"ვერ მივიღებ იმ ახსნას, რომ კუბლაშვილი თურმე სისტემის მსხვერპლია"

„კოტე კუბლაშვილი სააკაშვილის იდეოლოგიის და მისი სისტემის მსხვერპლი იყო“, - ბიძინა ივანიშვილის ამ შეფასებამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

პრემიერის თქმით, მას არ გაუგია კოტე კუბლაშვილის შესახებ, რომ ის არის დიდი მექრთამე და ძალიან მდიდარი ადამიანი. უბრალოდ, კუბლაშვილი ვერ ახერხებდა, უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის და იმ სისტემისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში და ეს არ მომხდარა ერთ დღეს.

ივანიშვილის თქმით, კუბლაშვილის თემა იყო მისი გამოსვლის "სუსტი ადგილი", თუმცა იგი განმარტავს, რომ თავადაც მსხვერპლი იყო 2,5 წელიწადის განმავლობაში და ყოფილი ხელისუფლების შემხედვარე, ვერც იგი აცნობიერებდა კარგად, ვისთან ჰქონდა საქმე.

„მე ვიცი, რომ კუბლაშვილს ჰქონდა რაღაც სერიოზული დაავადება, ძალიან მერიდება ახლა, რაღაც ჭორების დონეზე ჩავედი, მაგრამ ვგულისხმობდი იმას, რომ მას დაეხმარა პირადად სააკაშვილი და ის ძალიან ვალდებულების გრძნობით იყო“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სასამართლოს იმ ნაწილში, რომელიც არ ეხებოდა პოლიტიკას, მართლაც ბევრი კარგი რამ გაკეთდა. მაგრამ ის, რაც მიდიოდა სააკაშვილის ინტერესებადე, ვერ ხერხდებოდა ძალიან ხშირად მისი დაცვა და ამაში არის საზოგადოების ბრალეულობა და არა მარტო კოტე კუბლაშვილის და სხვა მოსამართლეების ბრალეულობა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მომხრეა, შენარჩუნებულ იქნას სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, რადგან, თუ სასამართლო არ გვექნება, სამართალიც არ იქნება ქვეყანაში. ამის თავიდან ბოლომდე ნგრევა და სულ თავიდან დაწყება არ არის საინტერესო. ამდენად, პრემიერს მიაჩნია, რომ კუბლაშვილი პროფესიონალია, მას აქვს დიდი გამოცდილება, ბევრი კარგი რამ გაკეთებული, მაგრამ ის ვერ უმკლავდებოდა რაღაც პროცესებს და ვერ ახერხებდა დაეჭირა პოზიცია. ამიტომ ივანიშვილის სურვილია, კოტე კუბლაშვილმა დაასრულოს თავისი ვადა. მით უფრო, რომ იგი, ისევე როგორც მისი ძმა, პავლე კუბლაშვილი ინტელექტუალია.

პრემიერის ამ შეფასებას პრეზიდენტიც გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილი კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და ყველაფერ ამას ჭორაობა უწოდა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს სხვის დაავადებაზე საუბარი გაუმართლებლად მიაჩნია.

„ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, გარკვეულ ტენდენციად გამოიკვეთა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა. შეშფოთებული ვარ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, რომელიც მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს სერიოზული დაავადება აქვს, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია“, - აცხადებს სააკაშვილი და კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იშველიებს.

ამასთან, პირადი პრობლემებით შანტაჟსა და სპეკულირებას 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებად მიიჩნევს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიულ, ევროპული მთავრობის ქმედებად.

ის, რომ კოტე კუბლაშვილი თურმე სააკაშვილის იდეოლოგიისა და სისტემის მსხვერპლი გახლდათ, ხომ არ ნიშნავს მისთვის ინდულგენციის მინიჭებას? თუკი კუბლაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის გადარჩენის გამო დავალებული იყო საკაშვილისგან, ჰქონდა კი მას უფლება, თავისი გამოჯანმრთელების ხარჯზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე საბედისწეროდ ექცია და უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები გამოეტანა?!

For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კოტე კუბლაშვილის რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენაზე და იყო თუ არა ეს განცხადება უფრო დასავლეთისთვის გათვლილი, ვიდრე შიდა მოხმარებისთვის, სადაც კუბლაშვილების „ფასი“ საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია.

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებაზე და არავის არ უნდა დაერქვას მსხვერპლი ან მძევალი, რადგან  ადამიანი შეგნებულად დგამს თავის ნაბიჯს. ამიტომ, თუ კუბლაშვილი რაღაცაში არ ეთანხმებოდა ან რაღაც აწუხებდა იმ სისტემაში, რომლის ნაწილიც თავად იყო, იმ სისტემას გაემიჯნებოდა.

„ვინც არ გაემიჯნა იმ სისტემას, ყველა უნდა განვიხილოთ, როგორც სისტემის შემადგენელი ნაწილი. ეს იყო ერთიანი გუნდის მიერ ჩადენილი ერთიანი ქმედებები და სწორედ ამის ნაწილი იყო კოტე კუბლაშვილი. ამიტომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ იმ ახსნას, რომ კუბლაშვილი თურმე სისტემის მსხვერპლია. არ ვიცი, რა მოსაზრებები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, როცა ამას ამბობდა, მაგრამ ყველა ადამიანი შეგნებულად ირჩევს თავის გზას“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ სრული საშუალება, გამიჯნოდნენ სისტემას. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები და ახალი ხელისუფლება მოვიდა, მაშინ მაინც შეეძლოთ, გამიჯნოდნენ. თუმცა ამის მიუხედავად, სასამართლო სისტემა არ გამოსწორებულა. მეტიც, დღესაც სასამართლო სისტემა „ნაციონალური მოძრაობის“ საყრდენს წარმოადგენს და მთელ ამ სისტემას ხელმძღვანელობს კოტე კუბლაშვილი.

რაც შეეხება კუბლაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებს, რის გამოც იგი ვალში იყო სააკაშვილთან, ექსპერტის თქმით, ეს ფაქტი 2003 წლამდე მოხდა და მას შემდეგ ზუსტად ათი წელი გავიდა.

„კარგით რა, ერთი ადამიანის ჯანმრთელობას არ უნდა გადავაყოლოთ საქართველოს სასამართლო სისტემა. შესაძლოა, თავის დროზე ჰქონდათ რაღაც ურთიერთობები, ერთი-მეორის წინაშე ვალდებულებები, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი გრძელვადიანი ვალდებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა უარყოფილია ხალხის მიერ, მაშინ მან უნდა გააკეთოს დასკვნები. თუ არ აკეთებს დასკვნებს, ე.ი. იმდენად შეზღუდულია არჩევანში და დაკავშირებულია იმ დანაშაულებთან, რაც იყო, რომ უბრალოდ, შესაძლოა, არც აწყობდეს, დაკარგოს თანამდებობა და ბერკეტები, რადგან ამით უფრო მალე მოეკითხება“, - აღნიშნა გოგი ხუციშვილმა.  

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი  მომხრეა, რომ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში ჩატარდეს. ამდენად, ქართველი ხალხის და პირადად მისი მოლოდინი შესაძლოა, ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგრამ ლევან ბერძენიშვილის აზრით, ქართველ ხალხს უფრო სამართლიანობის აღდგენა სურს და თვითონ სამართალი არ აღელვებს. რაც შეეხებათ ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ სპექტრს, მათ სამართლის დაცვა ევალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც  ევროპისკენ ექნებათ გეზი და არც საკუთარი თავისკენ.

„ეს არ ნიშნავს, რომ დამნაშავეს თავისი სახელი არ დაერქვას. ის გარემოება, რომ ადამიანი შეიძლება სისტემის მსხვერპლი იყოს, მას სრულებითაც არ ამართლებს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ძალიან კარგად მენიშნა. პირიქით, ეს ნათქვამი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემა გამოვასწოროთ და არა - შური ვიძიოთ ერთ ან ორ ადამიანზე. თუმცა სამართალი მათ მიმართაც აღსრულდება. ეს არ არის თვითმიზანმი. უფრო საინტერესო ის არის, რა უნდა ქართველ ხალხს - იყოს სამართლიანი სასამართლო თუ დავსაჯოთ ერთი კუბლაშვილი და სასამართლო ისევ ისეთი იყოს, როგორიც არის“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ამასთან, განმარტავს, რომ, როცა ბიძინა ივანიშვილი კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა, ეს სულაც არ ყოფილა მისთვის ინდულგენციის მინიჭება. უბრალოდ, ეს არის განმარტება, თუ რა და როგორ მოხდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. მეტიც, მას ეჭვი არ ეპარება კოტე კუბლაშვილის კვალიფიკაციაში, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ საზოგადოებას ყოველთვის გვინდა, მაღალი კვალიფიკაციისა და მცოდნე ადამიანი, ამავდროულად, პატიოსანიც იყოს.

„ყველაფერი ვიცით, რასაც აკეთებდა თუნდაც კუბლაშვილი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ადამიანურ დონეზე განმარტა, რომ მას ძალიან კარგად ესმის, თუ როგორ გადაიქცა კუბლაშვილი სისტემის მსხვერპლად. ეს არ ამართლებს კოტე კუბლაშვილს, მაგრამ ეს გასაგებს ხდის, რომ კარგი და კვალიფიციური ადამიანი როგორ შეიძლება აღმოჩნდეს არასწორ გზაზე“, - განმარტავს ლევან ბერძენიშვილი.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ სისტემის მსხვერპლი გახდა ძალიან ბევრი, ზოგი იძულებით, ზოგიც - საკუთარი ნებით. ამიტომ რაღაცნაირად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ხელისუფლება და ერთიანი მიდგომა შეიმუშავოს ყველას მიმართ, მათ შორის, კოტე კუბლაშვილის მიმართაც.

მისი თქმით, უნდა დადგინდეს, კუბლაშვილის ზემოქმედება მართლა იყო თუ არა და რა ხარისხით ზემოქმედებდა იგი სასამართლოზე.

„სასამართლო ხელისუფლებისადმი სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა. მე ვთვლი, რომ პოზიციამ, რომელიც პარლამენტმა გამოამჟღავნა, როდესაც იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას დაელოდა, იყო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ძალიან ძნელია დაარწმუნო სხვა, რომ სასამართლო სისტემის რეპრესიებს არ იწყებ. არის მეორე მომენტიც, რომ მთელი მოსამართლეთა კორპუსის ერთობლივად შეცვლა ძალიან რთული იქნება. ამიტომ ძალიან ზუსტად უნდა დადგინდეს, კუბლაშვილის უშუალო მონაწილეობა ამა თუ იმ საქმეში. შესაძლოა, უმოქმედობა, როცა უსამართლობის დამკვიდრებაში არ ერევი, სხვას მისცეს საშუალება, ჩაერიოს შენს საქმეში და შესაძლოა, ასეც იყო კუბლაშვილის შემთხვევაშიც“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ ეს არის საკმაოდ რთული და მძიმე სიტუაცია და სიფრთხილის გამოჩენაა მთავარი. თანაც, ყველა შემთხვევაში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა დაექვემდებაროს და გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს ყველაზე და არა მხოლოდ - კუბლაშვილზე. მაშინ ექნება ამ გადაწყვეტილებას გამართლება, ოღონდ, იმ პირობით, რომ ითქვას, ვინ რა გააკეთა.

„თუ გადაწყვეტილება პოლიტიკურად იქნება მიღებული, ჩვენმა ერმა ესეც უნდა იცოდეს, თუ რატომ მივიღეთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. მაშინ არ იქნება პრობლემა. თუ ვპატიობთ, ვაპატიოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ვაპატიეთ. რახან აქამდე მივედით, ამის სხვაგვარად შეფუთვა არ გამოვა“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.