„გახარია-კალაძე შეიძლება გახდნენ ბუნებრივი პარტნიორები, ცალ-ცალკე კი შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეუქმნას მათ „ქართულმა ოცნებამ“

„გახარია-კალაძე შეიძლება გახდნენ ბუნებრივი პარტნიორები, ცალ-ცალკე კი შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეუქმნას მათ „ქართულმა ოცნებამ“

იკვეთება თუ არა გარკვეული სენტიმენტები გახარია-კალაძეს შორის? ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ ურთიერთსიმპათიების გამომხატველი ქათინაურებით შემოიფარგლებიან, მაგრამ ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ასკვნიან, რომ გახარია-კალაძის ტანდემი შეიძლება საუკეთესო აღმოჩნდეს.

თავდაპირველად გიორგი გახარიამ გაგზავნა თბილი მესიჯი კახა კალაძის მისამართით, როცა აღნიშნა, რომ კახი კალაძე კარგი მერი და ღირსეული ადამიანია და, ამდენად, მან არ იცის, ეყოლება თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე მის პარტიას კანდიდატურა.

მოგვიანებით არც კახა კალაძე დარჩა გახარიას ვალში და დიპლომატიურად შეაფასა გახარიას ნათქვამი. კალაძის თქმით, ბევრმა გაიკვირვა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიერ მისი მისამართით ნათქვამი დადებითი შეფასება, რადგან „ეს არ არის მიღებული პრაქტიკა, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ ოპონენტების მხრიდან თავდასხმებს, რაც მიღებული პრაქტიკა გახდა“.

გახარიას მხრიდან ეს კალაძისთვის გამოხატული თანადგომის პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წლის დეკემბერში, როდესაც კალაძე კორპუსების მშენებლობის შესაძლო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს, გახარიამ კალაძის შესახებ აღნიშნა: „ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წევრია“.

გახარია კალაძესთან მიმართებით ხშირად იყენებს ტერმინს „ღირსეული“ და ეს შემთხვევითი დამთხვევა არ უნდა იყოს. ამით გახარია მიანიშნებს, „ქართულ ოცნებაში“ უღირსი ადამიანების ყოფნაზეც.

ჯერ კიდევ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო გახარია, როცა კახა კალაძესთან ერთად სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებოდა. ასე რომ, მათი თანამშრომლობა წლებს მოიცავს.

შედგება თუ არა გახარია-კალაძის ტანდემი?

პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, გახარია-კალაძე შეიძლება გახდნენ ბუნებრივი პარტნიორები, ცალ-ცალკე კი შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეუქმნას მათ „ქართულმა ოცნებამ“.

„სერიოზულ პრობლემებს როცა ვახსენებ, აქ ირაკლი კობახიძის „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ და, ასევე, იმათ, ვინც დღეს არიან დარჩენილები „ქართულ ოცნებაში“. ამ ადამიანების პოლიტიკაში შემოსვლა რომ ასე აღიზიანებს კობახიძეს, ეს მიანიშნებს, რომ რეალურად ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი იდგმება, რადგან ძალიან ახლოს ვართ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან. კალაძეს და გახარიას, პრაქტიკულად, შეუძლიათ, პარლამენტში კრიზისი გამოიწვიონ და ქვეყანაში ცვლილებები დააჩქარონ“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ და, შეკითხვის საპასუხოდ, ემჩნევა თუ არა კალაძეს, რომ გახარიასთან ტანდემში შესვლას აპირებს, განმარტა, რომ ეს ყველაფერი, ალბათ, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.

პოლიტიკოსის თქმით, მალე გაირკვევა, საკუთარი ძალებიდან გამომდინარე, ვის რა შესაძლებლობა, ვის რა დასაყრდენი ექნება რეგიონებში. ეს ორივე ადამიანი საკმაოდ გამოცდილია ამ თვალსაზრისით, რომ არ განულდნენ და ნულიდან არ დაიწყონ მოქმედება. ამიტომ მაქსიმალურად შეეცდებიან „ქართული ოცნების“ დასაყრდენი ბაზა შეინარჩუნონ. უბრალოდ, ცოტათი სახეცვლილებას მისცემენ ამ ბაზას და სხვანაირად წარმოგვიდგენენ.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროცესი როდესაც მიმდინარეობს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

„ასეთი ტანდემი გიორგი გახარიას უფრო გააძლიერებს. ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს კახა კალაძეზეცაა დამოკიდებული, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი ტანდემი ლამაზი არ იქნება, ეს ჩვეულებრივ აღქმულ იქნება, როგორც ტექნოლოგია, ისევე, როგორც ბევრი ლაპარაკობს, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტია, რის შესახებაც ჩვენთვის დადასტურებული ინფორმაცია ცნობილი არაა. ცოტა სხვა ტიპის ოპოზიცია რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბარში გახარია-კალაძის ტანდემს საინტერესოდ აფასებს. მისი თქმით, თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასეთი ტანდემი რომ შედგეს, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ განწირული იქნება, ივანიშვილიც კი ვერაფერს შეძლებს მის გადასარჩენად.

„ეს იქნება „ქართული ოცნების“ ჩამოშლის ფორმულა. გახარია-კალაძეს ერთად შეუძლიათ „ქართული ოცნების“ ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა გადაქაჩონ და „ოცნება“ შიშველი დატოვონ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

კ ა ხ ე ლ ი ჭი ჭიზმი ხუხავს თუ ხუხა აჭიჭინებს? რა გახარია-კალაძის ტანდემი, ხო არ აჟრიალებთ ამათ?! მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, მაგრამ პირჯვარი გადაიწერონ და გაუვლით. :)
2 წლის უკან