ლარის კურსზე გვენეტაძეს პასუხს ახლა სთხოვენ, როცა ყოველ დღე გამყარების რეკორდებია

ლარის კურსზე გვენეტაძეს პასუხს ახლა სთხოვენ, როცა ყოველ დღე გამყარების რეკორდებია

როგორც იქნა, ლარი უკანმოუხედვად მყარდება და პარლამენტში ახლა დაიწყეს გარკვევა ვისი პასუხისმგებლობაა კურსის სტაბილურობა ქვეყნაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პასუხს სთხოვენ იმაზე, რაზეც რამდენიმე თვის და თუ გნებავთ, რამდენიმე წლის წინ იყო მოსათხოვი. მართალია, კურსი კი მყარდება, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შველის ინფლაციას, რომელიც ისევ მაღალ ნიშნულზეა და ფასებიც ქვემოთ არაფრით არ მოდის.

სანამ საზოგადოებაში აქტიურად ბჭობენ სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არკვევენ, ვისი პასუხისმგებლობაა ეროვნული ვალუტის სტაბილურობა - მთავრობის თუ ეროვნული ბანკის? სწორედ ამ კითხვით მიმართა გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, სებ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას.

„არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია - ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას?“, - განაცხადა კოვზანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება.

თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რომელმაც მისი აზრით, კურსის გამყარებას შეუწყო ხელი, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მოკლევადიანი გამყარების კომენტირება ან ანალიზი არაა მიზანშეწონილი.

„როგორც წესი, არ ვაკეთებთ ხოლმე ლარის მოკლევადიან მოძრაობაზე კომენტარს და არც ანალიზი უნდა გაკეთდეს. ყოველთვის გრძელვადიანი პერიოდის აღებაა საჭირო, მაგრამ თუ მაინც ამ მხრივ შევხედავთ ვითარებას, არის დადებითი მოლოდინი - ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს. ამდენად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მოგვიანებით კი სებ-ის პრეზიდენტმა, ირაკლი კოვზანაძის ზემოთ აღნიშნულ კითხვებსაც უპასუხა:

„რასაც ბატონი ირაკლი კოვზანაძე გულისხმობდა და რაც მე ადრეც მითქვამს არის ის, რომ მაშინ, როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება იწყებს მოქმედებას ინფლაციაზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ კურსს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე მითქვამს კიდევ, რომ შესაძლებელია იყოს პერიოდი, როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება არ ეტყობა ინფლაციას. მაგალითად, 2014-2015 წლებში გაუფასურდა ლარის კურსი, მაგრამ ინფლაცია, დაახლოებით, 2.8% იყო. როდესაც გაცვლითი კურსიდან იწყება გადაცემა ინფლაციაზე, ამ შემთხვევაში დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მას, რასაც ვაკეთებთ კიდეც - მოგეხსენებათ, სავალუტო ინტერვენციები განვახორციელეთ და წელსაც ვაგრძელებთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

დეპუტატები, რომლებსაც ბიზნესის გამოცდილება აქვთ, მოიხოვენ, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს და წელიწადში რამდენჯერმე ზევით და ქვევით არ ადი-ჩამოდიოდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე მართალია, აფასებს ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის ფრთხილ პოლიტიკას სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დადებითი და უარყოფითი ფაქტორები უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება.

„თქვენ ფრთხილი მენეჯერი ხართ და მე მივესალმები ამას, რადგან ამ სიფრთხილემ მოგვცა ის, რომ კრიზისის პერიოდში მაკროეკონომიკური მაჩვენებელი შევინარჩუნეთ. თუმცა, ხშირად ეს სიფრთხილე ეკონომიკური პროცესების შეფერხებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაცია კარგია, იმ რეგულაციებმა, რომელიც იპოთეკური სესხების გაცემაზე დააწესეთ, უძრავი ქონების ბაზარს ძალიან დაარტყა. როდესაც ეფექტზე ვსაუბრობთ და გადაწყვეტილებას ვიღებთ, საჭიროა, სასწორის ერთ პინაზე დავდოთ დადებითი მხარეები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს და მეორე მხარეს - ურყოფითი ფაქტორები. სიფრთხილე კარგია, მაგრამ ასეთ დროს ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ქვეყანისთვის აუცილებელია“, - მიმართა წაქაძემ სებ-ის პრეზიდენტს.

მან კობა გვენეტაძეს შეახსენა, რომ ეკონომიკის და ბიზნესის სტაბილურობისთვის აცილებელია გაცვლითი კურსის სტაბილურობა. ამჟამინდელი თავბრუდამხვევი გამყარებაც ბიზნესს გაურკვევლობაში ამყოფებს.

„ლარის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც კურსი ასეთი სისწრაფით მყარდება, ესეც ცუდია. ვალუტა უნდა იყოს სტაბილური, მაგალითად უნდა იყოს 3.30, ლარის აქეთ-იქით ქანაობა ძალიან ცუდად მოქმედებს ბიზნესზე. კომპანიები ვერ მართავენ და არეგულირებენ ფასებს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ჯერჯერობით კი ლარი დასტაბილურებას არ აპირებს და ელვისებურ გამყარებას განაგრძობს. ფინანსურ წრეებში უკვე საუბრობენ, რომ კურსი ზაფხულის განმავლობაში 3,0-იან ნიშნულთან ახლოს იქნება.

ლაზი ვალუტის გამყარებას მრეწველობის აღმავლობა იწვევს. ეს კი უბრალოდ მირაჟია, რომელიც სამწუხაროდ მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურების გარდა არაფერს იწვევს. ფასები რამეზე შემცირდა? ის 10 პროდუქტი ამ დროს ყოველთვის იაფდება. აბა კიტრი იანვრის ფასი იქნება ივნისში? აი ნავთოპროდუქტები რომ გაიაფდება იგივე ტემპით როგორც ლარის კურსი მატულობს, მაშინ ვიტრაბახოთ. არ დაგვავიყდეს ასეთი გამყარება, ღმერთმა არ ქნას და თუ უკუიქცა , ფასების ზრდის ნოყიერი ნიადაგი გახდება, რაც ღატაკთა კიდევ უფრო გაღატაკებას გამოიწვევს. მოსაქხლეობას და ბიზნესს ვალუტის მყარი, მდორედ მცოცავი, კურსი სჭირდება და არა კატასტროფული რყევები, რაც ხან შფოთის მიზეზია, ხან კი ტრაბახის საბაბი.
2 წლის უკან