„ეს მაგარი ოპოერაცია საქართველოს და ჩვენი პრემიერის ჩართულობით მოხდა და ამიტომ ყველა გახარებული და აღტაცებული უნდა ვიყოთ“

„ეს მაგარი ოპოერაცია საქართველოს და ჩვენი პრემიერის ჩართულობით მოხდა და ამიტომ ყველა გახარებული და აღტაცებული უნდა ვიყოთ“

შესაძლოა თუ არა საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მედიატორის როლი შეასრულოს და ჩვენს ქვეყანას რეგიონში იმაზე მეტი უპირატესობა და შესაძლებლობა მიეცეს ვიდრე აქამდე ჰქონდა? საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაკავებული სომეხი ტყვეების გათავისუფლების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში შესაძლოა, სტაბილურობის და მშვიდობის მთავარ ამბიონად იქცეს. ყარაბაღის კონფლიქტში საქართველო ჩართული არასდროს ყოფილა და ჩვენს ქვეყანას რუსეთი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ მომლაპარაკებლის მთავარი როლი ეთამაშა. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა კავკასიაში ერთადერთი მედიატორის სტატუსი დაკარგოს და საქართველოს როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამაში კი, ხელს საქართველოს დასავლეთი უწყობს და წინააღმდეგი არც ჩვენი მეზობელი სომხები და აზერბაიჯანლები არიან.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამ მოლაპარაკებაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის როლს აფასებენ და ამბობენ, რომ მისი ავტორიტეტი ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ შუამავლობის პროცესს კი შეერთებულმა შტატებმა და მთელმა პროდასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა, აღირეს, რომ მოლაპარკების პროცესში საქართველოს წვლილი დიდი იყო. მათი აზრით, სომხეთის დასავლეთისკენ შემორტიალება უნდათ და რუსეთი რომ არ გააღიზიანონ, ამიტომ საქართველოს იფარებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და მნიშვნელოვანი ფაქტია.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს გადასცემდა კონფლიქტის დროს დაკავებულ 15 მოქალაქეს მისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემის შემთხვევაში.

უსაფრთხოების და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ სომეხი სამხედრო ტყვეები უკვე რამდენიმე ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველა ამ ადამიანის ოჯახის მდგომარეობა უნდა წარმოვიდგინოთ, მათი ტყვეობის განმავლობაში რას განიცდიდნენ, ამიტომაც მათი გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ხოლო სარგებელი თავის მხრივ აზერბაიჯანულმა მხარემაც ნახა, რადგანაც სომხეთის მხრიდან მიიღო რუკა, სადაც დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციაა დატანილი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგანაც საქართველოს მსგავსი რამ საკუთარ თავზე აქვს გამოვლილი, როცა რუსებმა დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები არ გადმოგვცეს და ამის გამო არა ერთი სამოქალაქო თუ სამხედრო პირი დაიღუპა.

„გვინდა თუ არ გვინდა და მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა. მთელი ცხოვრების მანძილზე, ეს ადამიანები და მათი ოჯახები მადლობლები იქნებიან, როგორც საქართველოსი, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის. ამით ერთი მხრივ ძალიან კარგი ნაბიჯი გადაიდგა და მეორე მხრივ საქართველოს რეგიონში მედიატორის და შუამავლის როლი უბრუნდება. ღარიბაშვილის მხრიდან განხორციელებული ეს შუამავლის პოზიცია ძალიან მისასალმებელია და მთელი პროდასავლური ძალა ამ მიღწევას აღიარებს. ამით კი, საქართველომ კავკასიაში მშვიდობის და შუამავლის როლი დაიბრუნა. თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა საქართველოს რეგიონალური სტაბილურობის გასაღები უწოდა. ეს შესაძლებლობა არც ხელიდან უნდა გავუშვათ და პირიქით, უნდა ვიამაყოთ კიდეც. საქართველო რეგიონში გავლენას იბრუნებს და დგება იქ, სადაც მისი ადგილია. ეს კი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დიდი ძალისხმევით ხდება“, - ამბობს ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად დანიშვნისთანავე, რუსეთის გარდა, რეგიონის და სამეზობლოს ყველა ქვეყანას ეწვია. ამას კი, თავისი გეოპოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ამის შედეგი უკვე სახეზეა. საქართველოს ძალიან კარგი შანსი ეძლევა, რომ რეგიონში მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკების არაერთი მცდელობა იყო, მაგრამ აზერბაიჯანმა და სომხეთმა შედეგს ვერცერთხელ ვერ მიაღწია. ღარიბაშვილის ჩართულობით კი ეს მოლაპარაკება შედგა.

„ჩვენი პრემიერის და ქვეყნის ჩარევის შემდეგ ეს გადაუწყვეტელი და ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება, როგორც იქნა, შედგა. ამან კი, ის აჩვენა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ორივე ქვეყანაში ავტორიტეტი აქვს და პატივს სცემენ. ჩვენ ორივე სახელმწიფოსთან მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ასეთი შედეგით მოლაპარაკების დასრულება საქართველოს როლს რეგიონში ზრდის, უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას ვიძენთ. ფაქტია, რომ ჩვენი პრემიერის ავტორიტეტმა და სიტყვამ დიდი როლი ითამაშა. ვერ გეტყვით ღარიბაშვილმა ტექნიკურად ჯერ რომელი ქვეყნის პრემიერს ან პრეზიდენტს დაურეკა, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ის და საქართველო აღმოჩნდა“, - ამბობს ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სომხეთის დასავლეთისკენ შემორტიალება უნდათ და რუსეთი რომ არ გააღიზიანონ, ამიტომ საქართველოს იფარებენ. ეს კი ჩვენი ქვეყნის როლს რეგიონში ზრდის, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ფაქტია. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველო ამ კონფლიქტში ყოველთვის შუამავალი უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსეთი ჩვენს ქვეყანას ამის საშუალებას არ აძლევდა. ახლა კი, როგორც იქნა, ამის გაკეთება ამერიკელებმა მოახერხეს და ირაკლი ღარიბაშვილმაც თავისი როლი კარგად ითამაშა.

„ის, რაც ახლა ჩვენი დახმარებით რეგიონში განვითარდა, ისტორიული ფაქტია. როგორც ჩანს, ამერიკელებს რეგიონში მოთამაშედ შემოსვლა უნდათ და ეს პროცესი უკვე დაიწყეს. ახლა კითხვები იმის შესახებ - ამ თამაშში ჩვენ შევედით თუ ამერიკელებმა შეგვიყვანეს, მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რომ შევედით და ჩვენი როლი კარგად გამოვიყენეთ. დადებითია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ჩაერთო, არამედ იმიტომაც, რომ დასავლეთი ყარაბაღის გარჩევებში, როგორც იქნა შემოდის, სადაც ამერიკაა წამყვანი და მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დროს ამერიკის გვერდში ვართ და არა რუსეთის. ახლა მეტი ყურადღება გვმართებს იმისთვის, რომ ჩვენი როლი კიდევ უფრო გავზარდოთ და მნიშვნელოვანი გავხდეთ. მართალია, კარგი იყო შუამავლის როლი მაშინ გვეთამაშა, როცა ომი დაიწყო, მაგრამ არაუშავს, ახლაც რაღაცა მნიშვნელოვანის გაკეთება შეგვიძლია“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, საქართველოს ორი უნიკალური როლი აქვს, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ აქვს - რუსეთის წინააღმდეგ მოპასუხე იყოს, რომელიც იტყვის, რომ ვიდრე რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, საქართველო კავკასიის საქმეებში რუსეთის ჩართულობას ვერ ხედავს და მეორე, საქართველო გახდეს თურქეთის და აზერბაიჯანის ინტერესების გამჟღერებელი რუსეთის წინააღმდეგ. ეს, ახლა ამერიკამ გააკეთა და ირაკლი ღარიბაშვილი კარგ დროს, კარგ ადგილზე აღმოჩნდა.

„რიკერის კავკასიური ტურნეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს შუამავლობა იყო. მისი ეს ტურნე შუამავლობისა და ფასილიტაციისთვის იყო. რიკერი ჯერ საქართველოში ჩამოვიდა და, როგორც ჩანს, იკითხა ჩვენ ამის გაკეთება შეგვეძლო თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენი დადებითი პასუხის შემდეგ, ის აზერბაიჯანსა და სომხეთში წავიდა. მივიდა მათთან და უთხრა: აგერ თქვენი კარგი და კეთილი მეგობარი საქართველო შუამავალი იქნება. ჩვენს მიკერძოებაში კი არც ერთს ეჭვიც არ ეპარება. ამიტომ ერევანსაც და ბაქოსაც საქართველოს მიმართ უფრო მეტი ნდობა აქვს, ვიდრე რუსეთის. ანუ ეს ამერიკული პროექტია, სადაც მადლობა ამერიკას უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ დაგვინახეს, როგორც პარტნიორი და ამის შანსი მოგვცეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, რეგიონში საქართველოს მსგავსი ჩართულობა ჯერ არ ჰქონია, მით უმეტეს ყარაბაღის კონფლიქტში. მსგავსი გათვლები პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა. ასეთი გათვლა მან ნავთობსადენზე გააკეთა. მაშინ შევარდნაძის ჩართულობით მილების საქართველოზე გაყვანა მოხდა. მისივე თქმით, წესით პატიმრები რუსეთს უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. რუსეთი პატიმრების გათავისუფლებას, ისევე როგორც ყარაბაღის კონფლიქტს, აჭიანურებდა. ამერიკა კი ჩამოვიდა და ეს პრობლემა უცებ მოაგვარა. სომხეთმა დაინახა რა არის რუსეთი, დროს როგორ წელავს და საქმეს არ აკეთებს, ხოლო ეს მაგარი ოპოერაცია საქართველოს და ჩვენი პრემიერის ჩართულობით მოხდა. ამიტომ ყველა გახარებული და აღტაცებულები უნდა ვიყოთ.