ზაფხულის საკურორტო სეზონი გაიხსნა, ქვეყანაში პირველი უცხოელი დამსვენელებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები მაინც პრობლემებზე საუბრობენ. პირველ რიგში, ეს შეეხება ჯერ კიდევ მოქმედ კომენდანტის საათს და ასევე 72 საათის განმავლობაში „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულებას. ცალკე საკითხია მომსახურების სიძვირეც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისის ბოლოდან კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი სამშაბათის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე არ განხილულა. კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო, რათა ვითარებაზე დაკვირვება გაგრძელდეს.
„ინფიცირების შემთხვევების რიცხვი მერყეობს 700-მდე. ეს ისეთი მაჩვენებელია, რომ სხვა შემსუბუქებას ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გავუწევთ. დავაკვირდებით კიდევ 1 კვირა, 10 დღე და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კიდევ უფრო ხისტი პოზიცია აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს. იგი პირდაპირ ამბობს, რომ მათი მხრიდან „კომენდანტის“ მოხსნის რეკომენდაცია არ გაიცემა მანამდე, ვიდრე ქვეყანაში ინფიცირების დღიური შემთხვევა ასეულებს არ ჩამოსცდება.
„ჩვენი რეკომენდაცია იქნება, „კომენდანტის საათი“ გაუქმდეს მაშინ, როცა დღიურად ასეულობით ახალი ავადმყოფი არ გვეყოლება. ვიდრე ასე არ იქნება, რაღაცა პატარა შეზღუდვა მაინც უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა იმნაძემ.
ამ დროს ზაფხულის საკურორტო სეზონი ოფიციალურად დაიწყო და მთლი ტურისტული ინდუსტრია გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. ქვეყანაში პირველი უცხოელი ტურისტებიც გამოჩნდნენ, თუმცა როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, უცხოელ ვიზიტორებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც კომენდანტის საათი, ისე 72 საათში ერთხელ სავალდებულო „პისიარ“ ტესტი.
„სტუმრები გვყავს, თუმცა მათთვის სერიოზული დისკომფორტია კომენდანტის საათი და 72 საათში ჩასატარებელი „პისიარ“ ტესტი. მათ უჭირდათ შაბათ-კვირას დაკეტილ რესტორნებთან შეგუებაც და გვიხარია, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნა. იყო შემთხვევა, როცა ჩვენმა სტუმრებმა სწორედ კომენდანტის საათის გამო თქვეს - ნეტა, არ ჩამოვსულიყავითო“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ბათუმში მდებარე სასტუმრო „აისის“ მენეჯერმა მარიამ ბოლქვაძემ.
მიუხედავად ამისა, სასტუმრო უკვე 90%-ით არის დატვირთული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტები აუცილებლად ჩამოვლენ.
„სტუმრებს შორის გვყავს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაინტერესება, ძირითადად, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და არაბული ქვეყნებიდან არის, თუმცა ჯავშნები ძალიან არასტაბილურია. შეიძლება დაჯავშნონ და მოგვიანებით გააუქმონ“, - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა და ისიც აღნიშნა, რომ დატვირთულობის მიუხედავად, შემოსავლებმა იკლო, ხოლო ხარჯი გაიზარდა.
ხარჯებზე კიდევ უფრო დეტალურად საუბრობს ტურისტული კომპანია „ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ნატალია კლიმიაშვილი. მისი თქმით, წესით, ტურიზმი ძალებს უნდა იკრებდეს, მაგრამ სიძვირე წელს დიდ პრობლემებს ქმნის.
„როგორც კი ტურისტებმა შემოსვლა დაიწყეს, ყველგან ფასს მოუმატეს. ეს შეეხება, ძირითადად, კერძო სექტორს, სახელმწიფო სერვისებზე, როგორებიცაა მუზეუმები, ნაკრძალები და სხვა, ფასი არ შეცვლილა, ტარიფები შენარჩუნდა. ამის გამო ბევრი დამსვენებელი საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებს.
ვითარებას ართულებს ისიც, რომ ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტებს მესამე დღეს „პისიარ“ ტესტი აქვთ გასაკეთებელი, რაც 30 დოლარი უჯდებათ. ტესტი სავალდებულოა მაშინაც, როცა ტურისტი ქვეყანას ტოვებს.
მოკლედ, თითო ვიზიტი, სულ მცირე, 15%-ით არის გაძვირებული. ამაზე გავლენა იქონია მომსახურებაზე ფასების ზრდამ. პრაქტიკულად, აღარაფერი დარჩა, რასაც საფასო ცვლილება არ შეეხო“, - განაცხადა სასტუმროს დირექტორმა.