„გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით მივიღებთ იგივე ეფექტს, როდესაც სინდისის პატიმრებად მოგვევლინენ რურუა, ოქრუაშვილი, უგულავა, მელია“

„გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით მივიღებთ იგივე ეფექტს, როდესაც სინდისის პატიმრებად მოგვევლინენ რურუა, ოქრუაშვილი, უგულავა, მელია“

სოსო მანჯავიძის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებში იმდენი შავი ლაქაა, რომ ამაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი. თუმცა, პოლიტოლოგის შეფასებით, ახლა, ამ საქმეზე გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრა, ნიშნავს, რომ მივიღებთ იგივე ეფექტს, როგორიც მივიღეთ იმ ცნობილი პროცესების შედეგად, როდესაც სინდისის პატიმრებად მოგვევლინენ გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, ნიკა მელია.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით გაჩნდა, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს დაგროვდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო „რბილად“, მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება. თავად გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე თავად იღებს მთლიანად პასუხისმგებლობას. გაქვთ მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეიძლება აღიძრება სისხლის სამართლის საქმე 20 ივნისის მოვლენებზე?

სოსო მანჯავიძე: ჩვენ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს საქართველოში. დღეს არის 2021 წლის 17 ივნისი და ერთი წლის შემდეგ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად ანგაჟირებული იქნება, ეს ხომ ცხადია. სად იყო ერთი წელი საქართველოს ხელისუფლება, პროკურატურა, ახლა გაახსენდათ, როდესაც გიორგი გახარია პოლიტიკური ოპონენტია? მიუხედვად იმისა, რომ არ ვეხები 2020 წლის 20 ივნისს, იქ იმდენი შავი ლაქაა, რომ ამაზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი, ახლა გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ნიშნავს, რომ მივიღებთ იგივე ეფექტს, როგორიც მივიღეთ იმ ცნობილი პროცესების შედეგად, როდესაც სინდისის პატიმრებად მოგვევლინენ გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, ნიკა მელია. თუ ახლაც, ანალოგიური სისულელის გაკეთება უნდათ, მაშინ საკითხი უნდა დადგეს ამ საკითხის ინსპირატორების ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ეს არ არის უკვე პოლიტიკური საკითხი, ეს არის წმინდა წყლის სიგიჟე.

არა მარტო 20 ივნისი, არამედ გახარიას მიერ არასწორად დაგეგმილი ოპერაციების ჩამონათვალშია: პანკისი, სვანეთი, კლუბი „ბასიანი“. თუკი იყო ასეთი მძიმე შეცდომები, პოლიტიკურად გამართლებულია ასეთი შეცდომებით დახუნძლული შს მინისტრის პრემიერ–მინისტრად დანიშვნა?

– აბსურდის თეატრია. ასეთი შეფასება მეც მქონდა, იმიტომ, რომ რამდენი საქმეც იყო, იმდენი ფიასკო იყო, მაგრამ იმის გამო, რომ „ოცნების“ პიარმანქანა პირველი პირის დადებითად წარმოსაჩენად მუშაობდა, ამ შეცდომების გასაღება ხდებოდა დიდ გამარჯვებად. გახარია ამ შეცდომების მერე იერარქიულად მაღლა იწევდა და ბოლოს ქვეყნის პირველი პირი გახდა. შესაბამისად, ასეთი საუაბრი და მით უმეტეს ასეთ ტონალობაში, მიუღებელია. კი, ბატონო, თქვან, რომ ჩვენც ვუშვებდით შეცდომებს, არასწორად ვაფასებდით და ა.შ. არა, ამას არ ამბობენ. ამის მაგივრად მხოლობით პირში საუბრობენ, არადა კოლექტიურად ხდებოდა ეს ყველაფერი.

ჩნდება კითხვა – თუ ხედავდი, რომ გახარია უშვებდა შეცდომებს, თუ მისი საქმიანობა იყო მავნებლური ქვეყნისათვის, რის გამოც, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას, შენ სად იყავი ამ დროს? მაშინ, შენ თვითონ ხომ აქებდი მას, ხომ იყო „ოცნების“ პირველი პირი? გიორგი გახარია აშავებდა და შენ ამ დროს, გამოდიოდი და აქებდი, მერე როცა წავიდა პრემიერობიდან, ბრალდებებს უყებენ? ხომ გვესმის ეს რითიც დამთავრდება? ხელახლა დაიწყება ფასილიტატორების ჩართვები, ხელახალი კრიზისი და შოუები ტელევიზიებში. როდემდე შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს!

შეცდომების პარალელურად გახარიას გაპრემიერებას რაც შეეხება, კობახიძეს ამაზეც აქვს საკმაოდ უცნაური პასუხი, ამბობს, რომ ეს ვიღაცამ გადაწყვიტა. როგორ ფიქრობთ, აქცენტი რუსულ ხაზზე გააკეთა და ეს ნიშნავს, რომ მმართველობა არის მოშლილი?

– კიდევ ერთხელ ვამბობ, „ვიღაცამ“, „რაღაცამ“, „ეჭვი გამიჩნდა, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი“ და ა.შ. ასეთი მსჯელობა მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, გაუგებარია. სრულიად გაუგებარ მდომარეობაში ვართ, რაც დიდი ხანია გასცდა პოლიტიკურ სფეროს. გასაგებია, რომ 43%–მა გამოიწვია ეს დაპირისპირება, მაგრამ ამ დაპირისპირებას ხომ აქვს თავისი ფორმა, ზომა, ეთიკა, როგორ შეიძლება ასეთი ფორმებით ბრძოლა! ჯერ ერთი, გახარია გამოდის და საერთოდ გაუგებარ რაღაცებს ამბობს, რა უნდა, რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელია და რას აპირებს როცა მოვა, ეს საერთოდ გაუგებარია. ასევე გაუგებარია ის მეთოდები, რომლითაც გახარიას ებრძვის ხელისუფლება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მივარდა გაბუნიასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორიდან ლანძღავს თავისი გუნდის პირემიერ–მინისტრს, სიის პირველ ნომერს. ასევე დაანონსდა, რომ აპირებს ინგა გრიგოლიას გადაცემიდანაც ლანძღოს გახარია და თან სრულიად გაუგონარ ბრალდებებს უყენებს. სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი და უფრო მძიმე საყურებელია ის, რომ ბოლომდე არავინ არაფერს ამბობს, თქვან მაშინ ბოლომდე სათქმელი! ყველანი დავიღალეთ ამ სიგიჟით. იმიტომაც შევქმენით ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთობა–რაობა–იმედი“, რომ ამ ქვეყანაში ეს სიგიჟე დამთავრდეს.

საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პოლიტიკური პარტიად ჩამოყალიბდება?

– როცა საჭირო იქნება, გახდება და საპარლამენტო არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას.

ფაქტია, რომ დაპირისპირება საკმაოდ მწვავეა, ის, რაც ხდება „ქართულ ოცნებასა“ და უშუალოდ გიორგი გახარიას შორის, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების ნიშანი? იმიტომ, რომ კლანურ დაპირისპირებას გამორიცხავენ თქვენი კოლეგები და ამბობენ, რომ კობახიძემ „მთავარის“ ეთერში აჩვენა მასტერ კლასი...

– რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ არის შიდა კლანური დაპირისპირება. მე, ექსპერტებს მოვუწოდები, რომ თავი შეიკავონ ასეთი ხმაურიანი შეფასებებისგან, ვინაიდან ზუსტად ასეთი შეფასებები გვახსოვდა გახარიას მისამართით, მანამდე ბახტაძის და კვირიკაშვილის მისამართით. ამიტომ, ხოტბებისგან თავი შეიკავონ, დადებითი აზრი თუ აქვთ, გამოხატონ ცივილიზებული ფორმით.