ივლისიდან რუსეთში იწყება მოსავლის აღება, საქართველოში კი 20 ივლისიდან და სწორედ ეს გადაწყვეტს, თუ როგორი იქნება ხორბლისა და ფქვილის ფასი სამომავლოდ. პროგნოზები ახალ მოსავალთან დაკავშირებით თავისთავად დამაიმედებელია, გაძვირება იმდენად დიდი იყო, რომ ხორბლის ფასი 200-დოლარიან ნიშნულს სავარაუდოდ, აღარ დაუბრუნდება.
კლების ტენდენცია რა მასშტაბისაც უნდა იყოს, არ არის ისეთი. ეს კი გამოწვეულია რიგი მიზეზებით. მაგალითად, ერთ-ერთია რუსეთში ხორბალზე დაწესებული საექსპორტო ბაჟი - 50 ევრო, რომელიც 2 ივნისამდე მოქმედებდა. ამან გამოიწვია ის, რომ შარშანდელთან შედარებით მაისში 2,5-3-ჯერ ნაკლები ხორბალი გავიდა რუსეთიდან, რადგან ყველა ელოდებოდა თავისი კონტრაქტების შესასრულებლად 2 ივნისის დადგომას, როცა ბაჟი შეიცვლებოდა და დაიკლებდა.
ამ მოლოდინის ფონზე, შეუსრულებელმა კონტრაქტებმა თავი მოიყარა ივნისის თვეში. ახლა ელოდებიან, რომ მაისის შეუსრულებული კონტრაქტები იქნება დიდი ოდენობით. აქედან გამომდინარე, ხორბალზე დიდი მოთხოვნა ისევ გაჩნდება და მოთხოვნა-მიწოდების ასპექტში სიტუაცია ვერ დასტაბილურდება. ამიტომაც ფასი იმ ტემპით არ ჩამოვა დაბლა, როგორც მოსალოდნელი იყო.
ცნობისთვის, რუსეთში 12,5%-იანი ცილის ახალი მოსავლის ხორბლის საექსპორტო ფასი ტონაზე 260 დოლარიდან 256 დოლარამდე შემცირდა, ხოლო საგარეო ბაზრებზე 1 ტონა რუსულ ხორბალზე ფასი 7 დოლარით შემცირდა და 265 დოლარი გახდა. ანალიტიკურ ცენტრ „რუსაგროტრანსის“ ხელმძღვანელი იგორ პავენსკი აცხადებს, რომ ახალი მოსავლის ტონა ხორბალზე საექსპორტო ფასი 255 დოლარის ნიშნულზე სტაბილურად შენარჩუნებულია.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთში ხორბლის იმ ეფექტის გაიაფება არ მომხდარა, რომ საბაზრო ფასი 53 ლარს დაუახლოვდეს. ეს ის ნიშნულია, საიდანაც მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებას ახდენს. პროცესი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და ივნისის ბოლოს სრულდება. როგორც სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო, ფქვილის მწარმოებელები, მეპურეთა ასოციაცია და მოსახლეობის მოთხოვნა ერთად განაპირობებს იმას, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება კიდევ ერთხელ.
„ოთხშაბათ-ხუთშაბათს გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. თვის ბოლოს, უკვე მთავრდება სუბსიდირების პროგრამის ბოლო ეტაპი და გაგრძელდება თუ არა, ჯერ არ ვიცი. ახლა ბაზარზე არსებული მდგომარეობა შემდეგია, 2 ივნისიდან რეჟიმი არსებითად შეიცვალა და რუსეთში საექსპორტო ბაჟი 50 ევრო ჩანაცვლდა მცურავი ბაჟით, რაც ნაკლებია ძველ გადასახადზე. ანუ, ტენდენცია უკეთესობისკენაა, მაგრამ რამდენად ჰყოფნის ეს იმას, რომ ფქვილის ფასი 53 ლარზე ჩამოვიდეს, რათა პური არ გაძვირდეს, ამას ჩვენ ვერ ვსაზღვრავთ. ამას საზღვრავენ მეპურეები.
მომავალი კვირის შეხვედრაზე გადაწყდება, იქნება თუ არა სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ხორბლის იმ ეფექტის გაიაფება არ მომხდარა, რომ საბაზრო ფასი დაუახლოვდეს 53 ლარს. დღეს ბაზრებზე ფასი ძირითადად 60 ლარია, ზოგან რამდენიმე ლარით მეტი ან ნაკლები.
თუკი სუბსიდირება გაგრძელდება, ეს აღარ იქნება იმ მოცულობით, რაც იყო ბოლოს 20 ლარი 1 ტომარაზე. რადგან ფასები დაახლოებულია სამიზნე ფასთან, სუბსიდირება, სავარაუდოდ, მოხდება 5-7 ლარით. როგორც გითხარით, ეს მეპურეებზეცაა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, მეპურეთა ასოციაცია, სახელმწიფო და საზოგადოების მოთხოვნა ერთად განაპირობებს, გავა პურის ფასი თავისუფალ ბაზარზე, თუ დასუბსიდირდება“, - განაცხადა სილაგავამ „ბიპიენთან“.
პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდირების მთავარი მიზეზი რუსეთში, რომელიც საქართველის მთავარი იმპორტიორია, ხორბლის გაძვირება და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესება გახდა.