„გიორგი გახარია ბოლო კვლევების მიხედვით ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“

„გიორგი გახარია ბოლო კვლევების მიხედვით ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკიდან 6 თვის წასვლის შემდეგ, პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი პარტიით დაბრუნდა. მის გუნდში არიან, როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები, ასევე მისი ახლო გარემოცვის წარმოამდგენლებიც. მათ შორის არის, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც.

როგორც აბაშიშვილმა for.ge-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანება, მისი მხრიდან ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ენდობა ექს-პრემიერს და მისი სამომავლო გეგმების განხორციელებისაც სჯერა.

გთავაზობთ გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუს, სადაც ის ბევრ საინტერესო თემებზე საუბრობს, მათ შორის - იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას შორის დაძაბულობა, აფინანსებს თუ არა დავით კეზერაშვილი ახლად შექმნილ პარტია „საქართველოს“ და მერობისთვის გახარია კახა კალაძეს აჩი არvელაძეს დაუპირისპირებს თუ არა.

გიორგი აბაშიშვილი: პარტიის პრეზენტაციაზე არ ვიყავი, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იქ ყოფნა არ შემეძლო. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, სწრაფი ან ემოციური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ძალიან ბევრი წელია ბატონ გახარიას ვიცნობ და მასთან თანამშრომლობის გამოცდილება მაქვს. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც საჯარო მოხელე ვიყავი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში და შემდეგ, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. იმ პერიოდში გიორგი გახარიასთან არაერთ თემასთან დაკავშირებით მქონია საუბარი, მსჯელობა და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყოველთვის შევჯერებულვართ იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნისთვნის მნიშვნელოვანი ყოფილა. ვიცი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს როგორც ენთუზიაზმით უდგებოდა.

შემდგომ, მე საჯარო სამსახურიდან წამოვედი, ხოლო გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. ასევე მომწონდა მისი ქმედებები პრემიერობის დროს, რომელსაც ის ახორციელებდა. ძალიან გული დამწყდა, როდესაც ის გადადგა. ის უნდა დარჩენილიყო პოლიტიკაში, რადგან არ მგონია, მსგავსი ადამიანები პოლიტიკაში იყვნენ. დარჩა, გააქტიურდა, პოლიტიკური გუნდის ფორმირება გადაწყვიტა. შესანიშნავი თანამოაზრეები შემოიკრიბა, რომლებიც საკმაოდ კვალიფიცირებულები არიან. შესაბამისად, მეც მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავმხდარიყავი მისი გუნდის წევრი და ახლა ჩემს გამოცდილებას ამ პარტიას მოვახმარ.

გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაცია ასეთი სიტყვებით დაიწყო: „ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“. რას ნიშნავს არავის წინააღმდეგ?

- საქმე ისაა, რომ ჩვენ საქართველოსთვის ვერთიანდებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება არავის წინააღმდეგ, ჩვენი თვითმიზანი არ არის რადიკალიზაცია, ან დაძაბულობა დაძაბულობისთვის - ჩვენი მიზანია საქმის კეთება; ჩვენი მიზანია რეფორმები; ჩვენი მიზანია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება; ჩვენი მიზანია ძლიერი, ეფექტური დემოკრატიის დამყარება; ჩვენი მიზანია ეკონომიკის განვითარება; ჩვენი მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვინც ამ საკითხებში ჩვენს პოზიციებს გაიზიარებს, თუნდაც განსხვავებული შეხედულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, არავის წინააღმდეგ არ ვართ. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მის წინააღმდეგები არ ვიქნებით. ზოგადად, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

ახსენეთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოსო და გიორგი გახარია სწორედ იმიტომ გადადგა, როგორც მან განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავება იმ მომენტში არ უნდა მომხდარიყო. ასევე, ექს-პრემიერმა განაცხადა პარტიის პრეზენტაციაზე, რომ მისი და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა...

- სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიის. ეს საკითხი გიორგი გახარიამ კარგად ახსნა და მეტს ვერაფერს დავამატებ. ყოველთვის სახელმწიფო ინტერესები უპირველესი უნდა იყოს და არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესია მნიშვნელოვანი. სწორედ, ამიტომ ვართ საქართველოსთვის და საქართველოს ინტერსები არის უპირველესი.

ვიდრე გიორგი გახარია გადადგებოდა, უფრო ადრე ვრცელდებოდა მის წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციები, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ნიკა მელიას დაკავების საკითხი გააქტიურდებოდა. იყო ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის კონფლიქტი და ეს იყო რეალურად მისი წასვლის მიზეზი?

- ამის შესახებ გიორგი გახარია თუ საჭიროდ ჩათვლის, ალბათ, ისაუბრებს. აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ გვქონია, ამიტომ საქმის კურსში არ ვარ.

For.ge-თან საუბრისას ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღიარა, მისი პრემიერობის პირველ წლებში ბიძინა ივანიშვილი მის საქმიანობაში არ ერეოდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულაო. თქვენ იყავით საჯარო მოხელე, გქონდათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ურთიერთობა და თან მისი მეგობარი ბრძანდებით, როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარია არის ის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გავლენით იმუშავებდა?

- პირველი დღიდან, რაც გორგი გავიცანი და რაც მასთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს, შთაბეჭდილება არასდროს შემქმნია, რომ გიორგი გახარია იყო პიროვნება, რომელიც რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას ვინმეს ზედმეტად ახვევდა - სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საკითხების შესათანხმებლად მაგიდასთან ვსხდებოდით, გიორგი დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას. ამიტომ, ვერ ვაკეთებ დაშვებას, რომ გიორგი ვინმეს კარნახით რამეს აკეთებდა, თუ რაიმე საკითხს პირადად არ ეთანხმებოდა. მასზე ვერავინ ზეგავლენას ვერ მოახდენდა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამას მისი ნაბიჯებიც ადასტურებს, თუნდაც მმართველი გუნდიდან წამოსვლა.

გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ის იბრძოლებს კორუფციისა და ნეპოტიზის წინააღმდეგ, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. რატომ არ აკეთებდა ამ განცხადებას მაშინ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო?

- ფაქტებით ვიცი, რომ ის ნეპოტიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ მაშინაც იბრძოდა, მაგრამ ეს ფართო თემაა, გაცილებით სისტემური მიდგომა სჭირდება და ბატონი გიორგი სწორედ ამ სისტემურ მიდგომაზე საუბრობდა. ფაქტია, რომ ეს რისკი კარგად იცის და კარგად ხედავდა, როდესაც ამ პრობლემას თავადაც ებრძოდა. ბუნებრივია, კორუფციაზე და ნეპოტიზმზე ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. ამის საჭიროება არსებობს და ამავდროულად შესაძლებელია ცალკე, დამოუკიდებელი სტურქტურა იყოს, რომელიც ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმის რისკებს დააზღვევს. მოგეხსენებათ პატარა ქვეყანაში ასეთი რისკები გაცილებით მაღალი არის ხოლმე. შესაბამისად, ბატონი გიორგი ამ პრობლემას ხედავს და ხედავს პრობლემების მოგვარების გზებსაც.

დავით კეზერაშვილთან ურთიერთობაზე და მისი მხრიდან პარტიის დაფინანსებაზე რას იტყვით?

- დავით კეზერაშვილთან ურთიერთობა და მიუხედავად დაფინანსება, არასერიოზული თემაა. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს საკითხი გამჭვირვალე იქნება.

შეგიძლიათ გვითხრათ პარტიას ვინ აფინანსებს?

- ფინანსების საკითხი გამოქვეყნებული იქნება. ამას პარტიას კანონმდებლობაც ავალდებულებს. აქედან გამომდინარე ინფორმაცია ღია იქნება და ამას ყველა ნახავს.

ოპოზიციასთან ითანამშრომლებთ?

- ეს სიტუაციამ უნდა გამოაჩინოს. ფაქტია, რომ პოლიტიკურ არენაზე ჩვენ ვქმნით ძალიან სერიოზულ კონკურენტულ გარემოს და თავისთავად ცხადია, რეფორმების ნაწილში ვინც დაგვეთანხმება, ყველასთან სასაუბროდ მზად ვართ. რა თქმა უნდა, ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მიერ არის ფორმულირებული და რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ასე რომ, ღია ვართ პოლიტიკური კონკურენციისთვის და თანამშრომლობისთვისაც.

ოპოზიცია თვლის, რომ გიორგი გახარიას პარტიამ ირმა ინაშვილის პარტია ჩაანაცვლა, ხოლო მმართველი გუნდი კონკურენტად ვერ აღგიქვამთ...

- ერთს ვიტყვი, ვინც ამ მოსაზრებას ამბობს, ეს მათი მოსაზრებებია. თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი იმდენად დიდ დროს ხარჯავს ჩვენზე საუბარში, რომ შეუძლებელია თუ კონკურენტად არ აღიქვამ ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, მასზე ამდენი ისაუბრო. პირიქით, ვფიქრობ, რომ ბევრი სერიოზულ კონკურენტად აღგვიქვამს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება კონკურნცია. ჩვენ ამ კონკურენციას ვაძლიერებთ. ჩვენ მივიღებთ ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობას და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

წინა საარჩევნო მარათონში როდის ჩაერთვებით?

- მალე დავიწყებთ, რადგან პარტიის ყრილობა ამის ერთ-ერთი საფუძველი იყო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მოახლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. რაც შეეხება მზადებას, კამპანია უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება.

ექსპერტების აზრით, გიორგი გახარიას და მისი პარტიის რეიტინგი დღეს 10-12%-ია...

- ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან კვლევები უნდა ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია არჩევნების დღის ბოლოს დათვლილი ხმების რაოდენობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი საკმაოდ სოლიდური იქნება. ჩვენ ყველა დონის არჩევნებზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ფაქტია, რომ გიორგი გახარია ბოლო კვლევების მიხედვით ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია. ასე რომ, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში კონკურენციაზე საუბრობენ.

თქვენ ახსენეთ, რომ გიორგი გახარია რეიტინგული პოლიტიკოსია. სწორედ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის წავიდა რეიტინგული სტატუსით, თუმცა უკან დაბრუნება პოლიტიკაში გაუჭირდებაო. რა პასუხს გასცემდით ამაზე?

- ზოგადად, პოლიტიკური პროცესები ძალიან საინტერესო და რთულია, მაგრამ მაღალრეიტინგულ პოლიტიკოსს მაღალი შანსი აქვს, რომ მიიღოს საუკეთესო შედეგები. ასე რომ, გარშემო მყოფ პოლიტიკოსებს ვეტყოდი, რომ ამ ნაწილში დამშვიდნენ.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მერობისთვის თავად არ იბრძოლებს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი აჩი არველაძე იქნება. შეიძლება ითქვას, რომ კახა კალაძესა და აჩი არველაძის მერობისთვის ბრძოლა საფეხბურთო მოედანზე ბრძოლას დაემსგავსება?

- მერობის კანდიდატზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.