ქეცბაია

ქეცბაია "ანორთოსისში" ორი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს გეგმავს

თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ ქართველი ფეხბურთელების გადაბირებას ცდილობს. კვიპროსული მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში თემურ საქართველოში ჩამოვა და ამის მიზეზი მხოლოდ დასვენება არ იქნება.

როგორც goal.philenews.com-ი იტყობინება, 53 წლის მწვრთნელი „ანორთოსისის“ ტრანსფერების დაგეგმვაზე მუშაობს. ქეცბაიას მიზანია, რომ გურამ კაშია და ვაკო გვილია გადაიბიროს. საქართველოში ის ორივეს შეხვდება და ეცდება, რომ მათგან დადებითი პასუხი მიიღოს.

გურამ კაშია, რომელსაც „დინამო თბილისში“, „ვიტესსა“ და „სან ხოსეში“ უთამაშია, ამჟამად თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავს, ხოლო ვაკო გვილია თავისუფალი აგენტია. გვილია ბოლო ორი სეზონი ვარშავის „ლეგიაში“ იყო, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი დატოვა. 27 წლის ფეხბურთელს ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, „მინსკში“, „ბატეში“, „ლუცერნსა“ და „გურნიკში“ უთამაშია.

აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისი“ გიორგი ქვილითაიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა დატოვეს, ხოლო გიორგი ლორიას და მურთაზ დაუშვილს კლუბთან კონტრაქტი კიდევ აკავშირებთ და მომდევნო სეზონსაც ფამაგუსტელთა რიგებში გაატარებენ.