ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლოა ტიტე დაითხოვონ და ის რენატო პორტალუპიმ შეცვალოს. როგორც Globo Esporte წერს, არაა გამორიცხული ცნობა ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდეს.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში ყველაფერი რიგზე არაა და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები პრეზიდენტ როჟერიო კაბოკლოს წინააღმდეგი არიან. ისინი კოპა ამერიკის ბრაზილიაში გამართვას აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა კოვიდშემთხვევებით და ამის ფონზე არგენტინა-კოლუმბიაში გასამართი კოპა ამერიკა ბრაზილიაში გადაიტანეს.
ფეხბურთელებს მხარი საჯაროდ დაუჭირა მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, რაც შესაძლოა მას სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.
რენატო პორტალუპი კი კაბოკლოს დიდი მხარდამჭერია. მას სხვადასხვა დროს რამდენიმე ბრაზილიურ გუნდში უთამაშია, 2016-2021 წლებში „გრემიოს“ ავარჯიშებდა, მანამდე „ფლუმინენსეს“, „ატლეტიკო პარანაენსეს“ და „ვასკო და გამას“.