„რატომ აკრიტიკებს კობახიძეს და არა ივანიშვილს? იმიტომ ხომ არა, რომ ივანიშვილს პოტენციურ დონორად განიხილავს?!“

„რატომ აკრიტიკებს კობახიძეს და არა ივანიშვილს? იმიტომ ხომ არა, რომ ივანიშვილს პოტენციურ დონორად განიხილავს?!“

სკანდალურად გადამდგარი ყოფილი პრემიერი აშკარად ებრძვის ირაკლი კობახიძეს, ეპითეტებს არ იშურებს მისთვის. გიორგი გახარიას აზრით, კობახიძე „შეშინებული კაცია, თავისი ბოდვითი აზრებით“, მაგრამ იგივე გახარია ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით თავშეკავებულია, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა თქვას ივანიშვილმა მასზე და როგორი იარლიყებითაც არ უნდა შეამკოს.

რას ნიშნავს სამიზნედ ერთი ძირითადი ადრესატის, ანუ ირაკლი კობახიძის ამორჩევა? შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ კობახიძის „ქართული ოცნება“ სხვა არის და ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ სხვა?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დანდობას ერთი მიზანი აქვს. კერძოდ, გახარია მაინც ორიენტირებულია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე, რადგან „ნაცები“ მას ხმას არასდროს მისცემენ. ამიტომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი რომ ლანძღოს, ანუ უპასუხოს იმას, რაც ბიძინამ გააკეთა (და ბიძინამ ის შეარცხვინა, სამარცხვინო უწოდა მის ქცევას), ის დაკარგავს ყველანაირ ელექტორალური მხარდაჭერას. ანუ „ოცნების“ წიაღში ვინც არის, ისინი გახარიას ბიძინას ლანძღვას არ აპატიებენ.

„ირაკლი კობახიძეს რომ არტყამს, ეს მარტივად ასახსნელია. ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პერსპექტივა „ქართული ოცნებისთვის“, რომ ერთ დროს ივანიშვილის გარშემო პირად ურთიერთობებზე დამყარებული პოლიტიკური გაერთიანებიდან „ქართული ოცნება“ გადაწყობილიყო საქმის ინტერესებზე ორიენტირებულ პარტიად. ირაკლი კობახიძის დაწინაურება ამ მხრივ იყო კონცეპტუალური ნაბიჯი. ირაკლის სახით ბიძინა ცდილობს, არა პირად ურთიერთობებზე, არამედ საქმის ინტერესებზე ააგოს პოლიტიკური პარტია, გახარიას კი ისევ პირად ურთიერთობებზე გადაჰყავს ყველაფერი. გახარიას გარშემო შემოკრებილი ხალხიც ეს არის ბიუროკრატიის პატრიმონიალური ნაწილი, რომელიც კარიერას პირადი ურთიერთობებით აგებს და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ორი მიმართულებაა და „ქართული ოცნების“ შიგნით კონფლიქტი ამას შეიძლება დავუკავშიროთ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისივე აზრით, ირაკლი კობახიძე გუნდს განასახიერებს, ბიძინა რომ წავიდა და კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, სწორედ ამას ვარაუდობდა, რომ ეს როლი გადაიბარა ერთმა ადამიანმა კი არა, არამედ გარკვეულმა ინსტიტუციამ.

„გახარია ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ის გახლავთ ექსტრავერტული ფსიქოლოგიური ტიპი, რომელიც ლიდერია, პიროვნულ ხიბლზეა აგებული მისი გავლენები, საქმის ინტერესებს აწყობდა კიდეც გარკვეულ ეტაპზე გახარია, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, მან მოვლენები პიროვნულად ვერ გადახარშა და შეიძლება სწორედ ამან მიიყვანა ღალატამდე. ასე თუ ისე, ეს იყო ღალატი, ეს ღალატი იყო დანაშაულებრივ ამბოხებაში მონაწილეობა, თუ არ იყო, რაც ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ეჭვის სახით, ამას გარკვევა სჭირდება. შეიძლება ეს იყო დანაშაულებრივ ანტისახელმწიფოებრივ ამბოხებაში გარკვეული როლის თამაში. რასაკვირველია, ამას გამოძიების გარეშე ხელაღებით ვერავინ დაამტკიცებს“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილთან ხიდებს არ წვავს, შესაძლოა, გახარია ცდილობს, ისეთი სცენარი გაათამაშოს, რომ ის არის რეალური ძალა, რომელსაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილი დაეყრდნოს და არა ირაკლი კობახიძე, ან ირაკლი ღარიბაშვილი.

„შესაძლებელია, გავიზიაროთ ის აზრი, რომ გახარია პირველი ვეზირობისთვის იბრძვის მეორე ვეზირის, ანუ კობახიძის ჩასაძირად. ამის მიზანი კი ის არის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გახარიამ დაფინანსება ივანიშვილისგან მიიღოს. ალბათ, ივანიშვილს იგი მაინც პოტენციურ დონორად განიხილავს. ამიტომ ივანიშვილთან დაპირისპირება არ აწყობს, მას არ აკრიტიკებს, რადგან დე ფაქტო ლიდერი იყო და, ალბათ, დღესაც დე ფაქტო ლიდერად რჩება ივანიშვილი. თორემ მართლაც ჩნდება კითხვა, რატომ აკრიტიკებს კობახიძეს და არა ივანიშვილს? კობახიძისგან იგი არ ელოდება თანხების მოზიდვას საკუთარი პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა ივანიშვილისგან თეორიულად შესაძლებელია გარკვეული თანხების მოზიდვა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.

 

 

არაგველი641 კი მაგრამ ვის მოუვიდა თავში ივანიშვილისა და კობახიძის შედარება? აზროვნება სულ დაიკარგა?
1 თვის უკან
amo განიხილავს კი არა, არის კიდეც. აღდგომა და ხვალეო.
1 თვის უკან