კატალონიის „ბარსელონასა“ და უსმან დემბელეს შორის კონფლიქტია. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის განახლების მოლაპარაკებებს აჭიანურებს.
დემბელეს ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და „ბარსაში“ ეჭვობენ, რომ ის ახალ კონტრაქტს შეგნებულად არ თანხმდება, რათა 1 იანვარს, სხვა კლუბთან კონტრაქტის გაფორმება და მომდევნო ზაფხულს სხვა კლუბში უფასოდ წასვლა შეძლოს.
მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ დემბელე კატალონიელთა გეგმებში არ შედის, ჟოან ლაპორტა მასთან კონტრაქტის განახლებას სასიცოცხლოდ მიიჩნევს, რადგან გუნდიდან ფრანგის უფასოდ წასვლა კლუბისთვის ფინანსური ზარალის მომტანი იქნება.
შეგახსენებთ, უსმან დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ გადავიდა და 118 თამაშში 30 გოლის გატანა მოახერხა.