„ამერიკას საქართველო რომც არ ეხსენებინა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ინტერესებში არ შედის“

„ამერიკას საქართველო რომც არ ეხსენებინა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ინტერესებში არ შედის“

მსოფლიოს ყურადღება ჟენევაში, ფეშენებელურ ვილა ლა გრანჟისკენ  იყო მიპყრობილი. გუშინ, ამ ვილაში აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის, პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.

სამიტის წინ, როგორც მოსკოვი, ისე ვაშინგტონი მოლაპარაკებაზე განსახილველ საკითხებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას ასახელებდა. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინის საკითხზე გარკვეული მსჯელობა მართლაც გაიმართა. ორმა ლიდერმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე კი ისაუბრეს, მაგრამ საქართველო არც ერთ პრეზიდენტს არ უხსენებია.

თუკი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე იყო საუბარი, რატომ არ ახსენა ორმა პრეზიდენტმა საქართველო, for.ge აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი საქართველოს არ შეხებიან, ჩვენი ქვეყანა რადარებიდან არ გამქრალა. ასე აფასებს ექსპერტი გია აბაშიძე ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას.

„საქართველო დასავლეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამას დამტკიცება არ სჭირდება. მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია. იმითი განსაზღვრა, რომ ორმა პრეზიდენტმა საჯაროდ არ ახსენა სიტყვა საქართველო, არ ნიშნავს, რომ საქართველო რადარებიდან გაქრა. ტერმინი - „რადარებიდან გაქრა“, ძალიან პოპულარულია სააკაშვილის პარტიისა და მისი ბრმა მომხრეებისა თუ ანალიტიკოსების მხრიდან, რომლებიც რეალობაში ვერ ერკვევიან და არ იციან, რას ნიშნავს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა საერთაშორისო ასპარეზზე. შეუძლებელია ის წარმატებები ვერ დაინახო, რასაც საქართველომ ბოლო ათწლეულში მიაღწია.

ის, რომ პრეზიდენტებმა საქართველო არ ახსენეს, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უკანა პლანზე გადაიწია. ჩემი შეფასებით, საქართველოზე გამოცდილი დასავლელი პოლიტიკოსები მუშაობენ და ბევრი საქმე კულუარებში და დახურულ კარებს მიღმა კეთდება. მაგალითად, პუტინმა ძალიან დამცინავად ახსენა უკრაინის ნატოში გაწევრიანება. ამით უკრაინისთვის დადებითად ან უარყოფითად რამე შეიცვალა? - არა. უკრაინაში საქართველოს მსგავსად არის ერთსულოვანი განწყობა, რომ მოხდეს ქვეყნის ნატოში გაერთიანება. ასევეა საქართველოშიც, მაგრამ უკრაინელი ჟურნალისტები, ცალკეული ქართველი ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტებისგან განსხვავებით, საკუთარ ხელისუფლებას კი არ აძაგებენ, რატომ არ ახსენეს პრეზიდენტებმა საქართველო, არამედ ერთსულოვნად მუშაობენ იმისათვის, რომ მათი ქვეყანა რაც შეიძლება მალე საერთაშორისო ასპარეზზე დაწინაურდეს.

რასაკვირველია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად მოიაზრება. ამერიკის პრეზიდენტმა, ხაზგასმით, არაერთხელ თქვა, რომ ვერ მოითმენს აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის თავხედურ და აგრესიულ ქმედებებს. მე მგონი, საქართველო გეოგრაფიულად სხვა გრძედზე არ გადასულა. პოლიტიკურად და გეოგრაფიულად საქართველო ევროპის შემადგენელი ნაწილია და ეს ასეც იქნება“, - განუცხადა for.ge-ს გია აბაშიძემ.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველო ამერიკის ინტერესებში რჩება, მიუხედავად იმისა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა თუ არა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.

„სამწუხაროა, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრის დროს საქართველოს საკითხი არ განხილულა. თუმცა, შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განხილული იყო. მოგეხსენებათ, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამერიკის მხრიდან უფრო მტკიცე მხარდაჭერა გვჭირდება და უფრო მეტად საქართველოს პოზიციის დაფიქსირება. მაგალითად, 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ობამასა და მედვედევის შეხვედრა შედგა, იქ პირველი საკითხი საქართველოს შეეხებოდა, სადაც ობამამ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ საქართველო მაინც რჩება ამერიკის ინტერესების სფეროში. ამას ადასტურებს ამერიკელი დიპლომატების განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ.

მეორე მხრივ ქართულ დიპლომატიას მეტად გააქტიურება სჭირდება, რათა ამერიკის ხელისუფლებასთან მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოწერა და ამერიკული სამხედრო ობიექტების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება. თემას, რომ დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, როდესაც შენს სახელმწიფოზე საუბარი არ მიმდინარეობს, სამწუხარო ფაქტია. პირველ რიგში, საქართველოს საკითხი ამერიკამ უნდა დააყენოს, რადგან რუსეთს საქართველოს საკითხის დაყენება არ აწყობს. ამერიკამ ყველა საერთაშორისო და უმაღლეს ტრიბუნის ფარგლებში საქართველოს საკითხი უნდა დააყენოს“, - გვითხრა ექსპერტმა, რომელიც თვლის, რომ გარკვეულწილად, ქართული დიპლომატია საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მოიკოჭლებს.

„დიპლომატიურ საკითხს რაც შეეხება, ნაწილობრივ ამის პრობლემა არსებობს. თუმცა, ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. ქართულმა დიპლომატიურმა მხარემ ამერიკა უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან. რა თქმა უნდა, ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა არ გვაკლია და ეს აისახა თუნდაც იმაში, რომ საქართველომ 4 მილიარდზე მეტი დახმარება მიიღო, მაგრამ უფრო მეტია საჭირო საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე. მეორე მხრივ, თავად ამერიკის შეერთებული შტატებში უნდა გაათვიცნობიერონ, რომ რუსეთის გარშემო ამერიკის გეოპოლიტიკური გავლენა უნდა გაძლიერდეს. ამ მხრივ, საქართველომ უკრაინასთან ერთად ერთ-ერთი წამყვანი როლი უნდა შეასრულოს“, - განუცხადა for.ge-ს ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ბაიდენმა და პუტინმა საქართველოზე არ ისაუბრეს.

„უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ამიტომ უკრაინის საკითხი აქტუალურია. საქართველო რომ ეხსენებინათ, რა მოხდებოდა, ამით ჩვენთვის სასიკეთოდ რამე შეიცვლებოდა? შეიძლება ახსენეს კიდეც, მაგრამ არ ვიცით. ამერიკას საქართველო რომც არ ეხსენებინა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ინტერესებში არ შედის. ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკების დროს სხვა საკითხები იყო განსახილველი და აქტუალური. ესენია: ჩინეთის საკითხი, ირანი, ბირთვული შეიარაღება, კიბერუსაფრთხოება და ა.შ. როდესაც ასეთ საკითხებს განიხილავ, საქართველოთი კი არის დაინტერესებული, მაგრამ იმ მომენტში საქართველო მნიშვნელოვანი არ იყო“, - გვითხრა თორნიკე შარაშენიძემ.

 

 

Katana . კარგია, რომ პუტინს ხვდები, მაგრამ მთავარია, არ ჩამოგეძინოს შეხვედრაზეო... - ასე "გააფრთხილა" ტრამპმა ჟენევაში მიმავალი ასაკოვანი პრეზიდენტი და არა მგონია, რომელიმე სერიოზულ ანალიტიკოსს ჰქონოდა ილუზია, თითქოს ბაიდენ-პუტინის ამ შეხვედრას (ან, მათ რომელიმე შეხვედრას მომავალში!) რაიმე ცვლილების შეტანა შეეძლო არსებულ მსოფლიო ვითარებაში.

აქედან გამომდინარე, იმას, თუ რამდენჯერ ახსენა საქართველო აშშ-ს პრეზიდენტმა, მხოლოდ მიშასა და ნაცსექტისთვისა აქვს მნიშვნელობა. (მიშას დროს თუ სულ პირზე ეკერათ საქართველო, იმიტომ ვერ დავრჩით დაწიაწებული!).

უკრაინა ვახსენეთო, - პუტინმა თქვა. - გაკვრითო, - დააზუსტა.
მის ნატოში გაწევრიანებაზე არაფერია სალაპარაკოო!
საქართველო არ უხსენებიათ.
არ არის ტრაგედია. (მაგრამ ვერც რაიმე გასახარელს ვხედავ ამაში, ზოგიერთი ჩვენი ანალიტიკოსისაგან განსხვავებით, - კიდევ კარგი, არ ახსენესო!).
არ ახსენეს, იმიტომ, რომ არ იყო მნიშვნელოვანი.
ბაიდენმა ისაუბრა იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელი მსოფლიოსათვის - ნ ა ვ ა ლ ნ ი ზ ე ! (ეგ სულ მთავარია!.. ერთი დასავლელი პოლიტოლოგი წერდა ახლახან: სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს მთელი დასავლეთი ნავალნის ჯანმრთელობით იყო დაკავებული. ამასობაში კი რუსეთმა კონფლიქტი სათავისოდ დაარეგულირა და საკუთარი სამხედრო ბაზაც ჩასვა აზერბაიჯანშიო).
ჰოდა, ბაიდენმა უკანასკნელი გაფრთხილება მისცა პუტინს: - ნავალნის თუ რამე მოუვიდა, რუსეთი გამანადგურებელ შედეგებს მიიღებსო!..
სამწუხაროდ, არავინ იყო ამბის გამომტანი, რა უპასუხა პუტინმა. თუმცა, თავის პრესკონფერენციაზე განმარტა:
- 2017 წელს ამერიკის კონგრესმა რუსეთი გამოაცხადა თავის მტრად!.. პარალელურად, ამერიკა უამრავ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს რუსეთში... როგორ გგონიათ, რა საქმიანობას შეიძლება ეწეოდნენ ეს ადამიანები ქვეყანაში, რომელიც მათ დამფინანსებლებს მტრად ჰყავთ გამოცხადებული?..

დედაჩემზეც ველაპარაკეო, ბაიდენმა. კი, მელაპარაკა დედამისზეო, - პუტინმაც დაადასტურა პრესკონფერენციაზე. თუმცა, ეტყობოდა, რომ მთლად კარგად ვერ გაიგო, რა შუაში იყო ბაიდენის დედა.
შეიძლება მოენატრა, რა ვიცი...
ცუდია, რომ ჩვენ არა გვყავს დედა.
2 წლის უკან