პოგბა:

პოგბა: "რიუდიგერმა მიკბინა, მაგრამ არ მინდა, რომ ამის გამო დაისაჯოს"

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ანტონიო რიუდიგერმა მას თამაშის დროს უკბინა. თუმცა, ფრანგი მოთამაშე რიუდიგერის დასჯის წინააღმდეგია.

„მე და ტონი მეგობრები ვართ, სერიოზული არაფერი იყო. ვფიქრობ, ყველამ ნახა კადრები, რომელიც იქვე დასრულდა და რაც უკვე წარსულს ეკუთვნის. მე არ ვწუხვარ იმის გამო, რომ მას არც ყვითელი და არც წითელი ბარათი არ მიუღია. მან მიკბინა, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემთვის ყველაფერი იქ დასრულდა. მინდა, უბრალოდ ფეხბურთზე ვიფიქრო და კარგია, რომ მას წითელი ბარათი არ უჩვენეს. არ მსურს რიუდიგერს ამის გამო დისკვალიფიკაცია მისცენ. თამაშის ბოლოს ერთმანეთს ჩავეხუტეთ. კარგი მატჩი იყო და ბედნიერი ვარ ჩვენი ფანების გამო“, - თქვა პოგბამ.

პოგბასა და რიუდიგერს შორის მცირე ინციდენტი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, მაგრამ მალევე ყველაფერი დამშვიდდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა გერმანია 1:0 დაამარცხა.