"ტოტენჰემს" პაულუ ფონსეკა ჩაიბარებს

ლონდონის „ტოტენჰემს“ დიდი ალბათობით პაულუ ფონსეკა ჩაიბარებს. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი და ინგლისური კლუბი შეთანხმდნენ.

ფონსეკასთან მოლაპარაკებები ფაბიო პარატიჩიმ წარმართა, რომელიც აქამდე „იუვენტუსში“ მუშაობდა და ჯერ ოფიციალურად „ტოტენჰემში“ არ დასაქმებულა, მაგრამ მისი „დეზებში“ გადასვლა გადაწყვეტილია და ის უკვე მუშაობას არაოფიციალურად შეუდგა კიდეც.

„ტოტენჰემი“ ფონსეკას 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდგომაც ინფორმაცია ოფიციალურადაც უნდა დაადასტურონ.

ფონსეკა გასულ სეზონში „რომას“ ავარჯიშებდა, კარიერის განმავლობაში კი „შახტარში“, „ბრაგასა“ და „პორტუში“ უმუშავია. „ტოტენჰემს“ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, რომელმაც „რომაში“ სწორედ ფონსეკა შეცვალა, ხოლო სეზონი დროებითი მწვრთნელის სტატუსით რაიან მეისონმა ჩაამთავრა.