უცნაური ინფორმაცია მოვიდა მოსკოვიდან, რომლის მიზანიც ალბათ მომავალში გაიშიფრება. საქმე ის არის, რომ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე მოსკოვში და საერთოდ, რუსეთში არსებული ქართული სათვისტომოები და ორგანიზაციები გამოვიდნენ ინიციატივით - მხარი დაუჭირონ ერთადერთ პიროვნებას... ვლადიმერ პუტინს!
მოსკოვში გამართულ საგანგებო თავყრილობაზე - მოსკოვის ქართულმა სათვისტომომ, ორგანიზაციამ „ქართველები რუსეთში“, საერთაშორისო ასოციაციის „ქართველი ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მოსკოვის განყოფილებამ, კლუბმა „მოსკოვი-ჯორჯიამ“, ორგანიზაცია „ქართველი ახალგაზრდების მოსკოვის კავშირმა“, რუსულ-ქართულმა საზოგადოებამ „ძალისა“ და მოსკოვის საზოგადოებამ „აჭარა“ მიიღეს ერთობლივი მიმართვა თავიანთი წევრებისა და რუსეთის მოქალაქე ყველა ქართველი ამომრჩევლისადმი, რომ ხმა მისცენ პუტინს!
მიმართვაში, კერძოდ, ნათქვამია: „ვლადიმერ პუტინი ღირსეული კანდიდატი და ღირსეული შვილია თავისი ერისა. ახალგაზრდა, ენერგიული, არაჩვეულებრივი მეოჯახე და, რაც მთავარია, უსაზღვროდ შეყვარებული რუსეთზე...“
ამ ორგანიზაციების აზრით, პუტინის გაპრეზიდენტება ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესებას!
რუსეთში მცხოვრებმა ქართველთა საინიციატივო ჯგუფმა პირადი წერილითაც მიმართა პუტინს და მხარდაჭერა აღუთქვა არჩევნებში.
ეს, რა თქმა უნდა, კარგი საქმეა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ანალოგიური მხარდამჭერი წერილებით მიმართეს პუტინს არძინბამ და ჩიბიროვმაც, მოსკოველმა აფხაზებმა და ოსებმაც, სადაც „იმედს გამოთქვამენ, რომ პრეზიდენტი პუტინი ხელს შეუწყობს აფხაზი და ოსი ხალხების „მრავალსაუკუნოვან ბრძოლას“ თვითგამორკვევისა და თავისუფლებისათვის...“