„ერთი „აღმაშენებელია“ და მეორე „ნაციონალი“ - რა აერთიანებთ, ძნელი სათქმელია“

„ერთი „აღმაშენებელია“ და მეორე „ნაციონალი“ - რა აერთიანებთ, ძნელი სათქმელია“

პარლამენტში ახალი, ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც 7 წევრისგან შედგება. ფრაქციაში წარმოდგენილი არიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე. უნდა აღინიშნოს, რომ ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

აღნიშნულმა, გარკვეულწილად, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გაკვირვება გამოიწვია, თუმცა, ნაწილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთ, ოპოზიციურ პარტიას ვიხილავთ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დადებითად აფასებს, გრიგოლ და გიორგი ვაშაძეების გაერთიანებას და თვლის, რომ პარლამენტში ფრაქციების არსებობა აუცილებელია.

„ფრაქციის შექმნა, თუ არსებობს დეპუტატთა რაოდენობა და თუ ეს ადამიანები ერთნაირად უყურებენ პროცესს, ინიციატივებს, რაც მათ გააჩნიათ, რა თქმა უნდა, აუცილებელიც არის და არა მარტო რეგლამენტით, პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვან ბერკეტებს აძლევს ამ აქციის მონაწილეებს, რომ თავიანთ შეხედულების სრულყოფილი რეალიზება მოახდინონ და ილაპარაკონ არა ერთი დეპუტატის, არამედ ჯგუფის სახელით.

თუ არსებობს ადამიანების ასეთი ჯგუფი, რომლებიც ერთნაირად უყურებენ პროცესებს, ჯობია, რომ ფრაქციაში გაერთიანდნენ და არ იყვნენ „მარტოხელა მონადირეები“ პარლამენტში. ეს იძლევა საშუალებას, გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ იმაზე, თუ რა პოლიტიკური ჯგუფები არსებობს პარლამენტში და ამა თუ იმ მიმართულებით, რაზე აკეთებენ აქცენტს და აშ.

ამ გადაწყვეტილებაში პოზიტივის მეტს ვერაფერს ვხედავ. ეს გავლენას იქონიებს იმ შემთხვევაში თუ, ამას მოისურვებენ დანარჩენი პარლამენტარები. ძალიან კარგია, თუ პარლამენტში შეიქმნება ფრაქციები და გვექნება წარმოდგენა არა ცალკეულ დეპუტატებზე, არამედ საპარლამენტო ჯგუფებზე და მათი საქმიანობაც უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ცალ-ცალკე აღებული“, - თქვა ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია ამ ორი პოლიტიკოსის ერთ ფრაქციაში ყოფნა. მისი თქმით, შესაძლოა ვაშაძეებმა „საერთო იპოვეს.“

„ერთი „აღმაშენებელია“ და მეორე „ნაციონალი“. ბოლო დროს გიორგი ვაშაძის გამოსვლები მიშასთან დაკავშირებით მკვეთრად დაპირისპირებულია. ასე რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ რა აერთიანებთ, ცოტა ძნელი სათქმელია. შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძეშია ცვლილებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ერთმანეთს გვერდით აღმოჩნდნენ. შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძე აღარ არის „ნაციონალი“ და ამდენად, მათ საერთო იპოვეს. ორივე ეცდება, რომ იყოს კონსტრუქციული, მაგრამ დიდ ცვლილებებს საპარლამენტო საქმიანობაში, ალბათ, ვერ შეიტანენ“, - თქვა საყვარელიძემ For.ge-სთან.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, გაერთიანების მთავარი საფუძველი არის სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ფრაქციის თითოეულმა წევრმა ხელი მოაწერა.

ამასთანავე, სამნიძემ განმარტა, ფრაქციის ერთადერთი მიზანი შეთანხმების დოკუმენტის პუნქტების განხორციელება არ იქნება.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი მთავარი საფუძველი გაერთიანებისა და ერთად საპარლამენტო მუშაობის, არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა ხელი მოაწერა და აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს ყველა ბერკეტს, საპარლამენტო მუშაობისას, იმისთვის, რომ შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელიც ნახსენებია ხაზგასმით და ეხება ფუნდამენტურ რეფორმებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის.

თუმცა, რა თქმა უნდა, არ იქნება ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს პუნქტები. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია 3 პოლიტიკური პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები: გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველი, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად,“ - განაცხადა სამნიძემ.