„ოცნებას“ უდავოდ გამოადგებოდა გახარია კოალიციურ პარტნიორად, სხვა საფუძვლით რომ გამიჯვნოდა და არა იმის გამო, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს თუ არა“

„ოცნებას“ უდავოდ გამოადგებოდა გახარია კოალიციურ პარტნიორად, სხვა საფუძვლით რომ გამიჯვნოდა და არა იმის გამო, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს თუ არა“

ოპოზიციონრების აზრით, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ივანიშვილის გეგმა გრძელვადიანია და მისი მიზანია „ქართული ოცნების“ გვერდით „ქართული ოცნება 2“ შექმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილ-გახარიას დაპირისპირება ილუზიაა და ბიძინა ივანიშვილი კოალიციურ პარტნიორად გამოიყენებს გახარიას ვადამდელი არჩევნების შემდეგ.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ გახარია ივანიშვილისთვის სასარგებლო პროექტია და მათ შორის დაპირისპირება თამაშია. ფიქრია ჩიხრაძე თვლის, რომ ივანიშვილს მოუსუსტდა ერთი საყრდენი „ქართული ოცნების“ სახით და, თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მას საყრდენად სჭირდება მეორე ფეხიც, ეს მეორე ფეხი კი გახარიაა.

„ნაცმოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პოლიტიკაში გახარიას ხელმეორედ გამოჩენას ავტოკრატი რეჟისორის დადგმულ უნიჭო სპექტაკლად აფასებს. ბოკუჩავას აზრით, ივანიშვილმა გაიაზრა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, ამიტომ მისი გათვლაა, ვადამდელი არჩევნების შედეგად შეკრას კოალიციური მთავრობა გახარიას დახმარებით.

ოპოზიციონერ დავით ბერძენიშვილისთვის გახარია პოლიტიკური კეთროვანი და 20 ივნისის სახეა, რომლის შესახებაც შემდეგი კითხვა უნდა დაისვას - ოპოზიციიდან თუ ხელისუფლებიდან ვინ აპირებს გახარიასთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგად?!

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გახარია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა საკუთრივ რიგგარეშე არჩევნების პოსტსაარჩევნო კოალიციაში „ქართული ოცნების“ პარტნიორად უფრო უნდა მოვიაზროთ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს გახარიასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა მართლაც არსებობდეს. ამდენად, სულაც არაა გასაკვირი, „ქართულ ოცნებას“ თუკი დასჭირდება და კოალიცია თუ გაკეთდება, რატომ არ უნდა გაერთიანდეს მასში გახარია?! ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ დასჭირდება, რატომ არ უნდა შევიდეს მათთან კოალიციაში გახარია?

„ძალიან ცუდად არის ჩვენთან კოალიციები გაგებული. ყველაფერი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, ვინ სად წავა და რას გააკეთებს. ჩვენს პოლიტიკაში, სამწუხაროდ, რჩება თეთრი და წითელი, მენშევიკების და ბოლშევიკების არ იყოს. ეს ყველაფერი ურთიერთგანადგურებისკენ მიდის და არა თანამშრომლობისკენ. საპარლამენტო მმართველობა კი იმით არის კარგი, რომ პარტიებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, ეს არის არსი საპარლამენტო მოდელის. რატომღაც თავიდანვე დაიწყეს იმის გარკვევა, ვინ შეუქმნის კოალიციას „ქართულ ოცნებას“. მე რომ ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ვიტყოდი, რომ, ვინც უფრო ახლოს იქნება ჩემთან, ანუ ჩემს შეხედულებებთან და პროგრამასთან, მასთან შევქმნიდი კოალიციას. რა მნიშვნელობა აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, თუ „ქართული ოცნება“? ორივე მხარეა მხარდაჭერილი ელექტორატის მხრიდან, ორივეს აქვს ამომრჩევლის ძლიერი მხარდაჭერა, ეს ხალხი ჩვენი ხალხია, ამ ქვეყნის მაცხოვრებლები და მოქალაქეები, როგორ შეიძლება, კეთროვანად გამოვაცხადოთ გინდა ერთი, გინდა მეორე მხარე? მე არ მომწონს არც ერთი და არც მეორე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს თანამშრომლობა მათ შორის. ვისთანაც თანამშრომლობა აუცილებელია, უნდა ითანამშრომლო, ხოლო, თუ მართლა მტერი და მოღალატეა, მაშინ რა თანამშრომლობასა და რა პარლამენტზეა საუბარი?!“ - აინტერესებს ვახტანგ ძაბირაძეს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ასე ყველაფრის შესახებ შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ახსნა თავის ბოლო წერილში, რომ საკუთარი პარტიის ალტერნატივის გაკეთებას არ იკადრებს. ივანიშვილი არ აპირებს, მოსაჩვენებლად თავადვე შექმნას ფსევდოპარტია.

„ეს უკვე რწმენის ამბავია, ვენდობით თუ არა ბიძინა ივანიშვილს. თუ ბიძინა ასე მაგარია, რომ ოპოზიციასაც თვითონ ქმნის და პოზიციასაც, მაშინ რაზეა ლაპარაკი?! თქვენ ნახეთ, ოპოზიციონრები თან თითქოს ბიძინას უპირისპირდებიან, თან კიდევ ბიძინას გარეშე ვერ ძლებენ. პოლიტიკიდან გასულ კაცს უკავშირებენ ყველა ნაბიჯს, რასაც კი გადადგამენ. ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ არ უშვებენ, უნდათ, უკანვე შემოატრიალონ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას და ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ უდავოდ გამოადგებოდა გიორგი გახარია კოალიციურ პარტნიორად, იგი სხვა საფუძვლით რომ გამიჯვნოდა „ოცნებას“ და არა იმის გამო, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს თუ არა.

დავით ზარდიაშვილის აზრით, აქ პრინციპია მთავარი, რომ „უნდა აღსრულდეს სამართალი, თუნდაც დაინგრეს ქვეყანა“. ესკალაციას სწორედ ეს ქმნის, როცა სამართალზე უარს ამბობ. გახარიას შესანიშნავი პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდა, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, მაგრამ დღეს საეჭვოა, ვინმემ მას ხმა მისცეს, შესაძლებელია 2-3% აიღოს იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც მერყევნი არიან და, რომელთაც შუაშისტებს ვეძახით.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, ივანიშვილი კოალიციურ პარტნიორად განიხილავდეს გიორგი გახარიას, რათა ალიანსი ჩამოყალიბდეს „ქართულ ოცნებასა“ და გახარიას შორის. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე შეექმნება.

„თავის დროზე „პატრიოტთა ალიანსზეც“ იძახდნენ, რომ ივანიშვილის პროექტია და სწორედ ივანიშვილმა გაიყვანა „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში. იმასაც ამბობდნენ, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალააო, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ალიანსი გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, 2018 წელს, როდესაც „პატრიოტთა ალიანსმა“ თავის მომხრეებს მოუწოდა, ხმა მიეცათ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისთვის და არანაირად „ნაცმოძრაობის“ ლიდერი არ გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. როდესაც ერთმანეთი დასჭირდათ, მაშინ გამოჩნდა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ კავშირები ჰქონია „ოცნებასთან“ და შემდგომში „პატრიოტთა ალიანსმა“ თავისი ნიშა დაიკავა, რომ ის არის ოპოზიციური პარტია“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას და გიორგი გახარიას შემთხვევაშიც ანალოგიურს არ გამორიცხავს.

კერძოდ, გახარიას თავისი ნიშა ექნება, თითქოს ის არის დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, შესაძლებელია, „ქართულ ოცნებასა“ და გახარიას შორის ალიანსმა იჩინოს თავი. თუმცა გახარიას მაინც არ აქვს ის რესურსი, ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკურ ძალად და ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა მასებში. ნიკა ჩიტაძის აზრით, თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას გუნდი მაქსიმუმ 10%-ს მიიღებს, რადგან მაინც ძირითადი დაპირისპირება და კონკურენცია იქნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ორივე ამ ძალას კი თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს.