„გახარია ოპოზიციისთვის არის ღმერთისგან მოვლენილი მაშველი რგოლი, მაგრამ ისე გაშმაგებით მიესიენ, იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც თვითონ უნდა დასხდნენ ოქტომბერში“

„გახარია ოპოზიციისთვის არის ღმერთისგან მოვლენილი მაშველი რგოლი, მაგრამ ისე გაშმაგებით მიესიენ, იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც თვითონ უნდა დასხდნენ ოქტომბერში“

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ გარკვეულ პრივილეგიებს კარგავს. ამ მიმართულებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“კანონში, „საარჩევნო კოდექსში“ და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი უმრავლესობის წევრების ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნეს. ოპოზიციური პარტიების პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითია. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია სავარაუდოდ ამ ინიციატივას კანონის სახეს ძალიან მალე მისცემს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება თავისი ქმედებით სიტუაციას ძაბავს.

სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნება“ სიტუაციის გართულებას ცდილობს. პარტიების დაფინანსება არ არის დამოკიდებული მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე და არც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. აქ არის ერთადერთი კრიტერიუმი – არჩევენებში მიღებული ხმების რაოდენობა. ამის შემდეგ, იქ რაღაც დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ საერთოდ შეუძლებელია კონსტიტუციაზე მაღლა დააყენო თუნდაც საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში განსახილველი ხელშეკრულება. ანუ, ეს ხელშეკრულება არ არის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება, ამიტომ აქ, ვალდებულებების თვალსაზრისით, უფრო დაბალი ხარისხია. ამიტომ, ის ვერსია, რომ ვინც ხელს არ მოაწერს მას გარკვეული შეზღუდვები ექნება, ეს შეუძლებელია. მაგალითად, სააკაშვილის დროს, ლეიბორისტები არ შევიდნენ პარლამენტში მაგრამ, ხელფასს იღებდნენ. რა, სააკაშვილი უფრო გულმოწყალე იყო ვიდრე ესენი? არა, ეს საერთაშორისო სკანდალია.

„ქართული ოცნება“ რატომ მიდის ასეთ ნაბიჯზე, სკანდალები აკლია?

– გაუგებარია. სააკაშვილი ერიდებოდა ასეთ რამეს, ცდილობდა, რომ ასეთ წვრილმან რაღაცეებზე არ გამოკიდებოდა პარტიებს, სააკაშვილი თავს უფრო ძლიერად გრძნობდა. ასეთ წვრილმანებზე გამოკიდება ეს მხოლოდ სუსტების სახეა. „ოცნება“ იძულებული გახდა ისეთი რაღაცეები დაეთმო, თუ ოპოზიცია სწორად მოიქცა, ეს დათმობები „ოცნებას“ აუცილებლად დაუჯდება ხელისუფლების დაკარგვის ფასად. ამიტომ, ახლა ისეთ წვრილმანებს ეკიდება, რომელიც მას არაფერს მისცემს, გარდა იმისა, რომ მათ იმიჯს დააზიანებს. საქართველო არ არის ბელორუსია და არც „ოცნებაა“ ლუკაშენკო, რომელსაც შეუძლია თავს უფლება მისცეს, რომ შუა ევროპაში იყოს დიქტატორი. მაშინ როდესაც, ევროპა აფრიკაში ებრძვის დიქტატორებს, აგერ ცხვირწინ ითმენს ამ დიქტატორს. ლუკაშენკო მოქმედებს: - „მანამ ღმერთი გწყალობს ეშმაკი რას დაგაკლებს“ და მისი ღმერთი პუტინია.

 „ოცნების“ ღმერთი ვინ არის?

– „ოცნებას“ ყავდა ღმერთი ივანიშვილის სახით და აღარ ყავს. იმ ღმერთმა უთხრა, ცხრა წელი ეს უსაქმურები გარჩინეთ და ახლა თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენს თავებსო.

ალბათ, იგივე შეიძლება ვთქვათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზეც, რამდენ ხანს დაკავდებიან ჩვენი პრობლემებით და პარტიების შერიგებით, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლების ცვლილებაზე ხომ არ დაფიქრდება ამერიკა და ევროპა?

– ამერიკელებიც და ევროპელებიც, კარგად ხედავენ, რომ ჩვენთან ხელისუფლების შეცვლა გაცილებით რეალურია, ვიდრე, ვთქვათ, ბელორუსიაში, ამიტომ უყურებენ ჯერ ამ სიტუაციას. მე გაოცებული ვარ, ნუთუ ოპოზიციაში ერთი განათლებული ადამიანი არ არის, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციის ხსნა, რომ „ოცნებამ“ ის 43% ვერ მიიღოს, ეს არის გახარია. ამის მაგივრად, გახარიას ყველა მხრიდან მიესიენ. მხოლოდ გახარიას შეუძლია დღეს, შემოდგომაზე ელექტორატის ისეთი დიდი ნაჭერი ჩამოაჭრას „ოცნების“ ნამცხვარს, რომ ეს 43 პროცენტი აღარ დარჩება „ოცნებას“. თუ გახარიამ 5–6% ვერ დააგროვა, მაშინ ოცნება 43 პროცენტსაც მიიღებს და კიდევ მეტსაც და ვადამდელი არჩევნებიც ამბავიც მითად იქცევა. პოლიტიკაში მარტო შენი ემოციებით და გრძნობებით იხელმძღვანელო, ასე ვერ გამოდის. პოლიტიკა არ არის კეთილშობილების და გრძნობების მოედანი. თუ ასეთი რამე გინდა, მაშინ მონასტერში უნდა წახვიდე, რა გინდა პოლიტიკაში. იმაზე ლაპარაკი ვინ გასცა ბრძანება დარბევაზე და ასე შემდეგ, რაშიც გახარიას ბრალს სდებენ, იქ დიდი ნაწილი სიმართლეა, ალბათ, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ამ თემებზე ლაპარაკის დრო არ არის. გახარია ოპოზიციისთვის არის ღმერთისგან მოვლენილი მაშველი რგოლი. მხოლოდ გახარიას შეუძლია გახლიჩოს „ოცნება“ და ჩამოაჭრას მას ელექტორატის ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ვადამდელი არჩევნებისთვის. ამიტომ, მე რასაც ვუყურებ, როგორი გაშმაგებით მიესიენ ყველა მხრიდან გახარიას, ამით ისინი იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც თვითონ უნდა დასხდნენ ოქტომბერში. 

ჩვენ ვნახეთ გახარიას შემოსვლა პოლიტიკაში და მთავარი კითხვა - როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი?

– ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გახარია სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობით, ან თუნდაც ნეიტრალიტეტით. როგორც ჭკვიან ადამიანს, ბიძინა ივანიშვილიც არ შეიძლება დაფიქრებულიყო იმაში, რომ პროექტი „ქართული ოცნება“ დამთავრებულია, რაღაც ახალია უკვე საჭირო და ეს ახალი, შემდეგ იქნება კოალიციური მთავრობა. ბიძინა ივანიშვილის გათვლებით, მე არ გამოვრიცხავ, რომ მას აწყობს კოალიციური მთავრობა, მაგრამ „ოცნებას“ არ აწყობს, იმიტომ, რომ „ოცნება“ მიეჩვია მონოპოლიას. ამ დროს კი, გამოსავალი არის მხოლოდ კოალიციური მთავრობა. მაგალითად, ნაციონალებმა რომ მოინდომონ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა, რაიმე ქონების ჩამორთმევა, ვერ გაიტანენ თავისას, იმიტომ, რომ იქ სხვა პარტიები იქნებიან და ვიღაც არ დაუჭერს მხარს. აი, ეს არის გამოსავალი და ჭკვიანი პოლიტიკოსი ამას მიხვდება. ამ ხალხს, ელემენტარულად, ორი წიგნი არ აქვს წაკითხული. მე ოპოზიციას ერთ ისტორიულ ფაქტს გავახსენებდი, როდესაც გერმანელები თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირს, ჩერჩილს ეკითხებიან - კი მაგრამ, თქვენ მთელი ცხოვრება კომუნისტების ლანძღვას შეალიეთ თავი და ახლა კომუნისტების მოკავშირე გინდათ გახდეთო? ჩერჩილმა უპასუხა, რომ მე ორივე ერთნაირად მძულს, კომუნისტებიც და ჰიტლერიც, მაგრამ დღეს, ჰიტლერი უფრო საშიშია ჩვენთვის ვიდრე სტალინი. ამიტომ, მე ეშმაკთან დავდებ ხელშეკრულებას ჰიტლერის წინააღმდეგო. აი, ეს არის პოლიტიკა, იგივე ნაციონალებისთვის, ერთნაირად მიუღებელი უნდა იყოს „ოცნებაც“ და გახარიაც, მაგრამ დღეს, ამათი მთავარი მოწინააღმდეგე არის „ოცნება“. დღეს, მთავრია ის, რომ ერთმმართველობას მოეღოს ბოლო.

მაგრამ, ვხედავთ, რომ გახარია ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, ნაციონალებს, მართალია, არ აქვთ ნამდვილად მცირე პოლიტიკური გამოცდილება და საეჭვოა, ამდენს ვერ საზღვრავდნენ, იქნებ სულ სხვა ქვედადინებებია, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ? მაგალითად, ურთიერთთანამშრომლობის ეს სახე...

– გახარიას სწორად აფასებს ხელისუფლება. ხელისუფლება არ ცდება გახარიას შეფასებაში, მაგრამ, ოპოზიცია მწარედ ცდება. გახარია ვერასოდეს ვერ გახდება ერთმმართველი პარტიის ლიდერი, მისი პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს მარტო ვერასოდეს, მაგრამ „ოცნებას“ კიდევ შეუძლია ეს. მის ხელშია ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და ასე შემდეგ. დღეს, „ოცნება“ ისე ემზადება არჩევნებისათვის, როგორც არასოდეს. ვინაიდან, „ოცნებამ“ იცის, რომ ივანიშვილი ფულს აღარ მისცემს, იმიტომაც დაიწყეს ტენდერები გამალებით, რადგანაც ეს ფული „ატკატების“ სახით მიდის „ოცნების“ ყულაბაში. ასეთ ვითარებაში, თუ გახარია თავისი პოტენციური მოკავშირეების კბენით დასუსტდა და ვერ წაართვა ხმები ოქტომბერში „ოცნებას“, მაშინ ვადამდელი არჩევნები აღარ იქნება. „ოცნება“ გახარიას გარეშე თავისუფლად მიიღებს 45–48 %–ს. გაიხსენეთ, ბოლო ორ არჩევნებში „ოცნება“ სტაბილურად იღებს 48%–ს. ე. ი. ეს არის მაგათი ზღვარი. ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, საბიუჯეტო, მოსყიდვა და ასე შემდეგ. აგერ გამოჩნდა გახარია, რომელსაც შეუძლია ერთი ხელი მოაჭრას „ოცნებას“, ეს მხოლოდ მას შეუძლია და ამას რატომღაც ვერ ხედავს ოპოზიცია.

ჩვენ, ახლა ვლაპარაკობთ პარტიებზე, აღებულ თუ ასაღებ პროცენტებზე, ლიდერებზე და ამ დროს მთავარი გვრჩება ყურადღების მიღმა – ხალხი, რომელსაც რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ თითქოს არავინ არაფერს ეკითხება და მოდით, ჩვენ ვიკითხოთ, ხალხს რა ეშველება, სამომავლო პერსპექტივაში რაიმე პოზიტიური იკვეთება?

– ერთ ანეკდოტს გეტყვით. ღმერთთან მივიდნენ ტეტჩერი, რეიგანი და ბრეჟნევი. ეუბნებიან ღმერთს: აი, ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს და როდის გადავჭრითო. როგორც ქალბატონს, სცეს პატივი და პირველი ტეტჩერი მიეახლა ღმერთს. ღმერთმა ტეტჩერს რაღაც ჩასჩურჩულა ყურში, გაუხარდა ტეტჩერს, მე მოვესწრები ჩემი პრობლემებიც გადაჭრასო. შემდეგი რეიგანი მივიდა, ახლა მას ჩასჩურჩულა ღმერთმა ყურში რაღაც და ატირდა რეიგანი, მე მოხუცი ვარ და ვერ მოვესწრები პრობლემების გადაჭრასო. ახლა დადგა ბრეჟნევის ჯერი და, ამ დროს, ღმერთი ატირდა და ბრეჟნევს ეუბნება, მეც კი, ვერ მოვესწრები თქვენი პრობლემების გადაჭრასო. ასეა, 4%–იანი ზრდა გვაქვს ეკონომიკაშიო და მთავრობის სხდომა მიეძღვნა ამას. ჩინეთში, აპრილის თვეში იყო 18.5%–იანი ზრდა, ეს იმ დროს, როდესაც ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიისგან ჩინეთმა მიიღო და, ამ დროს, მათ უკვე ამხელა ზრდა აქვთ. მაგრამ ამას მთავრობის სხდომა და პარადები კი არ მიუძღვნეს, უბრალოდ, იქ მოყვა ამ ინფორმაციას კომენტარები, რომ კი ზრდა დიდია, მაგრამ ეს დიდს არაფერს არ ნიშნავს, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. ჩვენ, ორციფრიანი ზრდისთვის, გვინდა 10–15 წელი, რომ მივაღწიოთ. ჩვენ ასე უნდა ვთქვათ – როდის მოვესწრებით სამართლიან სასამართლოს, როდის მოვესწრებით ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კორუფციის აღმოფხვრას. თუ ამ კლანებთან ბრძოლას 15-20 წელი შევალიეთ, მაშინ, როდის მოვესწრებით ამ ქვეყნის ფეხზე დადგომას და განვითარებას, ეგ უკვე არავინ იცის.

 

Maverick გახარიას ქოცები და ნაცები იმიტომ ებრძვიან, რომ ერთიც და მეორეც ქოცარასტ-ნაცარასტები არიან!
გახარია მათ ლაგამს ამოდებს, მადას დაუოკებს, გაძუყნის, გაჟიმავს და დაამთავრებს!
2 წლის უკან
Katana "მაგალითად, სააკაშვილის დროს, ლეიბორისტები არ შევიდნენ პარლამენტში მაგრამ, ხელფასს იღებდნენ."
?
მერე, სწორი საქციელი იყო და მოგწონდათ?!
"არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა" არ გახლავთ საჩუქარი, რომელიც ამომრჩეველმა უძღვნა ამა თუ იმ პარტიას! ეს არის ელექტორატის დავალება: შედი პარლამენტში და იმუშავე ქვეყნის სასიკეთოდო!
ამისთვის უხდის ხელფასს სახელმწიფო იმავე ამომრჩევლის ჯიბიდან!
მე რომ ვენდე, მისი გვარი შემოვხაზე და თვითონ დამიკიდა, ხელფასი რისთვის უნდა გადავუხადო?! თუ მივქარე, მაშინ მომეცით მექანიზმი, რომ უკან წავიღო ჩემი ხმა, ანუ გავუუქმო დაუმსახურებლად მინიჭებული პრივილეგიები და მაღალი ხელფასი!
არის აქ რამე არალოგიკური?
*
"სააკაშვილი ცდილობდა, რომ ასეთ წვრილმან რაღაცეებზე არ გამოკიდებოდა პარტიებს, სააკაშვილი თავს უფრო ძლიერად გრძნობდა. ასეთ წვრილმანებზე გამოკიდება ეს მხოლოდ სუსტების სახეა."
?
პარლამენტარის ხელფასი ხომ არის,დაახლოებით, 5000 ლარი თვეში?
10 მუქთახორა პარლამენტარი რომ ავიღოთ მხოლოდ, ხომ არის მათი ხელფასი 50 000 ერთ თვეში? 12 თვეში ხომ გამოდის 600 000?!
ეს ციფრი გამრავლებული 4 წელიწადზე, ხომ არის 2 400 000 ?
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 23 % ოფიციალურად ითვლება სიღატაკის ზღვარს მიღმა, 2 მილიონ 400 000-ის წყალში გადაყრა წვრილმანია, ხოლო ამაზე ხმის ამოღება - "მელოჩნიკობა"?!
ჩემმა ერთმა ნაცნობმა, 92-ში გაუქმებული საკავშირო დაქვემდებარების საკონსტრუქტორო ბიუროს ყოფილმა თანამშრომელმა, 75 წლის ქალბატონმა, რომელსაც პენსია წამლების ფულადაც არ ჰყოფნის, ახლახან ერთ-ერთ დიდ კლინიკაში დაიწყო მუშაობა დამლაგებლად...
კვირაში 6 დღე უნდა იმუშაოს, დილის 10-დან საღამოს 5-მდე, 400 ლარად თვეში!
ე.ი. დღეში გამოსდის 15 ლარი.
გესმით, ბ-ნო სოსო? 15 ლარი დღეში!
და თქვენ მიგაჩნიათ, რომ თუ რომელიმე პარტიას ხოში აქვს და არ შევა პარლამენტში, მისი ოპოზიციონერებისთვის მუქთი 5000-5000 ლარი ყოველთვე, ალალი და უსაყვედურო უნდა იყოს?!
*
2 წლის უკან