„ნიკა მელია, ცოტა ხნის წინ, თავისი პარტიის რეალურ ლიდერს დასჯილ მოსწავლესავით უსმენდა... მას არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის“

„ნიკა მელია, ცოტა ხნის წინ, თავისი პარტიის რეალურ ლიდერს დასჯილ მოსწავლესავით უსმენდა... მას არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის“

77 მომხრე, 23 წინააღმდეგი – შვიდსაათიანი მწვავე პოლიტიკური დებატების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19–20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტს, როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტმა კენჭი არ უყარა.

კანონპროექტის განხილვას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნიკა მელიას ამნისტია არ სჭირდება. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აკო მინაშვილმა აღნიშნა, ამნისტიაზე საუბარი მხოლოდ კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნის შემდეგ დასრულდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უპასუხა ალეკო ელისაშვილმა და მიმართა:

„ნიკა მელიას გამო შევთანხმდით, ციხეში რომ იყო და სასჯელისგან რომ გათავისუფლებულიყო, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოვსულიყავით, ამიტომ ჩავწერეთ ის ამნისტია. ჰოდა, ახლა თქვენ რომ იძახით, არც ხელს ვაწერთო და საერთოდ რატომ იხილავთ კანონპროექტს და საერთოდ ნუ შემახებთ ამნისტიასო, უხერხული არ არის ეს ამბავი? გადავდოთ ეს პოლიტიკა, ნიკა მელიას გამო კეთდება ეს ამბავი. ამაზე როგორ იძახით უარს, გამაგებინეთ! ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან. თქვენ კი არ გამოგიყვანიათ, შეთანხმებამ გამოიყვანა. ასე რომ, უხერხულია, ეს ოხერი!“.

ოპონენტებს მიმართა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა: „არ გვინდა ამნისტიაო ამბობთ, თან ამბობთ შეახეთ ამნისტიაო და ჩამოყალიბდით, გინდათ ამნისტია, არ გინდათ. მაგრამ რა მორალური უფლებით საუბრობთ საერთოდ? ამნისტია გინდათ თუ არ გინდათ, ამას კი არ გეკითხებათ ვინმე. თქვენი გადასაწყვეტი არ არის და „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არ იტრიალებს. „ქართული ოცნება“ ერთგულია ევროპული შეთანხმების, სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმებით მიღებული დოკუმენტის და ჩვენ ამ შეთანხმების ერთგული ვრჩებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელია არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის. კობახიძის თქმით, ნიკა მელიამ ვერ შეასრულა თავისი სიტყვა და აქვე ამბობს, რომ როგორც სხვა სიტყვების უკან წაღება მოუწია „ნაციონალურ მოძრაობას“, ზუსტად ასე მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება.

„ძნელი მოსასმენია, როცა ასეთ რამეს ვისმენთ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, არც მეტი არც ნაკლები - პარლამენტში შეღწევის მცდელობისთვის. ეს არის მძიმე, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის, ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მისი მხრიდანაა ჩადენილი და ის რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსებსა და პარტიებს მომავალი არ და ვერ ექნება. ყველაფერს საზოგადოება გასცემს პასუხს. „არ გადავიხდი ვერ დამიჭერთ!“ – ყველას გახსოვთ ნიკა მელიას ეს ცნობილი ფრაზა, ყველას ისიც გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ. „ვერ გადამიხდით არ გამოვალ“ – ესეც კარგად გვახსოვს, ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა. ვერც ამ შემთხვევაში შეასრულა თავისი სიტყვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო–პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უმრავლესობასთან შეხვედრაზე არ შეთანხმებულან ამნისტიის კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც „ტაშით დაამტკიცეს“. მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ამნისტიის შესახებ ჩანაწერი, მხოლოდ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით გაკეთდა.

„ამნისტიის შესახებ ჩანაწერი შარლ მიშელის დოკუმენტში გაკეთდა ერთადერთი მიზნით და ეს მიზანი იყო ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ამიტომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ შარლ მიშლის დოკუმენტს შემოუერთდა თუ არ შემოუერთდა ოპოზიციის ნაწილი, შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ იმ ოპოზიციის სახელით, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ ტაშით დაამტკიცეთ.

ჩემთვის გაუგებარი იყო იმ დღეს და გაუგებარია დღესაც, რას დაუკარით ტაში და რას უკრავთ ტაშს მეორეჯერ – თუ ისევ მარტო უმრავლესობა მიიღებს იმ კანონპროექტს, რომელიც არის აცდენილი, როგორც მიშელის შეთანხმებას, ასევე იმ სულისკვეთებას, რომ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე აქ ამ დარბაზში მივიღოთ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები?“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ მის გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული აქვს აქტი, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისის დაზარალებულებს სიცოცხლის ბოლომდე ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევა. ვაშაძემ კოლეგებს მოუწოდა, რომ აღნიშნულ აქტს შეუერთდნენ და ამ გზით ერთად მოუხადონ ბოდიში მოქალაქეებს, რომ მათი დაცვა ვერ მოახერხეს.

„ნუ დავიწყებთ იმის გარჩევას, ვინ არის დამნაშავე თუ უდანაშაულო ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ ვაღიაროთ, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თვალი. არიან ადამიანები, რომლებსაც დაუზიანდათ და დაუმახინჯდათ სიცოცხლე მთელი ცხოვრების განმავლობაში და შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მივიღოთ ყველამ ერთად კანონპროექტი, რომლითაც კომპენსაციას მივცემთ თითოეულს, ვინც დაზარალდა, ასევე დავუნიშნავთ სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო პენსიას და დავუფინანსებთ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევას. მიუხედავად იმისა, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალაა ამაში დამნაშავე, მეც მოვიხდი ბოდიშს, რომ ვთქვა, ეს არის აქტი, რომლის მიხედვითაც, თქვენ იქნებით დაზღვეული სიცოცხლის ბოლომდე და გექნებათ შესაბამისი კომპენსაცია. ეს იქნება სწორი აქტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Katana . გიორგი ვაშაძეს!
თქვენი სპეცნაზის მიერ სხვადასხვა აქციაზე დაზარალებულებს - თვალებდათხრილებს, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულებს, მაღაზიის სახურავზე შემოდებული გვამების პატრონებს... უკვე მოუხადეთ ბოდიში და დაუნიშნეთ პენსიები სიცოცხლის ბოლომდე?
2 წლის უკან
sapiqrali ისე ეტყობა მეც მხედველობის პრობლემა მაქვს - იქ მშვიდობიანი აქცია ვერ დავინახე. პატარა გოგონას თვალის დაკარგვა საშინელებაა, მაგრამ 26 მაისს თვალი რომ დაკარგა ბ.ტ. -მ , მისი თვალი მოსაცვლელი კბილი იყო, რატომ არ დასაჯეს ის სპეცრაზმელი, ვინც ახალგაზრდა კაცს თვალი გამოთხარა? მაშინ სად ბრძანდებოდით ბატონო ვაშაძე ან ქ-ნო სამადაშვილო?
2 წლის უკან