„გახარიას და ვასაძის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა ქვეყანაში ახლა რეალობას შექმნის - მხოლოდ შავი და თეთრი ფიგურები ვეღარ ითამაშებენ“

„გახარიას და ვასაძის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა ქვეყანაში ახლა რეალობას შექმნის - მხოლოდ შავი და თეთრი ფიგურები ვეღარ ითამაშებენ“

იქნება თუ არა გარდამტეხი გიორგი გახარიას ფიგურა თვითმმართველობის არჩევნებში და რამდენად შეიძლება ის მთავარი თავის ტკივილი „ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდეს? 9-წლიანმა პოლიტიკურმა ისტორიამ აჩვენა, რომ „ოცნება“ და ნაციონალები ელექტორატს უპრობლემოდ იყოფდნენ და მის მობილიზებას არჩევნების დროს უპრობლემოდ ახდენდნენ. ნაციონალებს უკვე წლებია სტაბილურად 15%-მდე ამომრჩეველი ყავს, რომელიც თავისი ერთგულებით გამოირჩევა.

„ქართულ ოცნებას“ კი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ხარჯზე და ენმ-ის უკან არდაბრუნების შიშით, ამ წლების განმავლობაში ამომრჩეველი არ დაჰკლებია. პირიქით, ნაციონალების ისევ ხელისუფლებაში მოსვლის შიში ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილში იმდენად გამჯდარია, რომ „ოცნება“ მმართველობის ვადას სულ უფრო იხანგრძლივებს. თუმცა მოულოდნელად პოლიტიკურ ასპარეზზე ხელისუფლების წიაღიდან საკამოდ რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა ცალკე თამაშს იწყებს. მის გუნდში ერთი შეხედვით, პოლიტიკაში ნაკლებად ცნობილი სახეები ჩნდებიან, თუმცა პოლიტიკური მძიმე წარსულისგან სუფთა ბიოგრაფიებით. ამასთანავე მისი გუნდი დაკომპლექტებულია ყოფილი საჯარო მოხელეებისგან, რომლებთაც კონტაქტები, როგორც უსაფრთხოების სამსახურში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში აქვთ. მათ აქვთ გავლენები რეგიონებში, რადგანაც ბევრი მათგანი გუბერნატორი და რეგიონებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. მაშ ასე, რა არის გახარიას მთავარი მიზანი, ის შედის „ოცნების“ დანაღმულ ველზე, თუმცა მან ზუსტად იცის, სად რომელი ნაღმი დევს და მის აფეთქებას ხელისუფლების წინააღმდეგ აპირებს? მისი რიტორიკა ჯერჯერობით მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველზეა გათვლილი და ოპოზიციური ელექტორატისთვის გზავნილებს ჯერ არ ჩქარობს. ანუ ახდენს იმ ამომრჩევლის ხმების გაფორმებას, რაც იცის, რომ მმართველი გუნდიდან გარანტირებული აქვს. ამიტომ არსებობს დიდი შანსი, რომ მან „ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ის აღების საშუალება არ მისცეს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. მმართველ გუნდს კი კოალიციური მთავრობა დასჭირდეს, რომელსაც გიორგი გახარია შეუქმნის და ის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდება.

ჩვენს ანალიზს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან თითქმის იზიარებს და ამბობს, რომ გიორგი გახარიას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი გადაიბიროს. ხოლო მისი შეფასება იმ ინდიკატორებით უნდა მოვახდინოთ, რომელიც ახლა სახეზე გვაქვს. გახარიას გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც რეგიონებში მუშაობის საკამოდ კარგი გამოცდილება გააჩნიათ. ჩამოყალიბებული კავშირები აქვთ და ე.წ. რეგიონალურ ელიტებთან მუშაობენ. გახარიას რამდენიმე თანაგუნდელი გუბერნატორი იყო, ქალაქის თუ მერიის საკრებულოებში მაღალ თანამდებობებზეც იყვნენ. ეს კავშირები კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალინ მნიშვნელოვანია.

„გარდა ამისა, გიორგი გახარიას გუნდში ის ადამიანები არიან, რომლებსაც კავშირები ძალოვან სტრუქტურებში აქვთ. სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქართულ რეალობაში სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურები რა როლს თამაშობენ. გარდა ამისა, თავად გუნდის წევრების რეპუტაცია საკმაოდ სუფთაა. ერთ ორ მათგანს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც სააკაშვილის დროსაც მაღალ თანამდებობებზე იყვნენ. უმეტესობა მათგანი ცუდ საქმეებში შემჩნეულები არ არიან. ეს კი ჩვენს რეალობაში, ამომრჩევლის თვალში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ჩვენს მოსახლეობას, რომ იტყვიან მობეზრებული ჰყავს ადამიანები, რომლებსაც მძიმე წარსული აქვთ. გარდა ამისა, გახარიას თავისი პრემიერობის, ბიზნეს ომბუდსმენობის და ეკონომიკის მინისტრობიდან გამომდინარე, გარკვეულ ბიზნეს წრეებთან კარგი კავშირები აქვს. ამიტომ არ გამიკვირდება, რომ საარჩევნოდ საკმაოდ კარგ დაფინანსებას და შემოწირულობებს მიიღებს. ამიტომ მის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც კითხვები არ იქნება. თუ იქნება, ალბათ, გამჭვირვალე იქნება და არაფრის დამალვაც არ მოუწევს. ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორებია, რომლის მეშვეობითაც, რა თქმა უნდა, ის ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურენტია“,-ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციამ გახარიაში მაშველი რგოლი დაინახა და იმედი გაუჩნდა, რომ ის „ოცნებას“ ხმებს წაართმევს და 43%-ის აღებას ვერ მოახერხებს. ეს კი, ლოგიკური გათვლაა, რადგან გახარიას ამომრჩეველი ძირითადად, მაინც, „ოცნებაზე“ გულაცრუებული ადამიანები იქნებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ოპოზიციისთვის არის შანსი, რომ ვადამდელი არჩევნები მიიღოს. თუმცა ანალიტიკოსი ვარაუდობს, ამით მხოლოდ დაინტერესებული „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპელები“ არიან, რადგან პატარა პარტიებს პარლამენტში ისევ მოხვედრის შანსები მცირე აქვთ. შესაბამისად, ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების მომსახურე ტელევიზიები, არჩევნებამდე, გახარიასთვის და მისი გუნდისთვის ინფორმაციულ მომსახურებას გასწევენ. ამის მიზანი კი ის იქნება, რომ გახარიამ რაც შეიძლება მეტი ხმა აიღოს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხმები „ოცნების“ იქნება. შესაბამისად, გახარიას შანსებს ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის. დანარჩენს კი საარჩევნო კამპანია და პროგრამა აჩვენებს.

„ამ ყველაფერზე კი, რა თქმა უნდა, გავლენას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა ემატება. მისი წასვლა „ოცნების“ ამომრჩეველზე მოქმედებს. თუმცა, ჯერჯერობით, ამომრჩევლის რაღაც ნაწილში განცდაა, რომ ის პარტიას ბოლომდე არ მიატოვებს. თუმცა არც იმას ვიტყოდი ცალსახად, რომ გახარია მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველზე იმუშავებს. არის ამომრჩევლის სეგმენტიც, რომელმაც ოპოზიციას ხმა მისცა, რადგან „ოცნებაზე“ იყო გაბრაზებული. თუკი ისინი დაინახავენ, რომ გახარია მათ გემოვნებას აკმაყოფილებს, მათი სიმპათიები გადაიხრება. ჯერჯერობით გახარია მაინც და მაინც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, ვერ გაემიჯნა წარსულს და ვერ ხსნის, იმ მანკიერების აღმოფხვრა, რაზეც ახლა საუბრობს, თავად რატომ ვერ შეძლო. კი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იზიარებს, მაგრამ რამდენად არის ეს დამაკმაყოფილებელი?“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ გახარია არა 10%-ს, არამედ უფრო მეტის აღებასაც შეძლებს, თუმცა ყველაფერი სამომავლოდ მასზე და მის მოქმედებებზეა დამოკიდებული. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას და ლევან ვასაძის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა ქვეყანაში ახლა რეალობას შექმნის. ამიტომ, ცხადია „ოცნებას“ საფიქრალი ნამდვილად აქვს, რადგან გახარიას პერსპექტივები ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. მას დიდი გავლენები აქვს რეგიონში და სხვა საჯარო სამსახურებში, რაც საკმაოდ ხელშესახები ელექტორატია. შესაბამისად, ხელისუფლება დგება რისკის ქვეშ, რომ ის ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს.

„ქართულ პოლიტიკაში ორფერიანი ჭადრაკი აღარ იქნება, მხოლოდ შავი და თეთრი ფიგურები ვეღარ ითამაშებენ. გახარიას და ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლით ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება. ვხედავთ გახარიას განცხადებებიდან, რომ ის „ოცნების“ პოლიტიკას თითქმის ერთი-ერთში მიჰყვება, იმ განსხვავებით, რომ ჯერჯერობით ოპოზიციას თავს არ ესხმის. კრიტიკა დიდად არც ხელისუფლების მიმართ გამიგია. ამიტომ ის ჯერ „ოცნების“ ამომრჩეველზე მუშაობს და ის, რაც იცის, რომ გარანტირებული აქვს, იმ მიმართულებით კრეფს. ალბათ, შემდეგ მუშაობას ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველზეც დაიწყებს.

მიუხედავდ იმისა, ოპოზიცია მის რუსულ გავლენებზე საუბრობს. ამომრჩეველი კი ევროპული სტილის ლიდერს ჰგავს, რომელიც კრიტიკის დროს კონსტრუქციულია და ასე ღიად თავს პოპულისტური განცხადებებით თავს0 არავის ესხმის. ამიტომ ამომრჩეველი ამას და სხვა პოლიტიკოსებს და თუნდაც პარტიებს შორის განსხვავებას მალე იპოვის. რაც შეეხება „ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილს, რა თქმა უნდა, ისინი დაბნეულები არიან. ბიძინა ივანიშვილის წასვლამ მათში გაურკვევლობა გამოიწვია, ხოლო გახარია ახლა, მათთვის ის ლიდერია, რომელიც მათ გემოვნებას აკმაყოფილებს. დაველოდოთ, მე 10%-ზე მაღალს ვვარაუდობ, მაგრამ ციფრს ჯერჯერობით არ დავასახელებ“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.