„ჩემი სურვილია, ეს დაპირისპირება არ გასცდეს საქართველოს და მტრული ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ არ იყოს გამოყენებული“

„ჩემი სურვილია, ეს დაპირისპირება არ გასცდეს საქართველოს და მტრული ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ არ იყოს გამოყენებული“

ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერს ბრალდებას უყენებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ „ბასიანში“ და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა.

ირაკლი კობახიძე თვლის, რომ შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო „რბილად“, მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე „ტყვიებამდე არ მისულიყო“. კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ ახსენა – გუნდის ღალატი და თვლის, რომ გახარია გავლენის ქვეშ მოქმედებდა. სკანდალური ბრალდების მიუხედავად, კობახიძე ამბობს, რომ არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი.

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად. როდესაც ბაქოდან პრემიერს დავურეკე და დავინტერესდი თუ რა ხდებოდა, პასუხად მივიღე, რომ შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. ეს იყო მისი პოზიცია, რაც მე გამიკვირდა, საერთოდ გაუგებარი იყო მისი ეს პოზიცია, კიდევ ერთელ გავიმეორებ - ეს იყო შეცდომა თუ შეცდომები, მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ, რადგან ახალ შეთქმულებაში უნდა გადავიდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბრალდებები, რომელსაც კობახიძე ახმოვანებს, თავისი არსით სკანდალურია. თუმცა, ბრალდებებს მტკიცებულებებით ვერ ამყარებს და ამბობს, რომ ეს არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვის საფუძველზე აღიძრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ნიკოლოზ სამხარაძეს არ ჰგონია, რომ გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. როგორც უმრავლესობის წევრი განმარტავს, ყველაფერი, რაც შეეხებოდა იმ ღამეს, არის ნათელი და პასუხგაცემული. მისი შეფასებით, მოტივების გამო სისხლის სამართლებრივი საქმეების აღძვრა არ ხდება.

„მოტივებზე თუ არის საუბარი, მოტივების გამო სისხლის სამართლებრივი საქმეები არ აღიძრება ნამდვილად. იმ პერიოდში გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, შიგნით რა ხდებოდა, მაშინ გუნდის წევრი არ ვიყავი. თავისთავად ის ფაქტი, რომ გიორგი გახარია იყო პრემიერი და ძალიან კარგად უმკლავდებოდა მათ შორის პანდემიის ნაწილს, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არის რიგი კითხვები იმ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო განხორციელებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია მის მიმართ არსებულ მთავარ კითხვებს თუ არ უპასუხებს, უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგს ნულამდე დაიყვანს. თუმცა, რატომ დაწინაურდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გიორგი გახარია, სერგეენკოს თქმით, ამ კითხვაში არის ლოგიკა და მას პასუხი არ აქვს.

„ამ კითხვას ჩვენ ვერ გავექცევით, ამაში არის ლოგიკა, თუ მაშინვე თვლიდნენ, რომ 20 ივნისს მან ცუდად გააკეთა თავისი საქმე, რატომ მიიღო დაწინაურება? არის ამაში ლოგიკა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც პასუხი არ მაქვს გახარიასთან მიმართებაში უამრავ კითხვაზე. გახარიას შემთხვევაში კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები. მას აქვს საშუალება და მჯერა, გამოიყენებს და გააკეთებს განმარტებას სულ მცირე ორ თემასთან დაკავშირებით: პირველი – რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რამდენად შეიძლება, გაჩნდეს კითხვის ნიშნები მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე. მეორე – ჩამოაყალიბოს მისი ხედვა, იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს ამომრჩევლის მხადაჭერას, რას აპირებს? რა გეგმებით აპირებს სიარულს? ამ ორი რაღაცის გარეშე, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა, დარჩება უფრო მეტი კითხვა, ვიდრე პასუხები და ეს მის პოლიტიკურ რეიტინგს საერთოდ ნულამდე დაიყვანს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არ პასუხობს გიორგი გახარია, რომელიც ბრუსელში იმყოფება. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნების“ მენეჯმენტს აქვს, აბსოლუტურად ემსგავსება „ნაცმოძრაობის“ რიტორიკას, რასაც მისი თქმით, საზოგადოება აფასებს.

ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. მისივე თქმით, 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის მიტანას ჰქონდა ადგილი, რომელიც სახელმწიფომ აღკვეთა და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, ყოველ დღე უამრავი ადამიანი გვიერთდება, დავიწყეთ რეგიონული ოფისების გახსნა. საზოგადოებას ვესაუბრებით ჩვენს პროგრამაზე. გვესმის, რომ ამ ფონზე მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, როგორმე ზიანი მოგვაყენოს. საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამ საკითხებზე შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე, შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. „ქართულ ოცნებაში“ იმ ადამიანებს ვუთანაგრძნობ, ვინც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ ამ ყველაფრის მოთმენა და გაგებით მოკიდება უწევთ.

პირველივე დღეს ვთქვით, რომ ჩვენს მიმართ მსგავსი არაჯანსაღი დამოკიდებულება და შეთქმულების თეორიების გახმოვანება გაგრძელდებოდა, დაიწყებოდა კიდევ ახალი თეორიების მოგონება. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა კიდეც, რომ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიებია. შესაბამისად, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს მომავალშიც ველოდებით, მაგრამ ამ ყველაფერს საქმით ვუპასუხებთ. ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მომავალში მოიმატებს და ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების მომსწრე გავხდებით“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ იშლება და ეს არის შიდა ბრძოლის შედეგი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, როცა საკუთარ პრემიერზე და სიის პირველ ნომერზე თავდასხმა და მხილება ხდება, ეს თვითლუსტრაციაა.

„აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა არის უსუსური, რომელსაც არ შეუძლია არაფრის დაგეგმვა, არც სპეცოპერაციის და არც ეკონომიკის განვითარება. თურმე, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ყოფილა აბსოლუტურად არაეფექტიანი და ქმედუუნარო, ცუდი ყოფილა. თუ პრემიერი და სიის პირველი ნომერი ცუდია, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები კარგები როგორ გამოდიან? ვერ ხვდებიან, რომ იმ ტოტს ჭრიან და უკვე მოჭრეს, რომელზეც სხედან? თავიანთი უსუსურობის ლუსტრაცია მოახდინეს გახარიას ჩაფლავებული საქმეებით. ამას მეორე მხარეც აქვს. ვინაიდან, გახარიამ ცოტა ურჩობა გაბედა და გამოვიდა ივანიშვილის მიზიდულობის არეალიდან, მასზე თავდასხმები მიდის. უმრავლესობის ფლანგში გაჩნდება სხვადასხვა კუნძული. „ქართული ოცნება“ იშლება, ეს არის შიდა ბრძოლის შედეგი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

მხოლოდ გიორგი გახარიას ბრალეულობას ვერ ხედავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გახარია, კობახიძე, მათი ძმანი და დანი, ერთი და იგივე არიან, ყველა დამნაშავეა, რომ საგარეო ვალი არის 33 მილიარდ 400 მილიონი.

„რაც მოვისმინეთ, ჩვეულებრივი ჭორიკნობაა და მეტი არაფერი. ჭორაობა, რაღაც თემების შეთხზვა ხდება. გამახსენდა, გიორგი კვირიკაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ როგორ დააბრალა, რომ ბავშვები მშიერი რომ არიან, მისი ბრალიაო. იმის შემდეგ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ბავშვია მშიერი. ახლა გახარიას აბრალებენ იმ უბედურებებს, რაც ქვეყანაში ხდება. ოღონდ, ორივე მხარე დამნაშავეა. თუ ასეთი არაგუნდური, მოღალატე, არაპროფესიონალი და ცუდია გახარია, პრემიერად რატომ დააწინაურეს? ამბობენ, მენეჯერიც არ იყო და პრემიერად რატომ გადაიყვანეს? სპეცოპერაციებს რომ გეგმავდა, გვეშინოდაო, გადაიყვანეს პრემიერად და ჩააბარეს სპეცოპერაციები და ეკონომიკაც და ამის არ ეშინოდათ?“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ.

პანკისი, სვანეთი, კლუბ „ბასიანი“ და 20 ივნისი – დაუშვა თუ არა გიორგი გახარიამ შეცდომა და თუკი იყო შეცდომა, მაშინ რატომ დააწინაურა გუნდმა, ეს არის კითხვა, რომელზეც ანალიტიკოსების შეფასებით მმართველ გუნდს დეტალურად მოუწევს პასუხის გაცემა, რადგან თვლიან, რომ თუკი იყო შეცდომა, მაშინ გახარიასთან ერთად პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურმა საჭიროებამ განაპირობ გახარიას ფიგურა განტევების ვაცი გახდეს და ბუნებრივია, მოახლოებული არჩევნების წინ შავი პიარით დაიტვირთოს.

„ეს პოლიტიკაა. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა და პროფესიონალიზმი აღრეულია ერთმანეთში, რაც ცუდია. გახარია, როგორც შს მინისტრი იყო არაპროფესიონალი, რადგან ის იყო პოლიტიკოსი და არც ისე დიდი გამოცდილების. შს სამინისტრო სპეციფიური უწყებაა, მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლა, ეს არ არის მარტივი საკითხი და თან ისეთი ადამიანისთვის, როდესაც შს მინისტრს გამოცდილება არ აქვს.

მე, თავიდანვე თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ 20 ივნისს იყო ძალის გადამეტება, მაგრამ არის მეორე მომენტი, იყო შტურმი სახელმწიფო დაწესებულებებზე, მათ შორის პარლამენტზე. ეს არის უკიდურესი და ფაქტიურად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მინისტრი ეყრდნობოდა და რჩევებს იღებდა იმ ხალხისგან, ვისაც, ასე თუ ისე, გამოცდილება ჰქონდა. ბუნებრივია, ესენი ძირითადად მისი მოადგილეები იქნებოდნენ. იყო თუ არა სხვა ძალოვანი უწყება ჩართული, ეს არ ვიცი, გახარიამ უნდა თქვას. რეალურად, შედეგი რაც დადგა, ეს იყო ან ცუდად დაგეგმილი სპეცოპერაცია, ან მხედველობაში არ იქნა მიღებული ის მოვლენები, რაც შემდეგ განვითარდა, ხალხის დიდი მასა, არ დაიშალა და გახდნენ აგრესიულები“, – აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისი თქმით, თუკი დაშვებული იყო შეცდომა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება და გადაეყენებინა გახარია. ორი წლის თავზე კრიტიკა, ეს არის ცუდი, რადგან, ალადაშვილის განცხადებით, შეფასებები არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გემოვნებაზე.

„გარდა 20 ივნისისა, ღალატიც ფიგურირებს, მაგრამ ვერ გავიგეთ სახელმწიფოს ღალატია, თუ პარტიის ღალატი? როცა ამბობენ ღალატს, უნდა თქვან ვისთან უღალატა. თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს არის პარტიის ღალატი და სახელმწიფოს ღალატთან რა კავშირი აქვს? ზოგადად, 20 ივნისს რაც მოხდა და მოვლენები გავრილოვის ღამეს როგორ ვითარდებოდა, ეს უკვე სუს–ის პასუხისმგებლობაც არის. სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები მოვლენებს ვერ პროგნოზირებენ.

პასუხი კითხვაზე – თუ გახარიას მისცემენ პასუხისგებაში, ეს გახარიას რეიტინგს უფრო გაზრდის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შემთხვევები უიშვიათესია ევროპაში, როდესაც მმართველი პარტიის პირეველი პირი გადადის ოპოზიციაში. აქ არის დასაფიქრებელია ერთი რამ – „ქართული ოცნების“ შიგნით ხდება რაღაც. ვხედავთ, რომ პერსონიფიცირებულია ეს შიდა დაპირისპირება. ჩემი სურვილია, რომ ეს დაპირისპირება არ გასცდეს საქართველოს, მტრული ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ არ იყოს გამოყენებული. ვიცით, საბოლოოდ ასეთ დაპირისპირებაში ვინ იგებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, კობახიძის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ და ძირითადად კობახიძის ბირთვში არის პანიკა, რომ გახარიამ შეიძლება წაიღოს „ქართული ოცნების“ ხმები.

„რა თქმა უნდა, დიდ ხმებს ვერ წაიღებს. მაქსიმუმი შეიძლება 8%–ი აიღოს, მაგრამ რასაც აიღებს, შეიძლება კრიტიკული იყოს „ქართული ოცნებისთვის“. „ქართულ ოცნებას“ რომ არ აეღო ვალდებულება 43%–ზე, მაშინ მათ არ შეეშინდებოდათ გახარიასი, მაგრამ ვინაიდან ჩამკეტი აქვთ 43%, გადათვალეს და მიხვდნენ, რომ გაუჭირდებათ 43%–ის აღება და თუ ვინმე წაართმევს მათ „ქართული ოცნების“ ხმებს, ეს იქნება გახარია. ამიტომ არიან ისტერიაში“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

პოლიტოლოგი გამორიცხავს, რომ გახარიას წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რადგან, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პირიქით წააგებს მმართველი გუნდი.

„გახარიას ძალიან ბევრი არგუმენტი ექნება. რა შუაშუა აქ გახარია? გავრილოვი სავარძელში გახარიას არ ჩაუსვამს, სწორედაც, რომ კობახიძემ ჩასვა. უმჯობესია კობიხიძემ არ ილაპარაკოს ამაზე. რაც მთავარია, თვითონ კობახიძე გადადგა და გახარია გახდა პრემიერ–მინისტრი. ასე რომ, სრული აბსურდია, არგუმენტები არ აქვთ როგორ მოერიონ გახარიას და გადასული არიან მითებზე, რათა ამომრჩევლის 3–4%–ს აჩვენონ, რომ გახარია რაღაცაში დამანაშავეა. რა თქმა უნდა, გახარია დამნაშავეა, მაგრამ მთელ გუნდთან ერთად და არა მარტო - პირველ რიგში კობახიძესთან ერთად. გახარიამ უნდა თქვას, რომ 20 ივნისი იყო საერთო გუნდური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

ლევკოთეა კობახიძე, უბრალოდ, დებილი მეგონა. ძალიან დებილი ყოფილა.
2 წლის უკან