ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, მულტიმილიონერი კობა ნაყოფია საქართველოში 2005 წელს გამოჩნდა. ის რუსეთში კახა ბენდუქიძის მეგობრად და ბიზნეს-პარტნიორად ითვლებოდა. ბენდუქიძემ მოიყოლა ნაყოფია, როცა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.
მათმა წყვილმა დიდი მარიფათი გამოიჩინა - ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ნაწილი ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელთ. ნაყოფია სახელმწიფო აუქციონებსა და ტენდერებში მონაწილეობდა, კახა ბენდუქიძე და რუსი ბიზნესმენი გენერალოვი კი ჩრდილში რჩებოდნენ, თუმცა შეძენილ ქონებასაც და მოგებასაც იყოფდნენ. ერთ დროს ხელისუფლების ფავორიტმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ (იგივე - ბენდუქიძე და გენერალოვი), სს „მადნეულის“ 97 პროცენტი 40 მილიონად იყიდა. ამ კომპანიის ყიდვა ბადრი პატარკაციშვილსაც ჰქონდა განზრახული და ეკონომიკის სამინისტროში მისმა კომპანიამ „ენერგოინდუსტრია-კომპლექტმაც“ შეიტანა ტენდერში მონაწილეობის განაცხადი. ამ დროს ბენდუქიძე სახელმწიფო მინისტრია, ეკონომიკის მინისტრი კი ნაყოფიას კლასელი ირაკლი ჩოგოვაძეა. ბადრი პატარკაციშვილი 36 მილიონ დოლარს იხდიდა „მადნეულში“, ხოლო ნაყოფიას კომპანია „პრომინვესტორი“ - 35 მილიონს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩოგოვაძემ ფარულად გახსნა „ინდუსტრია-კომპლექტის“ პაკეტი, ნახა პატარკაციშვილის სატენდერო პირობები და ბენდუქიძე-ნაყოფიას აცნობა. იმავე დღეს „პრომინვესტორმა“ ახალი პაკეტი შეიტანა სამინისტროში. როცა ტენდერი ჩატარდა, „პრომინვესტორმა“ გაიმარჯვა - ის 4 მილიონით მეტს იხდიდა „მადნეულის“ 97 პროცენტში. აი, ასე გააცურეს პატარკაციშვილი.
საინტერესოა, რომ ნაყოფიას ამ 40 მილიონში „კვარციტის“ აქციათა 50 პროცენტიც ერგო - „მადნეული“ სწორედ „კვარციტის“ წილის ნახევარს ფლობდა. არადა, „მადნეულის“ შეძენა, თანაც გაცილებით უკეთესი პირობებით, სურდათ უკრაინულ, ამერიკულ, გერმანულ, იტალიურ და სამ ბრიტანულ კომპანიას. თუმცა „ბენდუქიძემ და კომპანიამ“ რეალურ ინვესტორებსა და იმჟამად ხელისუფლების არცთუ მორჩილ პატარკაციშვილს უსიტყვოდ მორჩილი ნაყოფია აირჩიეს.
ამის შემდეგ კობა ნაყოფიამ უკვე „ეროვნული ზარაფხანა“ იგდო ხელთ. ესეც ჩოგოვაძისა და ბენდუქიძის მინისტრობისას მოხდა. რადგან „ეროვნული ზარაფხანა“ სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტი იყო, მისი გაყიდვა ბენდუქიძეს არ შეეძლო, ამიტომ კომუნისტებისგან ისესხა ძველი სახელი და „საიუველირო ნაწარმის ქარხანა“ დაარქვა - „ეროვნული ზარაფხანა“ ამოვარდა სახელწოდებიდან და ობიექტს სტატუსიც მოეხსნა.
ამის მერე, 2006 წლის მაისში, გაიმართა „ზარაფხანის“ აუქციონი, რომელშიც ისევ ნაყოფია-პატარკაციშვილი დაეჯახნენ ერთმანეთს. ნაყოფიამ ტენდერამდე 1 კვირით ადრე დააფუძნა კომპანია „გოლდ ინვესტი“, სასწრაფოდ 2 მილიონი დოლარი აიღო სესხად „საქართველოს ბანკიდან“ და ასე მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ცხადია, „გაიმარჯვა“ და 2 მილიონ 40 ათას დოლარად ჩაიგდო „ზარაფხანა“ ხელში. არადა, ეკონომიკის სამინისტრომ წინა წელს „ეროვნულ ზარაფხანაში“ ჩაატარა აუდიტი და მისი ქონება 40 მილიონ დოლარად შეფასდა. ტენდერის მერე აუდიტის დასკვნა გაქრა ეკონომიკის სამინისტროდანაც, იმჟამინდელი პრემიერის - ზურაბ ნოღაიდელის ოფისიდანაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური სამსახურიდანაც. ამბობენ, ეს ყველაფერი ბენდუქიძის ნამოქმედარიაო.
ორიოდე სიტყვით იმ ქონებაზეც მოგახსენებთ, 2 მილიონ 40 ათას დოლარად რომ მოიხელთეს ნაყოფიამ და მისმა მაფიოზმა ოლიგარქებმა. „ზარაფხანა“ დიღომში, ლუბლიანის ქუჩაზე მდებარეობს: 4-სართულიანი შენობა, დამხმარე სათავსო-ნაგებობები, ასამდე უნიკალური, ძვირადღირებული დაზგა-მაგიდა, 8 მილიონი დოლარის ოქროსა და ძვირფასი თვლების მარაგი, რომელიც „მხედრიონის“ პირობებშიც კი ხელუხლებლად დარჩა „ზარაფხანაში“, და კიდევ „ზარაფხანის“ კუთვნილი 30 ათასი კვ.მ მიწა დიღომში, ლუბლიანის ქუჩაზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წელს 1 კვ.მ მიწის მინიმალური ფასი 230 ათასი დოლარი იყო. თუ 30 ათას კვ.მ-ს 230 დოლარზე გავამრავლებთ, აღმოჩნდება, რომ მარტო მიწა 6 მილიონ 900 ათასი დოლარი ღირდა. აი, ამხელა ქონება ჩაიგდო ხელში მართლაც და ჩალის ფასად კობა ნაყოფიამ. თუმცა ეს არ არის ყველაფერი.
ტენდერის პირობების თანახმად, „გოლდ-ინვესტს“ უნდა დაეფარა „ზარაფხანის“ 6 მილიონი ვალი, რომელიც სახელმწიფოს მიმართ დაუგროვდა საწარმოს. თქვენც არ მომიკვდეთ, კაპიკი არ გადაუხდია ნაყოფიას. არადა, ვალის გადახდის გრაფიკიც გაწერილი იყო. ნაყოფიამ თანაკლასელ ირაკლი ჩოგოვაძეს ცალკე მისწერა, ცალკე - ზურაბ ნოღაიდელს, - ქართული ოქროს წარმოება უნდა ავაღორძინოთო. მათაც ერთობლივად გადაწყვიტეს - ოღონდ ეგ საშვილიშვილო საქმე გააკეთე, 6 მილიონი რა სალაპარაკოაო, და ჩამოაწერეს სახელმწიფო ვალი. რა ბექა ოპიზარი კობა ნაყოფია გამოდგა, ყველას კარგად მოგვეხსენება - ქართულ მედიაში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, რითაც, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ ნაყოფია და მისი ჯგუფი ინდოეთიდან და არაბეთიდან ეზიდებიან იაფფასიანი ოქროს ნაკეთობებს და მერე „ზარაფხანის“ დამღით ჰყიდიან ვითომ ქართულ ნაწარმს. წალეკა ქართული ოქროს ბაზარი უხარისხო ოქრომ. „მადნეულში“ მოპოვებულ, „კვარციტში“ გადამუშავებულ ოქროს კი ნაყოფია უცხოეთში ეზიდება, რადგან მაღალი ხარისხისაა და ევროპაში კარგად იყიდება.
კობა ნაყოფიას არაოფიციალურ მილიარდერად მოიხსენიებენ და ეს არ არის გადაჭარბებული. ეს კაცი სოლიდურ წილებს ფლობს იმ კომპანიებში, რომელთაც ქართული ოქროს მოპოვება-გადამუშავება-დამზადება, ანუ სრული ციკლი („მადნეული“-„კვარციტი“- „ზარაფხანა“) ჩაიგდეს ხელთ. უცნობია, ამ სამ კომპანიაში ვის რამდენი წილი აქვს, არც ერთი არ აქვეყნებს დამფუძნებელთა თუ აქციონერთა სიას. „გოლდ ინვესტი“ კი, რომელსაც „ზარაფხანა“ აჩუქეს, 2007 წელს ოფშორულ ზონაში გადარეგისტრირდა და სახელიც შეიცვალა, ახლა „კუენტრო პორტფელიო“ ჰქვია. დიახ, როცა ოქროს მომპოვებელ ქვეყანაში ერთადერთი მონოპოლისტი ხარ, 50 პროცენტს ფლობ ოქროს გადამუშავების კომპანიაში და ოქროს ნაკეთობათა ბაზარზეც „ზარაფხანის“ სახით, სრული მონოპოლისტი ხარ, მაშინ ძალიან რეალურია ასეთი კაცის მილიარდებზე ლაპარაკი. დიახ, ოქროზეა ლაპარაკი და არა - ბადრიჯანზე!
ეს არის მცირე ბექგრაუნდი ნაყოფიას ბიზნეს-საქმიანობისა საქართველოში, მაგრამ მას სხვა უამრავი ბიზნესი და კერძო ქონებაც აქვს და ამაზე სხვა დროს მოგითხრობთ. მოდით, ბიზნესმენ ნაყოფიაზე ლაპარაკი აქ დავასრულოთ და უკვე გაპოლიტიკოსებულ - წმინდა წყლის ოლიგარქ კობა ნაყოფიაზე გადავიდეთ.
ნაყოფია სისტემატურად, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, აფინანსებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დონის არჩევნებს. ამბობენ, რომ მან, კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშის მეშვეობით, რუსეთში ცხოვრებისას 1 მილიონი დოლარი ჯერ კიდევ 2003 წელს „ვარდების რევოლუციას“ შესწირა.
თავიდან ის ჟვანია-ბენდუქიძის ფავორიტი იყო, მაგრამ ჟვანიას სიკვდილის მერე, უკვე უშუალოდ სააკაშვილის თოჯინად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კობა ნაყოფიას უკავშირდება 2007 წლის 30 ოქტომბერს სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტი.
გეხსომებათ, აფხაზეთში განლაგებული დსთ-ს მანდატის მქონე რუსეთის სამშვიდობო ძალების რამდენიმე მებრძოლმა სამი ჯავშანტრანსპორტიორით განმუხურის პატრიოტთა ბანაკს ალყა შემოარტყა, როცა იქ ახალგაზრდები ისვენებდნენ. მათ აფხაზეთში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი ჩაბანი მეთაურობდა. რუსმა ჯარისკაცებმა სასტიკად სცემეს ზუგდიდის პოლიციის ხუთი თანამშრომელი, რომლებიც ბანაკის დაცვაში მსახურობდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ეს რომ გაიგო, სასწრაფოდ ჩაფრინდა განმუხურში, ლამის შეტაკება მოხდა სააკაშვილის დაცვას, ადგილობრივ მოსახლეობასა და რუს ჯარისკაცებს შორის. სააკაშვილმა ჩაბანი გამოლანძღა და პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა: ხვალვე წაეთრიე აფხაზეთიდან - საქართველოს ტერიტორიიდანო. რუსი სამხედროები ნაცემი ძაღლებივით იდგნენ „საქართველოს მთავარსარდლის“ წინაშე.
რუსი სამხედროები ქართველმა პოლიციელებმა რომ განაიარაღეს, ამას მიშა უშიშრად უყურებდა. ჰოდა, მაშინ სააკაშვილის რეიტინგი, რომელიც კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ იყო, უცებ ავარდა.
ეს ამბავი ხდება 2007 წლის 27 ოქტომბერს, ზუსტად 6 დღის შემდეგ გაოპოზიციონერებული ირაკლი ოქრუაშვილი გამოვა „იმედით“ ინგა გრიგოლიას გადაცემაში და სააკაშვილს პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთასა და სხვა დანაშაულში ამხელს. აი, რატომ სჭირდებოდა მიშას სასწრაფოდ რეიტინგის აწევა და თან იმგვარად, რომ გმირად გამოჩენილიყო. მან უკვე იცოდა, რომ მალე ლამის ჰეროიკულ გმირებს გატოლებულ, რეიტინგულ ოქრუაშვილს უნდა შეტოქებოდა და არა სოზარ სუბარის ან დავით უსუფაშვილის დარ „თეთრხელთათმანიან“ პოლიტიკოსებს.
მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ განმუხურის ინციდენტი დადგმული სპექტაკლი იყო. „საქართველოს და მსოფლიოს“ ეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა წყარომ, რომელიც ადრე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მსახურობდა. მისი თქმით, გენერალ სერგეი ჩაბანს სააკაშვილის გარემოცვიდან 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს, განმუხურში ეს სპექტაკლი რომ გაეთამაშებინა. ეს თანხა კი კობა ნაყოფიამ გაიღო. მან ნაღდი ფული შავნაბადას რეზიდენციაში მიუტანა სააკაშვილს, რომელმაც თანხა გივი თარგამაძეს გადასცა. სცენარის ავტორიც და თანხის გადამცემიც თარგამაძე ყოფილა, ოღონდ მან გალელი ქართველი შუამავლის ხელით გაუგზავნა ფული ჩაბანს ორ ნაწილად: 200 ათასი - წინასწარ და 800 ათასი - ოპერაციის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, 29 ოქტომბერს.
ამის მერე სააკაშვილმა ნაყოფია პოლიტიკაში მოიყვანა. ბოლნისის მაჟორიტარობა 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა კობას. 1 მილიონი „ნაციონალებს“ მისცა, ნახევარი - საარჩევნო კამპანიას დაახარჯა.
ნაყოფიას დიდი ფული აშოვნინა ხელისუფლებამ და მეწველ ფურადაც აქცია. ამბობენ, ბოლო სახელისუფლო პროექტი, ჰოლივუდური ბლოგბასტერი 2008 წლის ომის შესახებ - „აგვისტოს 5 დღე“ - 20 მილიონი დაუჯდა ნაყოფიას შერონ სტოუნის ვიზიტიანადო. ნაყოფია აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილის უამრავ ახირებასა და ხუშტურს. ნაყოფია, პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის „საკრედიტო ბარათი“ იყო, ბანკომატი - ნაყოფიას საბანკო ანგარიშები, თანაც როგორი ბარათი - „გოლდენ ქარდი“! ნაყოფია ყველა სურვილს უსრულებდა სააკაშვილს, თავისი ფულით დამატებითი კომფორტით უზრუნველყო პრეზიდენტის ისედაც სუპერკომფორტული „ბოინგი“, რომლის ინტერიერის შეცვლა არც ერთ სხვა პრეზიდენტს აზრად არ მოსვლია. ნაყოფიამ გადაუხადა ქორწილი სააკაშვილის ბიძაშვილს - ნიკა ალასანიას.
შორს წაგვიყვანს იმ ოქროს და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ნივთების ჩამოთვლა, რომელთაც სააკაშვილი სხვადასხვა სტუმრებს თუ, უბრალოდ, ფავორიტ ქალბატონებს უძღვნის. ყველაფერ ამას ნაყოფია კისრულობს. წყარო ამტკიცებს, რომ ყველა იმ ქართველ თუ უცხოელ ქალბატონს, რომელთაც მიშასთან ერთი ღამე მაინც გაუტარებია, შინ „ზარაფხანის“ დამღიანი ერთი ძვირფასი ნივთი ან სამკაული მაინც აქვს. მოკლედ, მიშა გრიალებს, ნაყოფია - იხდის.
თუმცა, დიდი ხანი არ არის, რაც კობა ნაყოფია ამ ხელისუფლებამ მოიძულა. პირველი ამ ბოლო ხანს არჩილ გეგენავა იყო, შემდეგ - კობა ნაყოფია. მას ჩამოართვეს „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ლიცენზიები, რომლებიც თავის დროზე უვადოდ გადასცეს. ამბობენ, რომ მალე ხელისუფლება მთელ სახელისუფლო ბერკეტს აამუშავებს, რათა ნაყოფიას ფინანსური დარღვევები უპოვონ, სისხლის სამართლის საქმე აღძრან, მერე კი, თავისუფლების საფასურად, რაც აჩუქეს და უშოვია, საპროცესო გარიგებით ყველაფერს წაართმევენო.
ამის მიზეზი კი ფინანსურ-პოლიტიკურია. კობა ნაყოფია ცალსახად ითვლებოდა სააკაშვილის მხარდამჭერად. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდეც „ნაციონალები“ ღიად აფიქსირებდნენ, რომ 2013 წლის არჩევნების მერე, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო გიგი უგულავა - პრეზიდენტი. მაგრამ სააკაშვილს მართლა დიდი დრო რომ არ უწერია ხელისუფლებაში, „საკრედიტო ბარათიც“ მიხვდა და მან სხვაზე ადრე საკუთარი ბიზნესის უცხოეთში ფორსირებულად გატანა დაიწყო. ცხადია, ამას ბენდუქიძესთან შეთანხმების გარეშე ვერ იზამდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ბოლო თვეებში განსაკუთრებულად იკლო „მადნეულში“ ოქროს მოპოვებამ, რეალურად კი ნაყოფია ცალკე მიშას უტეხავდა ფულს, ცალკე - ბიუჯეტს და ლონდონის ბირჟაზე, იქაურ ტრეიდერთა დახმარებით, სულ სხვა, ოშფორში დარეგისტრირებული კომპანიის სახელით ჰყიდდა, თანხას კი მარშალის კუნძულზე დარეგისტრირებულ სხვა კომპანიაში რიცხავდა.
ეს სქემა ვანო მერაბიშვილმა გაშიფრა და სააკაშვილს მოახსენა - სააკაშვილმა ნაყოფიას ღალატში დასდო ბრალი და განადგურებით დაემუქრა. მიშას ისიც გაახსენდა, რომ 2 თვის წინ ნაყოფიამ ზრდილობიანი უარი უთხრა სააკაშვილს ერთ-ერთი ფსევდოოპოზიციური პარტიის მოსაქრთამი ფულის - 2 მილიონი დოლარის მიცემაზე, იმ მიზეზით, რომ ფული არ ჰქონდა იმ მომენტისთვის და მერე მეტს გადაიხდიდა. ამბობენ, რომ ეს ფული იმ ოპოზიციონერ ლიდერს დავით კეზერაშვილმა გადაუხადა. ასევე, ნაყოფიამ ჩაშალა ანაკლიაში ერთი სასტუმროს აშენების პროექტი, რომელიც 7 მილიონი დოლარი ჯდებოდა და აქაც იგივე მოიმიზეზა - გაისად ავაშენებ, ახლა მიჭირსო.
მოკლედ, კობა ნაყოფია მოტეხვას აპირებდა. სააკაშვილი მას მაფიოზური კანონებით უსწორდება და არა - სამართლებრივად. მართალია, ამ ანგარიშსწორებისთვის სააკაშვილი სახელმწიფო ბერკეტებსაც გამოიყენებს, მაგრამ ნაყოფიას ცივილიზებული სასამართლო წესით არ დასჯიან. ისე მოექცევიან, როგორც ფული აშოვნინეს - მაფიოზური კანონებით. ასეთია ქართული „კოზა ნოსტრას“ თამაშის წესები.
ოშფორული ზონების ბანკებიდან ნაყოფიას საბანკო ანგარიშებიდან რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი უკვე გადმორიცხულია ქართულ ბანკებში და მათ სააკაშვილი და მერაბიშვილი აკონტროლებენ. ნაყოფიას გამო სააკაშვილს ურთიერთობა კახა ბენდუქიძესთანაც გაფუჭებია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, შერიგდნენ, რადგან ახლა საერთო ინტერესი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე „ნაყოფიას პრობლემაა“ - მათ საერთო მტერი გამოუჩნდათ.