„გიორგი გახარიასთან მიმართებით ტროლიტსაბჭოა შექმნილი, რომელიც ცდილობს, გახარიას ჩაუდოს იქით პუტინი, აქეთ სააკაშვილი“

„გიორგი გახარიასთან მიმართებით ტროლიტსაბჭოა შექმნილი, რომელიც ცდილობს, გახარიას ჩაუდოს იქით პუტინი, აქეთ სააკაშვილი“

„გიორგი გახარიას ჯერჯერობით აქვს მხოლოდ მოლოდინის რეიტინგი და მოლოდინი იმედგაცრუებაში ხშირად გადადის ხოლმე ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ნაადრევია გახარიას პოლიტიკური დამარხვა, რასაც ჩვენი სულსწრაფი პოლიტიკოსები აკეთებენ“, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

გიორგი გახარიას უწინასწარმეტყველებენ, რომ ის საკუთარ თავს შეუქმნის პრობლემებს პოლიტიკაში მოსვლით და შესაძლოა, პოლიტიკაში მისი ადგილი არ აღმოჩნდეს. სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ გარკვეულ ეტაპზე გახარია დახურავს საკუთარ პარტიას. შეიძლება თუ არა, რომ ასეთი მოკლევადიანი ფინალი ვუწინასწარმეტყველოთ პოლიტიკაში ექსპრემიერის ხელმეორედ გამოჩენას?

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ქართულ პოლიტიკაში0 არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, გიორგი ვაშაძე, ცოტა არ იყოს, ჩქარობს დასკვნების გაკეთებას. ასე მარტივად არ არის სიტუაცია. რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას ჯერჯერობით აქვს მხოლოდ მოლოდინის რეიტინგი და მოლოდინი იმედგაცრუებაში ხშირად გადადის ხოლმე ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ის საკმაოდ პრაგმატული და საღად მოაზროვნე ადამიანია, ვფიქრობ, მას საკმაოდ კარგად აქვს გათვლილი შანსებიც და რისკებიც. ასე რომ, ნაადრევია გახარიას პოლიტიკური დამარხვა, რაც ჩვენი სულსწრაფი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი თვისებაა.

საქართველოში უყვართ ვინმეს წინააღმდეგ მებრძოლი გმირი... თუ ქართულ პოლიტიკაში მოდიხარ, ე.ი. ვინმეს წინააღმდეგ უნდა იბრძოლო. ამ დროს კი გიორგი გახარია ამბობს, რომ არავის წინააღმდეგ არ მოდის, მოდის საქართველოსთვის.

- საერთოდ, ყველა ქართველი პოლიტიკოსი აყენებს მაქსიმალურ ამოცანას, ისეთ ამოცანას, ყველასთვის მოსაწონი რომ იყოს. ეს კი შეუძლებელი ამოცანაა. თუ ჩვენ ასე შევხედავთ, რომ პოლიტიკოსი აგრესიულიც უნდა იყოს და მათაც უნდა მოსწონდეთ, ვინც აგრესიულიცაა და არც არის აგრესიული, ეს სიბრიყვე იქნებოდა. არადა, ასე იქცევიან ჩვენი პოლიტიკოსები. გიორგი გახარიამ ზუსტად იცის, რომელ ელექტორალურ სეგმენტზე მუშაობს, მას არ აქვს ამბიცია, რომ მაინდამაინც ხვალვე ხელისუფლებაში მოვიდეს, მას გარკვეული ტიპის ამომრჩეველზე აქვს ორიენტაცია აღებული და მეთოდურად მუშაობს ამ ამომრჩეველზე. ამ ამომრჩევლისთვის კი აგრესია და ყოყლოჩინობა მაინცდამაინც არ არის სასურველი არგუმენტი.

მაგრამ, რამდენად სწორად არის შერჩეული მისი ტაქტიკა, როცა ყველაფერზე ზოგადად საუბრობს, კონკრეტიკა აკლია მის ნათქვამს თუნდაც მის გადადგომასთან, თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით.

- კი ბატონო, მაგრამ გახარიას არ აქვს იმის ილუზია, კონკრეტულად და სწორად თუ უპასუხებს 20 ივნისის თემაზე, ან სხვა საკითხებზე, მას როდისმე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მისცემს ხმას. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი მას მაინც არ მისცემს ხმას, შესაბამისად, ზუსტად უპასუხებს თუ არა მისი მისამართით დასმულ კითხვებს, ამას აზრიც არ აქვს. გახარია ვისთვისაც ლაპარაკობს, მისი პასუხები ამ კონტინგენტისთვის დამაკმაყოფილებელია. გახარია ნაცებზე არ მუშაობს და არც ისინი არ არიან დაინტერესებულნი გახარიას პერსონით.

მაგრამ გახარია ამ ეტაპზე მუშაობს სამეგრელოზე?

- სამეგრელოზე მუშაობსო, ეს ჯერჯერობით ხმამაღალი ნათქვამია, მის რიტორიკაში ჯერ მეგრულად საუბარი არ გამიგონია. გეთანხმებით, რომ სამეგრელოში მას მეტი შანსები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამეგრელოზე მუშაობს, ან სამეგრელოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებს.

გახარიას ზოგადი საუბარი ხომ არ აძლევს საშუალებას მის ოპონენტებს ორივე ძირითადი პარტიიდან, რაც უნდათ, მასზე ილაპარაკონ, ბევრი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზონ, ხან მიშას მიაბან, ხან რუსეთს, ახლა მოვისმინეთ მამუკა არეშიძის შეფასება, რომ მაშინდელ პრემიერ გახარიას რევოლუციური სცენარის შესრულებაში სააკაშვილმა მილიონი შესთავაზა.

- რაც უფრო მეტად დაკონკრეტდება გახარია, უფრო მეტ აგრესიას დაიმსახურებს. შესაბამისად, მას ჯერ არ უნდა ასეთ აგრესიულ კამპანიაში შესვლა, მას სჭირდება დრო იმისთვის, რომ მოძლიერდეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე რბილი გზავნილებით ოპერირებს. ხვალ და ზეგ შეიძლება ეს შეიცვალოს, გააჩნია, როგორ განვითარდება პოლიტიკური ვითარება. რაც შეეხება სააკაშვილის მილიონთან მის დაკავშირებას, არარეალურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მაგრამ კითხვები ჩნდება მის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რუსულ ინტერესზე, კეზერაშვილ- ადეიშვილ- მერაბიშვილის გვარებმაც გაიჟღერეს მის კადრთან მიმართებით.

- გახარიასთან მიმართებით პოლიტსაბჭო კი არა, ტროლიტსაბჭოა შექმნილი, რომელიც ცდილობს, ჩაუდოს გახარიას იქით პუტინი, აქეთ სააკაშვილი. მეტი ფანტაზია არ აქვთ, ინტელექტუალური შესაძლებლობები რის საშუალებასაც მისცემს, ყველაფერს იტყვიან.

აქედან გამომდინარე, რომ არ გააიგივონ კეზერაშვილ- ადეიშვილ-მერაბიშვილთან, ხომ არ აჯობებდა, გახსნილად ეთქვა დაფინანსების თაობაზე?

- ცხადია, დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს, ყველა პარტიას შავი ფული აქვს, მაგრამ მაინცდამაინც ვარლამ გოლეთიანის არ იყოს, გახარიას ფულს ხდიან სალაპარაკოდ. სხვა პარტიები როგორ ფინანსდებიან, ძალიან მაინტერესებს. ცხადია, ეს კითხვები უნდა დაისვას და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველას ფინანსები.

გახარიას მიმართ ორმხრივი ცეცხლია გახსნილი, ამას დაემატა მესამე ცეცხლი- მეუფე იაკობის განცხადებები, რომ ეკლესია მხარს არ დაუჭერს გახარიას. ეკლესიის ჩართვა ამ საქმეში რას ემსახურება?

- არ ვიცი, ყველას თავისი ამბიცია აქვს, მე საერთოდ მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან გახარიაზე შეტევა ტაქტიკური შეცდომაა, რადგან გახარია ახლა არის ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე იმდენად, რამდენადაც გახარია უქმნის „ქართულ ოცნებას“ პრობლემას და მათი თავის ტკივილია, მათი ელექტორატი მიჰყავს. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან გახარიაზე შეტევა ადგილობრივ არჩევნებამდე უბრალოდ სიბრიყვეა. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უკვე შეიძლება მასზე შეტევა. ადგილობრივ არჩევნებზე კი გახარია არ არის ოპოზიციის კონკურენტი, ის არის „ქართული ოცნების“ კონკურენტი ელექტორალური თვალსაზრისით. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რა აზრი აქვს, გახარიაზე დაიხარჯონ ზედმეტად.

გახარია ივანიშვილზე არაფერს ამბობს, ეს ნიშნავს, რომ არაფერი აქვს მასზე სათქმელი, ერიდება მას, სამომავლოდ ინახავს სათქმელს, თუ მისი „კოზირია“, როგორც ამბობენ ხოლმე მასზე?

- ჯერჯერობით ეს არის ტაქტიკური მანევრები. გახარია ამ ეტაპზე არ შედის აგრესიულ კამპანიაში. თანდათანობით რა იქნება, ამას დავინახავთ.

 

 

Ninja აი, გამოჩნდა ნუგზარა წიკლაური უკვე, პუტინისააო იძახის. ანუ ტროლიტსაბჭო ნაცებს ჰყოლიათ.
2 წლის უკან
ზურაბი ხუხაშვილმა დაკარგა ივანიშვილის ნდობა და ივანიშვილმა ის მოიშორა, ალბათ ხიხასვილი ცდილობს პრობლემები შეუქმნას ივანიშვილს,ამ საქმეში ის მიემხრობა გახარიას. დიდი ეჭვი არსებობს ხუხაშვილი ცდილობს ავნის ბიძინას.
2 წლის უკან