„ჩემთანაც ჰქონდათ მცდელობა, დავერწმუნებინეთ, თითქოს გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია შესული“

„ჩემთანაც ჰქონდათ მცდელობა, დავერწმუნებინეთ, თითქოს გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია შესული“

„მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადება არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება“, - ასე აფასებს, ექს-პრემიერის თანაგუნდელი ბექა ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, გიორგი გახარიას პრემიერობიდან წასვლის მიზეზის შესახებ.

როგორც ლილუაშვილმა for.ge-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, კობახიძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. მისივე თქმით „ქართული ოცნების“ მიზანია გახარიას პარტიის დისკრედიტაცია, რათა ექს-პრემიერის მიერ დაარსებულმა ახალმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

ბექა ლილუაშვილი: ირაკლი კობახიძის განცხადებას მოვუსმინე და ვიტყვი, რომ ეს ამ ხელისუფლების ცრუ ბრალდებებია, რომელიც არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. კობახიძის განცხადებას სხვების განცხადებებიც მოჰყვა. საბოლოო ჯამში, ეს არის ჭორაობა. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, იმიტომ რომ ეს ცრუ ბრალდებები თავისი შინაარსით საკმაოდ მძიმეა და უნდა დადგინდეს ვინმეს გადატრიალება ჰქონდა თუ არა მომზადებული, სხვაგვარად ეს ჭორაობაა და მეტი არაფერი. ასევე, ეს არის თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შეურაცხყოფა.

უკვე მიმართეთ სამართალდამცველებს გამოძიების დაწყებისთვის?

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გავაკეთეთ და გამოძიება უნდა დაიწყოს. რაც შეეხება დანარჩენს, ამაზეც რეაგირება გვექნება.

ბატონო ბექა, როგორ ფიქრობთ რაში დასჭირდა მმართველ გუნდს, როგორც თქვენ ამბობთ, ცრუ ბრალდებების გავრცელება?

- ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს მათ უნდა ჰკითხოთ და ისინი უფრო გეტყვიან. მე შეიძლება მხოლოდ შეფასება გავაკეთო. მას შემდეგ, რაც პარტია დაფუძნდა და ჩვენ ჩვენი პოლიტიკური აქტივობა დავიწყეთ, მმართველი გუნდისა და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა ერთმანეთს ემსგავსება. ამავდროულად „ქართული ოცნება“ იძახის, რომ გიორგი გახარია „ნაციონალებთან“ პარტნიორობსო, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამბობს, რომ „ოცნების“ მეორე პროექტიაო, მაგრამ აქ ერთი რამ ნათლად ჩანს - უსაფუძვლო და უშინაარსო გადაბრალებებს აქვს ადგილი. ამის საფუძველი ერთადერთი შეიძლება იყოს - მათ დაინახეს გარკვეული საფრთხე ელექტორალური თვალსაზრისით, ჩვენი პარტიის მხრიდან და ცრუ ბრალდებებით დაიწყეს დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში ორივე მხარეზე ვსაუბრობ.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თქვენს პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს, ამასაც დისკრედიტაციად თვლით?

- ეს არის პიარ კამპანიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაფინანსების საკითხს შეეხება, მაგრამ აქ ბევრად მეტი პრობლემა იდენტიფიცირდება. მაგალითად, კობახიძის განცხადებაში მოვისმინეთ, რომელიც ნათლად აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები კრიტიკულ ზღვარზეა, ნათლად აჩვენებს სხვა პრობლემასაც და ამიტომ, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია.

საზოგადოებაში კითხვები რომ აღარ იყოს, დაფინანსების საკითხს როდის გაასაჯაროვებთ?

- ამას აქვს კანონით გაწერილი ძალიან მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. მას შემდეგ, რაც პარტია ოფიციალურად დაფუძნდება, ვგულისხმობ სამართლებრივად დარეგისტრირებას, ამის შემდეგ დაფინანსების საკითხი გასაჯაროვდება. ზუსტად თარიღს ვერ გეტყვით, რადგან ჩახედული არ ვარ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განსაზღვრული და ეს გამჭირვალე ინფორმაციაა.

თქვენ თვლით, რომ „ქართულ ოცნება“ კონკურენტად აღგიქვამთ და ეშინია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება?

- მათი შიშის საფუძველი კონკრეტულად ახლა რა არის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ საფრთხე დაინახეს. დავუშვათ, მსგავსი ტიპის ინფორმაცია კობახიძეს მართლა ჰქონდა, სამი თვის განმავლობაში რატომ სდუმდა, რატომ არ მიმართა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს, ჩემთვის გაუგებარია. ის ბრალდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ცრუა, მაგრამ თავისი შინაარსით მძიმეა. ამას სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. ბატონი კობახიძე ცრუ ინფორმაციას მას შემდეგ ავრცელებს, რაც მან ჩვენი პარტიის თავმჯდომარის განცხადებები მოისმინა. ამ პროცესში ვერ შეგვითრევენ, ჩვენ ჭორაობის დრო არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ, მაშინ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

გიორგი გახარია და თქვენი თანაგუნდელები სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეზე ამახვილებენ ყურადღებას, რის გამოც ჩნდება კითხა - გამოძიების რამდენად გჯერათ და რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ გამოძიება თქვენს სასიკეთოდ დასრულდება?

- ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი ტიპის საკითხებზე გამოძება უნდა დაიწყოს. შემდეგ უკვე გამოძიების მსვლელობა ყველაფერს დაგვანახებს. ამ შემთხვევაში პირდაპირ საზოგადოების ინტერესია, რომ სიმართლე გამოძიებული იქნას. როგორც ჩანს, პოლიტიკურ პროცესებში შემოსვლის სხვა ინსტრუმენტი „ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა, თუ არა ჭორაობისა და ცრუ ბრალდებების.

თქვენ „ოცნების“ წევრი იყავით და ყოფილ თანაგუნდელებს კარგად იცნობთ. როგორ ფიქრობთ, ის, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მარტო მისი მოსაზრებაა თუ „ქართულ ოცნებაში“ ყველა ასე ფიქრობს?

- დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის ბევრი წევრისთვის ეს სასაცილო ბრალდებებია. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუმცა, იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კობახიძე და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად ეცდებიან, რომ პარტიის თითოეული წევრი დააჯერონ ამ უარგუმენტო, ცრუ ინფორმაციაში. ეგ კიარადა რამდენიმე კვირის წინ, ჩემთანაც ჰქონდათ მცდელობა, რომ დავერწმუნებინეთ, თითქოს გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია შესული.

შეგიძლიათ გვითხრათ ვისი მხრიდან იყო მცდელობა?

- მე არ მინდა ჭორაობაში შევიდე. თუმცა, ასეთი მცდელობები იყო. რა თქმა უნდა, იმ ფორმულირებით არ ყოფილა, როგორც კობახიძემ განაცხადა, მაგრამ გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი „ნაცებთან“ კავშირში იყო, ასეთი მცდელობები იყო.

ეს მცდელობები ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ძველი გუნდის წევრები უკან დაიბრუნოს?

- მე არ ვიცი, „ქართულ ოცნებას“ რა სურს. სავარაუდოდ, „ოცნებას“ სურს, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

 

trampi თუ ვასაძე და პატრიოტები გაერთიანდებიან ჯამში მინიმუმ 25--30 % აიღებენ
მარტო ვასაძე ..................... თუ არ უჩათლახეს----10--15%
სხვაზე მაინც არ ვაპირებ ხმის მიცემას
2 წლის უკან