„ლარის კურსის დასტაბილურება შეუქცევადია, კიდევ უფრო გამყარდება და ჩემი ვარაუდით, ლარი 3.00 – 3, 10-ის ფარგლებში იქნება“

„ლარის კურსის დასტაბილურება შეუქცევადია, კიდევ უფრო გამყარდება და ჩემი ვარაუდით, ლარი 3.00 – 3, 10-ის ფარგლებში იქნება“

რეკორდულად გაუფასურებული ლარი გამყარებას იწყებს. ოფიციალური მონაცემებით, ლარის კურსზე გავლენა, ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციებმა იქონია. არის მოლოდინები, რომ ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, მომდევნო პერიოდი, ეროვნული ვალუტისთვის უფრო სტაბილური იქნება.

რაც შეეხება ფაქტორებს, რამაც ლარის კურსზე ასე მოულოდნელად იქონია გავლენა, ამაზე ოფიციალური განმარტებაა, რომ პირველ კვარტალში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პროგნოზებისგან განსხვავებით, როცა საუბარი იყო 3,5%-ან ეკონომიკური ზრდაზე, ფინანსთა სამინისტრო 4,3%-ან მაჩვენებელს პროგნოზირებდა, თუმცა, რეალურად, ეკონომიკური ზრდის საპროცენტო მაჩვენებელი 6,5%-მდე გაიზარდა. მეტიც, ოფიციალური ეკონომიკური წრეები ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ციფრსაც პროგნოზირებენ. ამ მოსაზრებას იზიარებს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ლარის კურსის გამყარება შეუქცევადი პროცესია და კიდევ მეტ დადებით მოვლენებს უნდა ველოდოთ. ცუცქირიძე ლარის სავარაუდო კურსსაც ასახელებს და ამბობს, რომ ლარის კურსი 3.00-3,10-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ვალუტის გამყარების მიზეზებს, მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნა პირდაპირ კავშირში იყო „ლოქდაუნთან“, ხოლო დღევანდელი პროცესები კი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში უნდა შეფასდეს.

გიორგი ცუცქირიძე: ლარის კურსის ვარდნა დაკავშირებულია პირველ „ლოქდაუნთან“, შემდეგ კი მეორესთან. რაც დღეს ხდება, ეკონომიკური განვითარების კონტექსტში უნდა შევაფასოთ. ჯერ კიდევ მარტში ჩანდა, რომ ეკონომიკა გამოცოცხლებას იწყებდა, როცა ეკონომიკის ზრდა 6% იყო. თუმცა, საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან მაინც უარყოფითი იყო. აპრილში საკმაოდ მაღალი იყო ექსპორტის ზრდა, დაახლოებით, 70%. ასევე, აპრილში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 45% გვქონდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. გაუმჯობესებული იყო სხვა მაჩვენებლებიც, მაკროფაქტორები, მათ შორის, ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გასულ წელთან შედარებით, ეკონომიკა იანვრიდან აპრილის ჩათვლითაა გაზრდილი – 8%-ზე მეტით. ეს ფაქტორები რომ შევაფასოთ, ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული სავალუტო კურსთან, ანუ მაკროფაქტორებთან. ამიტომ, ლარის გამაყარება დღეს უკვე არის არა განწყობების შედეგი ან შემთხვევვითობა, არამედ მაკროფაქტორების ზეგავლენაა. ვხედავთ, რომ ბოლო 1 თვის მანძილზე ლარი მნიშვნელოვნადაა გამყარებული. ახლა პროგნოზიც კი შემიძლია, ვთქვა: ლარის კურსის დასტაბილურება შეუქცევადია, კიდევ უფრო გამყარდება. ჩემი ვარაუდით, ლარი 3.00 – 3, 10 -ის ფარგლებში იქნება. პირველ რიგში, ეს პროგნოზი ეყრდნობა იმას, რომ მაისშიც, როგორც აპრილში, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: იანვარ-მაისის მაჩვენებელი, ყველა გათვლით, მათ შორის, ჩემი პროგნოზითაც, იქნება ზრდის ორნიშნა რიცხვზე.

სამომხმარებლო კალათაზე ფასების ზრდა, საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ეს დადებითი ტენდენციები თუ აისახება ფასებზე?

- გეთანხმებით, ლარის გაუფასურება, რაც საკმაოდ მაღალი იყო, სამომხმარებლო კალათასა და ინფლაციაზე პირდაპირ აისახა. აპრილში 7,4% იყო ინფლაცია. ლარის გამყარების ფაქტორი ინფლაციაზეც იმოქმედებს, მაისში ის უფრო შემცირებული იქნება. ეს ყველფერი ფასებზეც აისახება. არის ხოლმე მოლოდინი, თუ ლარი გამყარდა, ფასები რატომ არ იწევს? აქ მარაგების თემაა. მარაგები როცა ამოიწურება, დაახლოებით, 10-14 დღის შემდეგ, ფასები დაწევას დაიწყებს, ფაქტობრივად, ყველა პროდუქციაზე, მათ შორის ნავთობზე, ბენზინზე, სასურსათო პროდუქციაზე.

თქვენი პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურად ჟღერს, მაგრამ მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რომ გაზრდილ გადასახადები და სურსათზე მომატებული ფასები კლებისკენ წამოსულიყო, თქვენ თუ გაიხსენებთ ასეთ ფაქტს ბუნებრივ აირზე ფასის მატება ამ მძიმე პერიოდში, უმუშევრობის ფონზე, ეს დიდი დარტყმაა მოსახლეობისთვის..

- ლარის გაუფასურებამ გამოიწვია ენერგეტიკული კომპანიის ზარალი. თუ ლარის კურსი დაკორექტირდება, შესაძლოა, თვითონ კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება გაზის ტარიფის შემცირებაზე. მიზეზი, რამაც გაზის ტარიფის ზრდა გამოიწვია, პირდაპირ იყო დაკავშირებული სავალუტო კურსთან. ზოგადად, ფასების კლება სავარაუდოა დაახლოებით ათ დღეში, მას შემდეგ რაც მარაგები ამოიწურება. ეს ლოგიკურიცაა, გაძვირებულ პროდუქტს მოსახლეობა ნაკლებს ყიდულობს და ბრუნვაც ნაკლები აქვთ კომპანიებს, ამიტომ, ფასების კლება თავად კომპანიების ინტერესებშია. ლარის კურსი ბოლო პერიოდში იყო მუდმივად გაუფასურებული და შესაბამისად ფასების კლება არ დაფიქსირებულა. 3-4 წლის წინ გვქონდა ძალიან დაბალი ინფლაცია. ბოლო ორი წელია ინფლაცია მიზნობრივზე მაღალია. ამიტომაც მსგავს მაგალითებს ვერ გავიხსენებ.

ტურიზმის წილი რა იქნება ამ პროცესებში, ჩვენი მოლოდინები ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის?

- ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კურსთანაცაა დაკავშირებული და ეკონომიკურ ზრდასთანაც, ტურიზმია. პანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურისტული ინდუსტრიის გაჩერებით მიიღო. ყველა პროგნოზით, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ გამოცოცხლებაა, 2019 წლის მაჩვენებელთან მიმართებაში ტურიზმი, დაახლოებით 40-45%-ით შეიძლება, აღდგეს. ეს პოზიტურად აისახება ლარის კურსზეც და ეკონომიკურ ზრდაზეც. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი პროგნოზი შემიძლია, ვთქვა, წლის ბოლოსაც ეკონომიკური ზრდის ორნიშნა რიცხვით დავასრულებთ. ჩემი პროგნოზი, სავარაუდოდ, 11% იქნება. ეს არის პოზიტიური განწყობა. ტურიზმის აღდგენის შეფასების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. მარტო ტურიზმის აღდგენა კი არა, ამ დადებით ტენდენციებს ძალიან ბევრი ბმა აქვს. ამიტომ, ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოახდენს გავლენას ეკონომიკის ზრდაზე. ჩვენ ამ წელს, არათუ რეცესიიდან გამოვალთ, არამედ ორნიშნა ზრდის ციფრითაც დავამთავრებთ. ასევე, ჩვენ ვნახავთ, რომ დაიწევს ინფლაციაც. ასე რომ, ჩემი შეფასება საკმაოდ ოპტიმისტურია.

 

 

 

ლაზი ყველა პროფესიონალი, ავტორიტეტული, ეკონომისტი თავს იკავებს ლართან დაკავშირებული, მიმდინარე პროცესით აღტაცებისაგან. ეს გაურკვეველი სტატუსის ექსპერტები კი ამტკიცებენ "10-14 დღის შემდეგ, ფასები დაწევას დაიწყებს, ფაქტობრივად, ყველა პროდუქციაზე, მათ შორის ნავთობზე, ბენზინზე, სასურსათო პროდუქციაზე." ერთი ფაქტი დაასახელოს, როცა კურსის "გამყარებას" ფასების თანაზომადი შემცირება მოყოლოდეს და ისევ დაცემისას ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, "გამყარებამდელ" დონესთან შედარებით, ფასების მინიმუმ 10% -იანი ზრდა არ გამოეწვიოს.
ვალუტის კურსის ცვლილება სტადიონის ბალახის სათიბელასავითაა. ორივე მიმართულებით მოსახლეობის ჯიბეს კრეჭს და ბიზნესს განუზვრელობის, დამაზიანებელ, გარემოს უქმნის. ამ დროს, სავალუტო ოპერაციებით, სარგებლობენ მხოლოდ ბანკები, რაც ამ სფეროს ექსპერტისათვის კარგად უნდა იყოს ცნობილი.
3 წლის უკან