყანაში 1-1.5 მილიარდი დოლარი შეიძლება შემოვიდეს. ეს კი დამატებით დადებითად აისახება ეკონომიკაზეც და ლარის კურსზეც.
ზოგადად ვალუტის კურსს სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე გზა არსებობს: ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილები, ინვესტიციები, ტურიზმი, და საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მიერ გამოყოფილი გრანტები და სესხები. ამ მხრივ ბოლო ერთი წელია განსაკუთრებით გაგვიჭირდა, რაც ლარის კურსზეც აისახა, თუმცა ახლა ნელ-ნელა ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებას იწყებენ და იმედია, ეს ასეც გაგრძელდება. ახლა ვაქცინაციის ტემპსაც თუ დავაჩქარებთ, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წავა.
პროგნოზებს ლარის კურსთან დაკავშირებით არასდროს ვაკეთებ, ერთი შემიძლია ახლაც გითხრათ. თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ეს ლარზეც დადებითად აისახება. ეროვნული ვალუტა ჩვენი ეკონომიკის ერთგვარი თერმომეტრია“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.