ლარის ელვისებური გამყარებისა ეკონომიკის გახნის ფონზე, ქვეყანა, წესით და რიგით, ფასების შემცირებას დღე-დღეზე უნდა ელოდებოდეს, სინადვილეში კი პირიქითაა. მაისში ქვეყნაში არნახული ინფლაცია დაფიქსირდა. ასეთი მაღალი ნიშნული მხოლოდ 10 წლის წინ დაფიქსირდა და ისიც ერთხელ. უკვე აშკარაა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა თავს ვეღარაფერს ართმევს და მისდამი უკმაყოფილება სწრაფად იზრდება.
გაზაფხულის ბოლო თვეს ინფლაციის ტემპი დაჩქარდა და მაისში რეკორდულ 7.7%-იან მაჩვენებელს მიაღწია. აპრილთან შედარებით კი ინფლაციის დონე 0.7%-ით მოიმატა. რასაკვირველია, განსაკუთრებული როლი ამ მიმართულებით ითამაშა საწვავმა, ზეთმა, წიწიბურამ, შაქარმა და სხვა იმპორტირებულმა საკვებმა პროდუქტმა, აგრეთვე - სატრანსპორტო მომსახურების გაძვირებამ.
ეკონომისტების ნაწილი ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ელოდა კიდეც. „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგები ინფლაციის მაჩვენებლებში მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში აისახება.
„მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მაღალი იქნებოდა. ფაქტორები, რომლებიც ძირითადად იწვევენ ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ჯერ კიდევ მოქმედებს ფასების დონეზე. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კი დროს საჭიროებს, რომ აისახოს ფასების დონეზე“,- ამბობს მკვლევარი.
კეშელავა ინფლაციის ზრდის ძირითად ფაქტორებზე საუბრობს და განსაკუთრებული ყურადღებას ნავთობპროდუქტებზე ამახვილებს.
„საწვავის ფასები ყველაზე მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა. 2%-ზე იყო მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მნიშვნელოვან ზრდასთან, რაც, თავის მხრივ, იმას უკავშირდება, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ნავთობზე ფასები ძალიან დაეცა. როდესაც საწვავის ამჟამინდელი ფასების დონეს ვადარებთ წინა წლის ფასების დონეს, ვნახავთ, რომ აქ საკმაოდ მაღალი ზრდაა.
გარდა ამისა, საერთო დონეში 1%-ზე მაღალი წილით გამოირჩეოდა კომუნალური ხარჯები. ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფლაციაში და პირდაპირ უკავშირდება კომუნალური გადასახადების გაძვირებას. მკვეთრად არის გაზრდილი საკვების ფასებიც. ძალიან ბევრი სახეობის პროდუქტი იმპორტირებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებულ ფასებზე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება მნიშვნელოვნად აისახება.
რომ შევაჯამოთ, მსოფლიოში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა და ჯერ კიდევ დაუსრულებელი პანდემია, ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია. ასევე წარსულში გაცვლითი კურსის გაუფასურება, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აქვს ხოლმე ასახვა ფასებზე. ახლა გამყარებას რომ ვხედავთ, ეს ფასებზე მყისიერად არ აისახება“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ კეშელავამ.
სტატისტიკოსი გივი მომცელიძე კი ფიქრობს, რომ ინფლაცია აძლიერებს ნეგატიურ მოლოდინს და არასტაბილურობის განცდას. ფასები თავბრუდამხვევი სისწრაფით მატულობს და არასახარბიელო ტენდენციის შეჩერება შეუძლებელია.
„ფასებს უკვე ვერაფერი აჩერებს, პირიქით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიგი პროდუქტების კიდევ უფრო მეტად გაძვირებას უნდა ველოდოთ. ამ დროს ლარის კურსი დაბლა ჩამოვიდა, მაგრამ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა მაინც არ არის. უკვე ცხადია, რომ მთელი წელი მაღალი ინფლაცია გვექნება. გადამწყვეტი იქნება, თუ როგორ ჩაერევა პროცესებში ეროვნული ბანკი, რომელიც ინფლაციაზე პასუხისმგებელია, მაგრამ ვშიშობ, რომ იგი სიტუაციის მართვას ვეღარ შეძლებს. ვხედავთ, რომ გამოწვევებს ვერ უმკლავდება და ამ უწყების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მათი სუსტი მუშაობის გამო მივიღეთ ის, რომ ახლა ყველაზე მძიმე პერიოდია მოსახლეობისთვის, მაღალი ინფლაციის პირობებში ცხოვრება ხალხს ძალიან უჭირს“, - განაცხადა მომცელიძემ.
სხვათა შორის, მაისში სურსათზე მსოფლიო ფასებმა ყველაზე სწრაფი თვიური ტემპით, 4,8%-ით მოიმატა, რაც 10-წელზე მეტია, არ მომხდარა. სურსათზე ყველაზე მაღალი გლობალური ფასები 2011 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. მონაცემები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტომ გაავრცელა. სააგენტოს სასურსათო ინდექსი მაისში, საშუალოდ, 127,1 პუნქტს შეადგენდა, რაც აპრილის 121,3 პუნქტზე მაღალია.
2008-11 წლებში ფასების მსგვსმა მატებამ 30-ზე მეტ ქვეყანაში სასურსათო ბუნტი გამოიწვია. სააგენტო „ბლუმბერგის“ შეფასებით, მაღალი ფასები ინფლაციის გავრცელებას დააჩქარებს და ცენტრალური ბანკების დამატებით სტიმულირებას გაართულებს.
მოსახლეობა მაგ "გამყარებით" იყვლიფება. ეროვნული ბანკი კი თავს იწონებს. ვიღაც წერდა, გვენატაძეს ახლა თხოვენ პასუხს ლარი რომ მყარდებაო? ეროვნულ ბანკს სწორედ ინფლაციაზე მოეთხოვება პასუხი. მაგ "გამყარებით" მგონი მეტისმეტი მოგივიდათ. 1000 დოლარიანი დანაზოგის პატრონმა უკვე 400 ლარზე მეტი იზარალა. ამის გადაფარვას ფასების 12-13 პროცენტიანი შემცირება სჭირდებოდა. ოღონდ კიტრზე და ყურძენზე კი არა, ნავთობპროდუქტებზე, სამშენებლო მასალებზე, საკვებ ზეთზე, შაქარზე თევზზე და ბურღულეულზე. ფასები კი იზრდებაო. ექსპერტ-ეკონომისტბი კი ალბათ, ლარის "გამყარების", ახალ ახალ მიზეზებს იგონებენ.