„ქართული საზოგადოების ცოცხების პარტიისადმი დამოკიდებულება ცალსახაა“

„ქართული საზოგადოების ცოცხების პარტიისადმი დამოკიდებულება ცალსახაა“

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ დეკლარაციაზე. გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკაში ყველაზე დიდი პრობლემა არის ფარისევლობა. მისი თქმით, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრებმა ან არ იციან თეთრის და შავის გარჩევა (რაც ძნელი წარმოსადგენია), ან არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ, რაც ასევე ძნელად წარმოსადგენია, რადგან რეჟისორის თქმით, პოლიტიკოსის უმთავრესი ფუნქცია კომპეტენტურობა და საქმის კურსში ყოფნაა. ხაინდრავა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები თავისი ქმედებით უარყოფითად მოქმედებენ საქართველოს მოქალაქეებზე, ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელიც ადრე თუ გვიან, დიდი ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს.

„თუ ქართულ საზოგადოებაში არსებობს მეტნაკლებად ობიექტური ადამიანი, ვისთვისაც პოლიტიკური მიდრეკილებები მაინცდამაინც მნიშვნელოვანი და გავლენიანი არ არის და ეს ადმიანი "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გამოთქმულ ერთ პრეტენზიაზე მაინც იტყვის, რომ ეს სიმართლეა, მაშინ მე მზად ვარ, რომ დავდუმდე და პოლიტიკურ თემებზე ხმა საერთოდ აღარ ამოვიღო. დღეს ლაპარაკი მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე საქართველოში სასაცილოა. თუ თაღლითი არველაძე, რომელმაც ტელეკომპანია „იმედი“ მოროდიორული გზით მიისაკუთრა, შეიძლება პოლიტიკურ დევნილად დასახელდეს, მაშინ წესიერების, პატიოსნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების შეფასების კრიტერიუმები უბრალოდ არ არსებობს“, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გამმართლებელი განაჩენების ოდენობა 0.01% იყო და ამიტომ დღეს სასამართლოზე ზეწოლაზე საუბარი ისეთვე ფარისევლობაა, როგორიც განცხადება, რომ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა. გოგა ხაინდრავას განცხადებით, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვნებენ, რადგან თითოეული მათგანი კონკრეტულ ქვეყანას წარმოადგენს და იმ ქვეყანაში ადრე თუ გვიან მათი არჩევითობის საკითხი დადგება და ეს საკითხი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად სინდისიერად ემსახურებოდნენ საკუთარ საქმეს. რეჟისორის თქმით, ევროპარლამენტარების საქართველოსადმი ასეთი დამოკიდებულებით ხაზი გაესვა იმას, რომ მათთვის ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გეოგრაფიული ადგილია და ქართული საზოგადოებისადმი ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც დეკლარაციაშია დაფიქსირებული.

გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ საქართველოში ყველამ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც კარგად იციან, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაციაში საქართველოსადმი გამოთქმული ყველა პრეტენზია სრული სიცრუეა.

ბატონო გოგა, აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მართული პროცესია. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- რა თქმა უნდა, ეს მართული პროცესია და ეს ძალიან კარგად ჩანს. საერთოდ, არჩევანი არის ძალიან მარტივი - ერთ მხარეს დგას ბენდუქიძე, ხოლო მეორე მხარეს - გიორგი მარგველაშვილი. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ორი პერსონა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისთვისაც სიმართლე, პატიოსნება და ქვეყნისათვის მსახურება მხოლოდ სიტყვები არ არის, არჩევანი ძალიან მარტივად გააკეთოს. მე მახსოვს, კახა ბენდუქიძე და ჩვენ ერთ დროს ვიყავით მინისტრები. გახსოვთ, ალბათ, მისი ცნობილი გამონათქვამი, - მე საქართველოში ყველაფერს გავყიდი, სინდისის გარდა. ამ სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ის მოვიდა მთავრობის სხდომაზე და მკითხა, ვუყურე თუ არა მის გამოსვლას, რაზეც მე ვუპასუხე, რომ სწორედ ის ყველაფერი არის სინდისი და თუ ამ ყველაფერს გაყიდის, სინდისიც აღარ დარჩება. ამ ადამიანმა დანაპირები შეასრულა და მართლაც ყველაფერი გაყიდა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მან მიყიდა რუსეთს და თან ამაყად აცხადებდა, რომ საქართველოში მას ბიზნესი არ აქვს. სინამდვილეში კი ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფოსგან უზარმაზარი ქონებები ერთ ლარად აქვს მიღებული.

სრულიად უპრეცედენტოა ის, რომ ერთი ადამიანის საკუთრებაში იყოს სახელმწიფო სასწავლებელი, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან სფეროს ემსახურება, როგორიც არის სოფლის მეურნეობა. როგორ შეიძლება ერთი ადამიანის საკუთრება იყოს 2000 თუ 5000 სტუდენტის ბედი? დამისახელეთ ერთი სახელმწიფო დაწესებულება მაინც, რომელიც ასე მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, როგორც ერთი ადამიანის საკუთრება. დანარჩენი, ვინც მის გარშემო სხედან, ყოფილი მოადგილეები, ასისტენტები და სხვა პირები, ვინც ხელისუფლებიდან გადაჰყვა იქ, ესენი არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო დანაშაულები აქვთ ჩადენილი. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ შოთა უტიაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ მისი ტყუილების გამო აგვისტოს ომის დროს უამრავმა ადამიანმა ვერ მოახერხა ხეობიდან გამოსვლა და დარჩა იქ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი სატელევიზიო არხით უტიაშვილი მათ უტიფრად ატყუებდა, თითქოს, ბრძოლები როკის გვირაბის შემოგარენში მიდის და ქართველი ჯარი უტევს მოწინააღმდეგეს. სინამდვილეში იქ არც ერთი ჯარისკაცი აღარ იყო, გარდა მიტოვებული ბიჭებისა, რომლებიც საკუთარი ვაჟკაცობით ცდილობდნენ ტყე-ტყე გამოეღწიათ იმ ჯოჯოხეთიდან, რომელშიც ისინი სააკაშვილმა ჩააგდო.

შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ასევე ქალბატონი ხატია დეკანოიძე, რომელიც ჯერ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი განათლების მინისტრი გახდა. აღარ დავიწყებ ამ ადამიანების ჩამოთვლას, მაგრამ ვითარება, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტშია შექმნილი, აბსოლუტურად შეუწყნარებელია. მე მესმის სტუდენტების, მათ უნდათ სწავლა, მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა - მეეჭვება ბენდუქიძის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში მათ იქ რაიმე ღირებული ისწავლონ, თუმცა ეს მათი არჩევანია, მათი ერთპიროვნული უფლებაა და სახელმწიფო ვალდებულია, ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მისაღები პირობები უზრუნველჰყოს. მეორე მხრივ, სახელმწიფო ასევე ვალდებულია კანონი დაიცვას.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ეს წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყვიტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული მსახურები არიან, განსაკუთრებით ამ კომისიის ხელმძღვანელი. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, ჩემი ღრმა რწმენით, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურების და ბენდუქიძის მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება და მიზნად ისახავდა იმ შედეგს, რაც მივიღეთ. ფაქტობრივად, დღეს სტუდენტები დაჩაგრულის როლში არიან და სიმადვილეში ეს ასეც არის. რის გამო არიან ისინი ამ მდგომარეობაში, ამის მიხვედრა ძალიან ადვილია, მაგრამ არა 18 და 19 წლის ასაკში. ჩვენ, ვინც ასაკითაც უფროსები ვართ და მეტი გამოცდილებაც გვაქვს, ვალდებულები ვართ საზოგადოებას ავუხსნათ, რა ხდება სინამდვილეში. კახა ბენდუქიძე არის იმ ბოროტი რეჟიმის სულისჩამდგმელი, რომელიც საქართველოს უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში მართავდა. ასევე ის არის თაღლითური ფინანსური სქემების ავტორი, რომლის შედეგადაც ხალხის კუთვნილი ასელობით მილიონი ფული ქვეყნიდან იყო გატანილი და მას ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი მოიხმარდა. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო და საზოგადოება ზუსტად გაერკვევა იმაში, თუ რა ფუნქციას და როლს ასრულებდა ამ ყველაფერში ბენდუქიძე მას შემდეგ, რაც საქართველოში პუტინის მიერ იყო გამოგზავნილი. ჩემი მხრივ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ საკითხში სიცხადე შევიტანო. პუტინისგან გამოგზავნილ ბენდუქიძეს ძალიან კონკრეტული ამოცანები ჰქონდა და რაც მთავარია, ჩვენ ამ ამოცანების თანმიმდევრული აღსრულება ვნახეთ.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ბენდუქიძესთან დაკავშირებით თუ ქართულ საზოგადოებაში კითხვები არსებობს, ეს არის კითხვები კრიმინალზე და არა განათლებაზე და სინდისიერებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევანი ასეთია - ერთ მხარეს დგას ბენდუქიძე, ხოლო მეორე მხარეს მარგველაშვილი და მინდა ახალგაზრდებს მივმართო, კარგად დაფიქრდნენ, როდესაც გიორგი მარგველაშვილს აყენებენ შეურაცხყოფას, კარგად გაეცნონ მის ბიოგრაფიას, თუ რას აკეთებდა იგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე. შემდეგ კი ასევე კარგად გაეცნონ (ყოველ შემთხვევაში ეცადონ) იმას, თუ რა ფიგურა დგას მათ ზურგს უკან და რას წარმოადგენს ბენდუქიძე თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში.

ქართული საგანმანათლებლო სისტემის ექსპანსიის სათავეში არიან კახა ბენდუქიძე და გიული ალასანია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში უზარმაზარი სასწავლო ქონების მეპატრონეები გახდნენ და ერთადერთი ინტერესი, რაც მათ ამ სფეროში აქვთ, არის ფინანსური ინტერესი.

ბატონო გოგა, ამბობენ, რომ განათლების მინისტრს შეუძლია სპეციალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა სტუდენტების მიღება არ შეაჩეროს. როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა განათლების სამინისტროს თავიდან აეცილებინა ეს პრობლემა და რამდენად ეფექტურად იმოქმედა მან?

- ჩემთვის რთულია ამ თემებზე საუბარი, რადგან საკითხში გარკვეული არ ვარ, არ ვიცი კანონმდებლობა და ამიტომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ვინც გიორგი მარგველაშვილს იცნობს, იგი წლების მანძილზე იყო და არის აბსოლუტურად გამორჩეული ფიგურა, ზნეობით, განათლებით და პირადი თავგანწირვის უნარით. იგი იყო განათლების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ცივილიზებული უმაღლესი სასწავლებლის რექტორი და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მასში არ შეიმჩნეოდა მერკანტილური დამოკიდებულება განათლებისა და სტუდენტებისადმი, განსხვავებით ბენდუქიძისგან. ამიტომ, ჩემთვის ძნელია ამის თქმა. რამდენჯერმე ვუსმინე გიორგის და აბსოლუტურად მჯერა მისი. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ამ გაუგებრობაში მოყვნენ, არ დაზარალდნენ. ტექნიკურად რა გზით მოხდება ეს, ამას ვერ გეტყვით.

უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ცოდნის მისაღებად არ მიდიან, რადგან ეს არის პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები სკოლის დამთავრების შემდეგ. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ადამიანებს ხვდები, ვინ გასწავლის და ვინ არიან შენი უმაღლესი სასწავლებლის მესვეურები. მე არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევ არც ერთ ჩემს ახლობელს, რომ შვილი მიიყვანოს ისეთ დაწესებულებაში, რომელსაც ბენდუქიძე ერთპიროვნულად მართავს, რადგან არ მგონია იქ ზნეობრიობას და ჭეშმარიტ ღირებულებებს ეზიაროს.

ბატონო გოგა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას აქციების ეშინია...

- კი, ვანო მერაბიშვილის ისე გვეშინია ყველას, განცხადებებს რომ აკეთებს, კანკალი გვიტყდება ყველას. წინასაარჩევნო პერიოდშიც ძალიან კარგად ჩანდა, როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს ვანო მერაბიშვილის.

19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით როგორი მოლოდინი გაქვთ?

- რა აქციაზეა საუბარი, მეცოცხეების აქცია ჩატარდება. 19 აპრილს ქუჩაში გამოვლენ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ცოცხი ისე უნდა მოიხმარო, როგორც სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაიები ხმარობდნენ. ამ პოლიტიკის, ამ იდეების, ამ ცხოვრების წესის მხარდამჭერები გამოვლენ 19 აპრილს და მე ვფიქრობ, რომ მათ დათვლა ძნელი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს, რომ ცოცხების იდეოლოგიას ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს, ხოლო ვინც დაუჭერს, იმ ადამიანებს ჩვენ ტელეეკრანებიდან ყოველდღე ვხედავთ. ამიტომ, რაიმე აქციაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია. ესეც მათივე ბნელი საქმეების ისეთივე შირმაა, რასაც ისინი ძირითადად ქვეყნის გარეთ ეწევიან. სააკაშვილის ცოცხები პარტიას და საზღვარგარეთ მათ მხარდამჭერებს არ ესმით მთავარი - დღეს ქართული საზოგადოებისთვის დაფარული აღარაფერია. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მეორე მხრივ, რას წარმოადგენს გიორგი მარგველაშვილი, თეა წულუკიანი და ა.შ.

ისეთი ანგაჟირებული დაწესებულების, როგორიც არის IRI უკანასკნელი კვლევებიც იმას მეტყველებს, რომ ცოცხების პარტიისადმი და იმ ადამიანებისადმი, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის იდეოლოგიას ახორციელებდნენ, ქართულ საზოგადოებაში ცალსახა დამოკიდებულებაა. ამიტომ 19 აპრილის აქცია არასერიოზულად მიმაჩნია. ცხადია, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაცია შეუძლებელია, მაგრამ ზიანის მიყენება ქვეყნისთვის ნამდვილად შესაძლებელია და სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებენ. ისინი ყველანაირად ცდილობენ, საქართველოს მომავალს ჩრდილი მიაყენონ. მათთვის ეს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაა, მაგრამ სინამდვილეში, ეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენ ამას საკადრისი პასუხის უნდა გავცეთ და არ უნდა ვიყოთ სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მომლოდინენი.

მთავრობები იცვლებიან, ხოლო ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები ძალაში რჩება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ხალხმა სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს და ამაში ყველანი ერთად უნდა ვმონაწილეობდეთ. თუ ვეთანხმებით იმ გზას, რომელიც ახალ ხელისუფლებას აქვს არჩეული, ამის თქმაც არ უნდა მოგვერიდოს, ხოლო თუ გასაკრიტიკებელია, უნდა გავაკრიტიკოთ კიდეც, ოღონდ კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი.