ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას არ ასრულებს. ამის შესახებ 43 წლის კარის დარაჯმა განცხადება უკვე გააკეთა და როგორც თავად თქვა, თავს ძალიან კარგად გრძნობს.
„კარიერის დასრულებასა და გაგრძელებას შორის გადაწყვეტილება მივიღე: გავაგრძელებ. ეს ფაქტია, რადგან თავს კარგად და ძლიერად ვგრძნობ. ჩემს მიერ ჩატარებული თამაშები ამის საუკეთესო პასუხია“, - თქვა ბუფონმა.
იტალიელი მეკარე ძალიან ახლოსაა მშობლიურ „პარმაში“ დაბრუნებასთან და ამ კვირაში ტრანსფერის გაოფიციალურებასაც ელოდებიან. უკვე მზადაა 2-წლიანი კონტრაქტი. ჯიჯის სურს, რომ პირველი მეკარე იყოს და „პარმას“ სერია A-ში აღზევებაში დაეხმარება. ბუფონს მიზნად აქვს დასახული, რომ 2022 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების მესამე მეკარე მაინც იყოს და გახდება პირველი ფეხბურთელი, ვინც ექვს მუნდიალზე იქნება ნამყოფი.
„პარმაში“ ჯიჯის დაბრუნებაში ყველაზე დიდი წვლილი მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ შეიტანა, რომელიც მისი თანაგუნდელი იყო „იუვენტუსში“ (2001-2002, 2003-2004), ისევე როგორც კლუბის ხელმძღვანელობამ. ამრიგად, უბერებელი კიპერი 20 წლის შემდეგ „პარმას“ უბრუნდება. შეგახსენებთ, ჯიჯის "იუვენტუსთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. ის ტურინულ გრანდში სწორედ "პარმადან" ზუსტად 20 წლის წინ, 2001 წლის ზაფხულში გადავიდა.