ალ-ხელაიფი:

ალ-ხელაიფი: "მბაპე პსჟ-ში დარჩება, ის გუნდიდან უფასოდ არასდროს წავა"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულს კილიან მბაპე კლუბს არ დატოვებს. როგორც მან L’Equipe-თან საუბარში თქვა, კონტრაქტის განახლებაზე საუბარი წარმატებით მიმდინარეობს და მბაპეს პარიზში ყველაფერი აქვს.

„ნათლად ვიტყვი: მბაპე პარიზში დარჩება, ჩვენ მას არასდროს გავყიდით და ის არასდროს იქნება უფასო. მას ყველაფერი აქვს, რაც პარიზში სჭირდება. გარდა ამისა, რომელ კლუბს შეუძლია ამბიციურობით და პროექტით პსჟ-ს კონკურენცია გაუწიოს?

კონტრაქტის გახანგრძლივება? მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად მიდის. იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს არის პარიზი, ეს არის მისი ქვეყანა. მას აქვს მისია, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელს, არამედ ლიგა 1-ის, მისი ქვეყნისა და მისი დედაქალაქის წინაშე.

ის ფანტასტიკური ბიჭია, როგორც პიროვნება და როგორც სპორტსმენი. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთს ბევრჯერ მოიგებს. 100%-ით დარწმუნებული ვარ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. თუ ის ხელშეკრულებას არ განაახლებს და არც ამ ზაფხულს დატოვებს პსჟ-ს, მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება.