საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, სპორტისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ბიუჯეტით გაწერილი და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტების შესრულებით დაინტერესდა.
„მადლობა ბატონო გიორგი მოხსენებისთვის. ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია, როცა მთელი რიგი პარამეტრების მიხედვით ბიუჯეტის შესრულება ასეთ მაღალ დონეზეა. ეკონომიკური ზრდაც საკმაოდ მაღალია - 8,3%, რაც როგორც რეგიონის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით დიდი მაჩვენებელია. ეს კი კარგად დაგეგმილი და კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
მაინტერესებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ხარჯების ათვისების კუთხით ხომ არ არის რაიმე დაყოვნება?
ასევე რეგიონების მიმართულებით, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული პროექტები როგორ მიმდინარეობს და რაიმე პრობლემა ხომ არ არის?
და მესამე კითხვა - რამდენად კარგად და ბიუჯეტით გაწერილი გეგმით ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამების მიხედვით, მაგალითად ისეთის როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ „დანერგე მომავალი“ და ა.შ. რამდენად კარგი მაჩვენებლები გვაქვს და რაიმე შეფერხებები ხომ არ გვაქვს ამ მიმართულებით? “ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატის კითხვების საპასუხო განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ბევრი კაპიტალური პროექტი, ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით და უკვე ბევრი მაგისტრალიც გაიხსნა. რაც შეეხება რეგიონალურ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს, ისინი ხორციელდება გეგმის შესაბამისად და წლის ბოლოსთვის რა მოლოდინიც არის იმ მოლოდინის ფარგლებში იქნება. კაკაურიძის განმარტებით, ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა სპორტის ინფრასტრუქტურის კუთხით - პროექტებზე გამოცხადებულია ტენდერები, მათ შორის ეროვნული სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით და მეოთხე კვარტალში ამ ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ათვისებები. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები კი გეგმის მიხედვით ხორციელდება.