ჩიორა თაქთაქიშვილი და სამი მილიონი

ჩიორა თაქთაქიშვილი და სამი მილიონი

წინა ხელისუფლების პირობებში ქართული საზოგადოება არაერთხელ გამხდარა იმის მოწმე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ინტერესებზე იხარჯებოდა. ამის მაგალითი მრავლად არსებობს და ამგვარი ფაქტები არაერთხელ გახმაურებულა. სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდზე“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არის პარლამენტის დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი.

რამდენიმე დღის წინ გადაცემა „არგუმენტებში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა, რომელიც ჩიორა თაქთაქიშვილთან ერთად დებატებში მონაწილეობდა, წარმოადგინა საქართველოს მთავრობის დადგენილებები, რომელთა თანახმად, ხიდაშელის თქმით, 2010, 2011 და 2012 წლებში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ამ ორგანიზაციას ყოველწლიურად მილიონი ლარი ერიცხებოდა. ამის გამო ხიდაშელმა ჩიორა თაქთაქიშვილი ფაქტობრივად კორუფციაში დაადანაშაულა, რაზეც თაქთაქიშვილისგან პასუხად მიიღო, რომ ამისთვის პასუხისგება მოუწევს.

ამ თემაზე თაქთაქიშვილსა და ხიდაშელს შორის მწვავე კამათი გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილს მოუწოდებდა, საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ ღებულობდა ეს ორგანიზაცია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამხელა თანხას და რაში დაიხარჯა ეს ფული. თაქთაქიშვილი კი ხიდაშელს ემუქრებოდა, ცილისწამებისთვის პასუხს გაგებინებო.

ამასთანავე, ჩიორა თაქთაქიშვილმა არ უარყო, რომ „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და აღნიშნა, რომ უამრავი სახელმწიფო საბჭოს წევრიც არის, რითაც ამაყობს. მისი განმარტებით, ამ თანხიდან ერთი თეთრიც არ მიუღია და თინა ხიდაშელს სწორედ ამიტომ ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში საჩივარი უფლებადამცველთა გაერთიანებამ შეიტანა. უფლებათადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის, ნოდარ ლიპარტელიანის მიერ მოწოდებული დასკვნებიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ  მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად მილიონ ლარს ურიცხავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ჩიორა თაქთაქიშვილს, აგრეთვე მაგდა ანიკაშვილსა და დავით ბაქრაძის მეუღლეს მაკა მეტრეველს. ეს თანხები მიდიოდა „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების“ ფონდში, სადაც ეს პირები მუშაობდნენ. აღნიშნული თანხების მიღება ხდებოდა შემდეგი სქემით: ფინანსთა სამინისტრო 2009-2010 წლებში სასჯელაღსრულების ანგარიშზე რიცხავდა წლიურად მილიონ ლარს, შემდგომ ეს თანხა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიდიოდა ორგანიზაცია „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების“ ფონდში. 2011-2012 წლებში კი, როცა ფინანსთა სამინისტრო წლიურად მილიონ ლარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ურიცხავდა, ეს უკანასკნელი ამ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციას ურიცხავდა.

თავად ეს თანხა, ანუ მილიონი ლარი წელიწადში, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საკმაოდ სოლიდურია, თუმცა „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ ოფიციალურ საიტზე ორგანიზაციის დონორებს შორის სახელმწიფო ბიუჯეტი მოხსენიებული არ არის. იქ მხოლოდ ის უცხოური, თუ საქართველოში მოქმედი ფონდებია ჩამოთვლილი, რომელთაგან ორგანიზაცია იღებს დაფინანსებას. ვებ-გვერდზე ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ მითითებულია, რომ ფონდი შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, კერძოდ, 2009 წლის 11 მაისის N233 ბრძანებულების საფუძველზე და ფონდის უშუალო დამფუძნებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

როგორც მოგახსენეთ, ჩიორა თაქთაქიშვილი ამ ორგანიზაციისგან რაიმე თანხის მიღებას კატეგორიულად უარჰყოფს, გამორიცხული არაა, რომ თაქთაქიშვილს ამ ფულიდან მართლაც არაფერი მიუღია, მაგრამ თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ინტერესებს მოხმარდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა კითხვები იბადება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ღებულობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ამ თემაზე იურისტებს ვესაუბრეთ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, სულხან სალაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის რაც მთავრობის დადგენილებებიდან გახდა ცნობილი, ეს ორგანიზაცია დაფუძნებიდან სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად მილიონ ლარს ღებულობდა. ამიტომ იურისტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი დეტალია, თუკი გადაწყვეტილი იყო ამ ორგანიზაციის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, მაშინ რატომ მაინცდამაინც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა იგი, როდესაც ეს თანხა პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში შეიძლებოდა ასახულიყო.

„მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რას აკეთებდა და დღეს რას აკეთებს ეს ფონდი, ამის შესახებ თუ არის ინფორმაცია. მაგალითად, ანგარიში თუ გამოქვეყნებულა, ან დამფუძნებელმა თუ იცის, რაში იხარჯებოდა ეს თანხები. ასევე მნიშვნელოვანია, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს ფონდი და არა სხვა არაკომერციული იურიდიული პირები, რომლებიც შეიძლება ამავე მიმართულებით და ამავე სექტორში მუშაობდნენ. ეს არის ის კითხვები, რომლებზეც პასუხების გაცემა ერთი მხრივ, ფონდმა უზრუნველყოს. მეორე მხრივ კითხვაზე - რა მიზანს ემსახურებოდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამ ფონდის დაფინანსება, შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც მაშინ მთავრობაში იყვნენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ“, - აცხადებს იურისტი.

მისი განმარტებით, როდესაც ფონდი ერთხელ დაფინანსდა მილიონი ლარით და თუკი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ ამ ორგანიზაციის დაფინანსება კიდევ მოუწევდა, ასეთ შემთხვევაში ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გაწერილიყო, რათა მისი გამოყოფა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აღარ გამხდარიყო საჭირო. აქვე სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რაში დაიხარჯა ეს თანხა, რადგან ეს საბიუჯეტო სახრსებია, რომლის ხარჯვაც აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. ამასთანავე, იურისტი ამბობს, რომ საზოგადოებას უნდა განემარტოს, რატომ გადაწყდა ფონდის წელიწადში მაინცდამაინც მილიონი ლარით დაფინანსება, რაზე იყო გათვლა გაკეთებული და რით არის დასაბუთებული, რომ ეს უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც მილიონი და არა მაგალითად, 900 ათასი, ან თუნდაც ორი მილიონი ლარი. სულხან სალაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ორგანიზაციის მესვეურებმა უნდა გააკეთონ განმარტებები და ასევე უნდა ახსნან და დეტალური ანგარიში წარმოადგინონ იმისა, თუ რაში დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფონდისთვის გამოყოფილი თანხები.

უფლებადამცველი ნინა ხატისკაციც ასევე ამბობს, რომ აუცილებლად განმარტებული უნდა იყოს, რას საქმიანობს ეს ფონდი და იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. ამასთანავე, ხატისკაცი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეს მსველობაც უნდა მიეცეს, რათა დეტალურად იქნეს შესწავლილი, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ეს ფული. რაც შეეხება მთავრობის სარეზერვო ფონდს, ნინა ხატისკაცი განმარტავს, რომ ადრე კანონმდებლობაში არსებული ნორმა, რომ სარეზერვო ფონდი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არსებობდა, გაუქმებულია და ამიტომ უკანასკნელ წლებში არსებობდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სარეზერვო ფონდებიდან ყველა ტიპის ღონისძიება ფინანსდებოდა, მათ შორის კონცერტებიც კი.

„აქედან გამომდინარე, პასუხის გაცემა იმაზე, თუ რამდენად მიზნობრივია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამგვარი ორგანიზაციის დაფინანსება, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ როდესაც საუბარია სამოქალაქო სექტორის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე, სახელმწიფოს მხრიდან მისი დაფინანსების ამგვარი წესი არ გამოირიცხება. ძალიან ბევრ სახელმწიფოში სამინისტროები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასეთი დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, წინასწარ ცნობილი უნდა იყოს კონკურსის პირობები და ეს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისთვის გადაცემული არ უნდა იყოს“, - ამბობს ნინა ხატისკაცი.

აქვე იგი განმარტავს, რომ ამ ორგანიზაციის დაფინანსების ფორმა არასამართლიანია, რადგან ამ კონკურსის შესახება არავინ იცოდა, ეს აბსოლუტურად არაგამჭვირვალე პროცესი იყო და თავად ამ ორგანიზაციის შესახებაც არავის ჰქონდა ინფორმაცია. ამასთანავე, ნინა ხატისკაცი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი თანხების ხარჯვის შესახებაც ინფორმაცია არ არსებობს, რაც თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ამ თანხების ხარჯვა არამიზნობრივად მოხდა. თავად ის ფაქტი კი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ კონკრეტულ ორგანიზაციაში ასე დაფარულად მიდიოდა საკმაოდ სოლიდური თანხები, ნინა ხატისკაცის განცხადებით, არასამართლიანია და ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია, საერთოდ არ იწვევს ნდობას. უფლებადამცველის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა ფაქტობრივად არ არსებობს. მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს სსიპ-ი, რომელიც საარჩევნო პროექტებს აფინანსებს და ესეც მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარის ფარგლებში ხდება. ამ ფონზე კი სამი მილიონი ლარით ერთი კონკრეტული ორგანიზაციის დაფინანსება ბევრ კითხვებს ბადებს. ამიტომ უფლებადამცველი აცხადებს, რომ ფონდის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა წარუდგინოს საზოგადოებას ამ ფულის ხარჯვის ანგარიში.

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა თინა ხიდაშელს არ ეთანხმება ერთ კონკრეტულ საკითხში. კუკავას განმარტებით, პირდაპირ ეთერში კომპრომატების აფრიალება შეუძლია მას, რადგან იგი ოპოზიციის წარმომადგენელია და ამით შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდოს. ხოლო როდესაც ხელისუფლება ოპოზიციონერს პირდაპირ ეთერში კომპრომატს უფრიალებს, კუკავას განცხადებით, ამას პოლიტიკური ზეწოლა ჰქვია.

„ქალბატონ ხიდაშელს, ჩემგან და ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით, შეუძლია ეს საქმე პროკურატურას გადასცეს, ან პარლამენტში შექმნას საგამოძიებო კომისია და ეს საქმე შეისწავლოს. დღევანდელი ხელისუფლება კი ძალიან ჰგავს კორუმპირებულ მილიციელს, რომელიც სპეციალურად არ იჭერს ქუჩის ნარკომანს და მასთან რაღაც კულუარულ გარიგებაშია. ამიტომ „ქართული ოცნების“ არც ერთ კომპრომატს, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იქნას გამოყენებული, არ აქვს არანაირი ფასი, თუ ეს შესაბამისმა უწყებამ, ანუ მთავარმაპროკურატურამ არ გააკეთა. თუ არის კომპრომატი (და სავარაუდოდ, ეს არის კომპრომატი და ჩიორა თაქთაქიშვილი ბიუჯეტიდან ფულს იპარავდა), რატომ არ ეძლევა ამ საქმეს შესაბამისი მსვლელობა?“, - აღნიშნავს კუკავა.

მისი თქმით, თუ ჩიორა თაქთაქიშვილმა კანონი ერთხელ დაარღვია, „ქართული ოცნება“ ორჯერ არღვევს მას. კერძოდ, კუკავას განცხადებით, თინა ხიდაშელი კანონს არღვევს იმით, რომ ამ მასალებს პროკურატურას არ გადასცემს, ხოლო მეორე დანაშაულს სჩადის პროკურატურა, როდესაც ასეთი კატეგორიის დანაშაულებს არ იძიებს და ამას სამსახურეობრივი გულგრილობა ჰქვია. რაც შეეხება თავად ამ ფონდის დაფინანსებას, კახა კუკავა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ პარტიას აფინანსებდა და ამაზე იმდენი ინფორმაცია და დოკუმენტები არსებობს, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის სამი მილიონი აქ ანგარიშშიც არ არის მოსატანი. კუკავა ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ ნათქვამსაც ეხმაურება, როდესაც დეპუტატმა თქვა, რომ ამ თანხიდან ერთი თეთრიც არ მიუღია.

„საერთოდ უნდა ვიცოდეთ, როგორ ხდებოდა ასეთი რაღაცეები. რა თქმა უნდა, სამი მილიონი ჩიორა თაქთაქიშვილს ჯიბეში არ ჩაუდია. ასეთი ფულის დიდი ნაწილი პარტიული ამოცანებისათვის იხარჯებოდა, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ბიუჯეტიდან ერთი არასამთავრობოსთვის ამხელა ფული გამოიყოფა (სამი მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი თანხაა), შემიძლია ვივარაუდო და ამაზე დანამდვილებით არჩილ კბილაშვილმა უნდა ილაპარაკოს, 100-200 ათასი ლარი ჩიორა თაქთაქიშვილსაც ექნება მოციცქნილი“, - აცხადებს კუკავა.

მისი თქმით, სამი მილიონი ლარი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა და როდესაც ამხელა ფული „სამკაციანი“ ორგანიზაციისთვის გამოიყოფა, ნათელია, რომ ნახევარი მიდის ჯიბეში, ხოლო მეორე ნახევარი პარტიული მიზნებისთვის იხარჯება.

იმის გასარკვევად, თუ რას აკეთებდნენ პარლამენტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოში, მათთან დაკავშირება ვცადეთ. ჩიორა თაქთაქიშვილთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო მაგდა ანიკაშვილი for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ სამეთვალყურეო საბჭოში საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. ამიტომ მისი თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ ის სადღაც მუშაობდა, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა სადმე მუშაობას არ ნიშნავს.

„ერთი თეთრიც კი არ მიმიღია ამ ორგანიზაციიდან და ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ჩემს ანგარიშზე იქიდან რაღაც თანხები ირიცხებოდა, სრული აბსურდია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა სპეციფიურია და საუბარია იმაზე, რომ საკუთარი მოსაზრება უნდა დააფიქსირო - მოგწონს თუ არა ესა თუ ის პროექტი და ღირს თუ არა, რომ ასეთი რამ დაფინანსდეს“, - ამბობს მაგდა ანიკაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, რას საქმიანობს ეს ფონდი და იცის თუ არა, რაში დაიხარჯა ის სამი მილიონი, მაგდა ანიკაშვილი პასუხობს, რომ ფონდის საქმიანობა გამჭვირვალე იყო, მის მიერ კონკურსები ღიად ცხადდებოდა და ფონდის ადმინისტრაცია ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოეზიდა და კონკურსის დასრულება მედიითაც შუქდებოდა. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ფონდის პრიორიტეტები იყო გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ა.შ. ასევე ანიკაშვილის თქმით, პრიორიტეტი იყო უფრო მეტად რეგიონული ორგანიზაციების დაფინანსება და მცირე გრანტები, 5-10 ათასი ლარის ფარგლებში. აქვე იგი აღნიშნავს, რომ მისი ფუნქცია მონიტორინგის განხორციელება არ იყო, ამიტომ არ შეუძლია იმის თქმა, ფონდიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა რამდენად პირნათლად შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები. მაგდა ანიკაშვილმა არ იცის, რატომ არ არის სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე დონორებს შორის მითითებული სახელმწიფო დაფინანსების წყარო, თუმცა ამბობს, რომ ფონდს დაფინანსების არც ერთი სხვა წყარო, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტისა, არ ჰქონია. თუმცა სხვაზე მეტყველებს ფაქტები, რაც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა (http://www.cidf.ge/index.php?option=com_content&view=article&id=8&Itemid=5&lang=ka) მითითებული.

„თავიდანვე აბსოლუტურად გაცხადებული იყო, რომ ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და ეს არც არავის დაუმალავს“, - ამბობს მაგდა ანიკაშვილი, თუმცა შეგახსენებთ, რომ ფართო საზოგადოებისთვის ფონდის დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა ცნობილი. ამიტომ იურისტების შეფასებებსაც თუ გავითვალისწინებთ, სასურველია, ფონდის მესვეურებმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინონ, რადგან ფონდის ვებ-გვერდზე ფინანსური ანგარიში არ იძებნება.