დონჩიჩმა

დონჩიჩმა "დალასი" 46 ქულით ვერ გადაარჩინა, "ატლანტა" ნახევარფინალში დაწინაურდა

ლოს ანჯელეს „კლიპერსმა“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ლოს ანჯელესელებმა „დალას მავერიქსს“ სერიის ბოლო და გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში 126:111 აჯობეს და სერია 4:3 მოიგეს.

გარდამტეხი მეორე და მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც „კლიპერსმა“ ჯამში 18 ქულით მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოიპოვა.

„დალასის“ რიგებში ისევ გაიბრწყინა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც მორიგი სუპერთამაში ჩაატარა, მაგრამ მისი გარჯა საკმარისი არ გამოდგა. ლუკამ 45 წუთში 46(!) ქულა, 7 მოხსნა და 14 პასი მიითვალა და დიდებული თამაში ჰქონდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

„კლიპერსში“ 28 ქულით, 10 მოხსნით და 9 პასით კავაი ლეონარდი გამოირჩა, რომელსაც ერთადერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. „კლიპერსი“ „დალასთან“ სერიას ჯერ 0:2-ს და მერე 2:3-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 4:3 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდება.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ნახევარფინალი გამარჯვებით დაიწყო „ატლანტა ჰოუქსმა“, რომელმაც სტუმრად „ფილადელფიას“ დაძაბულ ბრძოლაში 128:124 აჯობა. უნდა ითქვას, რომ „ფილამ“ მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა სოლიდური ჩამორჩენის აღმოფხვრა, თორემ პირველი ტაიმის მერე 20-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა.

პარკეტზე საუკეთესო ჟოელ ემბიდი იყო, რომელმაც 39 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, სეტ კარმა კი საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა. გამარჯვებულთა შორის ტრეი იანგი 35 ქულით და 10 მოხსნით იყო საუკეთესო, ბოგდან ბოგდანოვიჩმა და ჯონ კოლინსმა 21-21 ქულა ჩააგდეს.

„ფილადელფიასა“ და „ატლანტას“ შორის სერიის მეორე მატჩი 8 ივნისს, ისევ ფილადელფიაში გაიმართება.