დემოკრატიით შენიღბული დესტაბილიზაცია

დემოკრატიით შენიღბული დესტაბილიზაცია

რუსთაველის პროსპექტზე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების კარვებთან უკრაინაში გაქცეული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი ახალი ბანერი გაჩნდა, სახელწოდებით „შევხვდებით რუსთაველზე.“ ახალი ბანერი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ შემოდგომაზე ადგილოვრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებას შეცვლის და ამისათვის არაერთ „სიურპრიზს“ უმზადებს. ბანერი გაჩნდა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობამ,“ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, საჯაროდ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის მიუხედავად, არ წყვეტს ქუჩიდან ბრძოლას. დიდი ალბათობით ქუჩის აქცია-პერფორმანსები არათუ გაგრძელდება, არამედ ადგილობრივი არჩევნების მოახლოების კვალობაზე მათი ინტესივობა და აგრესიულობა კიდევ უფრო მოიმატებს. ამაზე მიანიშნებს, თუნდაც სააკაშვილის ბოლო განცხადება, რომ აპირებს „აქტიურად ჩაერთოს შემოდგომაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმში და უშუალოდ უხელმძღვანელებს „ნაცმოძრაობის“ კამპანიას. საინტერესოა, როგორ შეხვდება ამას „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერი ნიკანორ მელია, რომლისგანაც „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი ოპოზიცია უშედეგოდ ცდილობს ზეპარტიული ლიდერის გამოძერწვას. თუკი კამპანიას სააკაშვილი უხელმძღვანელებს, სადაა იქ მელიას ადგილი?! თუ ისევ ქვასროლია ხელის ბიჭის როლს შეასრულებს?

ამავე დროს, თანდათანობით იკვეთება ტენდენცია, რომ „ფანჩატურის ოპოზიციის“ ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შევიდა, გარეგნულად დემონსტრირებული უკმაყოფილების მიუხედავად, კარგად მოერგო საპარლამენტო სავარძლებსა და ზოგადად საპარლამენტო ცხოვრებას. შექმნეს ორი ფრაქცია, მოიპოვეს საპარლამენტო ტრიბუნა და ა.შ. რაც მათ გაცილებით მეტი გავლენის ბერკეტებს აძლევთ, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხებზე სირბილი და გვარამიას ქილიკი როდის ამოყოფენ თავს საცივიდან, გაუგებარ დეკლარაციებზე სტუდიაში ხელმოწერა და ა.შ. ჩნდება კითხვა - აწყობთ მათ ვადამდელი საპარლემენტო არჩევნები, სადაც შეიძლება ან საერთოდ პარლამენტს მიღმაც დარჩნენ მკვეთრად დავარდნილი რეიტინგის პირობებში, ან იგივე შედეგი აჩვენონ რაც 2020-ში?!

სიტუაციის პიკანტურობა იმაშია, რომ პარლამენტში შესული „ფანჩატურის ოპოზიციის“ პარტიები, მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზების გამო, ჯერ ვერ ახერხებენ „ნაცმოძრაობისგან“, ბოლომდე გამიჯვნას და დამოუკიდებელ თამაშს. თუმცა, პოლიტიკური კონიუნქტურა უბიძგებს მათ ამისკენ.

მას შემდეგ, რაც დასავლეთის თვალში „ნაცმოძრაობის“ და „ევრონაცების“ როგორც ძირითადი პროდასავლური ძალების იმიჯი მნიშვნელოვნად გაუფერულდა და გაუფასურდა, გაჩნდა შანსი, რომ სხვა მომცრო პარტიებმა დაიკავონ ეს მომგებიანი ნიშა. პარლამენტში ორი ფრაქციის ჩამოყალიბება გაცხადებული პრო-დასავლური დღის წესრიგით და მათი შესაძლო სამომავლო ალიანსი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი შეეცდებიან თავად გახდნენ ის საყრდენი, რომელზედაც დასავლეთი ფსონს დადებდა. თუმცა, „პროდასავლურ“ ნიშაზე პრეტენზია აქვს როგორც „ქართულ ოცნებას,“ ისე მისი წიაღიდან გამოსულ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსათვის“.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ პარტიების ინტერესებში უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი შვილობილი „ევროპული საქართველოს,“ პოლიტიკური და ორგანიზაციული დასუსტება. ჩნდება კითხვა - რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ რევოლუციურ სცენარში, საიდანაც არ იციან რა სარგებელ მიიღებენ, მით უმეტეს, რომ იციან „ნაცმოძრაობისთვის“ ისინი ერთჯერადი გამოყენების ნივთს წამოადგენენ?

რაც შეეხება რუსთაველზე კარვებით გამოხატულ ფსევდო-სამოქალაქო პროტესტს, ფორმალურად, ეს დემოკრატიის გამოხატულებაა. თუმცა, ბევრს, ალბათ, უჩნდება კითხვა - სადამდე შეიძლება ეს ყოველივე გაგრძელდეს?

მარტივი პასუხია - გაგრძელდება მანამდე, ვიდრე „ნაციონალებს“ ეყოფათ ფული აქციის შესანახად. უფრო რთული პასუხი - მანამდე, ვიდრე სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ მორიგ ფიასკოს არ განიცდიან თავიანთ „რევოლუციურ“ ვნებებში. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე პასიონარული უმცირესობის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების უფლებები და ფორმები კანონით არ დარეგულირდება ისე, რომ ამით არ შეილახოს სხვათა უფლებები.