„არჩევნები დამთავრდა, ამიტომ, ყველა პოლიტიკური ძალის რეიტინგი ეცემა, ძალიან გამიკვირდება თუ დღეს ვინმე 30%-ს მაინც აიღებს“

„არჩევნები დამთავრდა, ამიტომ, ყველა პოლიტიკური ძალის რეიტინგი ეცემა, ძალიან გამიკვირდება თუ დღეს ვინმე 30%-ს მაინც აიღებს“

„ქართული ოცნება“ თავისივე შიდა კვლევებით, 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა. კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – მმართველ გუნდს ალოკაციის გარეშე, ამომრჩეველთა მხოლოდ 21% აქვს, ალოკაციით კი 35%. ამავე კვლევით თანხად, საზოგადოების 40%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემს ხმას. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარყოფენ.

აქვე გეტყვით, რომ თუ მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოუწევს.

ანალიტიკურ და ექსპერტულ წრეებში მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება 43%-ის აღება, რადგან საზოგადოებაში იგრძნობა იმედგაცრუება, რაც არჩევნების დროს, მმართველი გუნდის შედეგებზე აუცილებლად აისახება. თუმცა, გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მოსახლეობას რეალურად არ აქვს ალტერნატივა და „ქართული ოცნება“ შეძლებს შესაბამისი ხმების მიღებას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება.

„ამ კვლევის გარეშე ვთვლი, რომ გარანტირებული არ აქვს „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღება, რადგან გამოჩნდა ახალი სუბიექტები და ის მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეჯიბრება. მათკენ წავა ის ხმები, ვინც ამბობს, რომ „არც ერთი მინდა და არც მეორე“. თუ რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება, ეს დრამატული „ოცნებისთვის“ არ იქნება, თავისი შედეგით შეიძლება ხელსაყრელი იყოს, რადგან პარლამენტში ვეღარ იქნება ბევრი მცირეპროცენტიანი პარტია. ამიტომ, ალბათ, ისინი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% აიღოს“, - თქვა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრის მიმართ საზოგადოებაში გულგატეხილობა შეინიშნება და მისი თქმით, დღეს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 43%-ს

„43% არ ექნება არც ერთ პარტიას. არჩევნები დამთავრდა, ამიტომ, ყველა პოლიტიკური ძალის რეიტინგი ეცემა. ძალიან გამიკვირდება თუ დღეს ვინმეს 30%-ს მაინც აიღებს. პოლიტიკური სპექტრისადმი არის გულგატეხილობა, ეს აჩვენა ამ 6-თვიანმა გაუგებრობამ.

თუმცა, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამ დროს სხვაგვარად მოიქცევა ამომრჩეველი. არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ის აღება ვერ შეძლოს. ის უახლოეს კონკურენტს 2-ჯერ მაინც გაუსწრებს“, - თქვა ძაბირაძემ For.ge-სთან.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა, რომლის პრეზენტაციაც მთავრობის ყოფილ მეთაურს 29 მაისს ჰქონდა.

რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ გახარიას აქვს შანსი გახდებს მეორე ალტერნატიული ძალა.

„მხოლოდ გახარიას არ ვიგულისხმებდი ალტერნატიულ ძალად, ვასაძე გამოჩნდა თავისი პარტიით. გახარია შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ალტერნატიული ძალა „ოცნებისა“ და „ნაციონალებისთვის“. „ოცნება“ ძალიან აგრესიულად დაეჯახა გახარიას, რადგან მათთვის ყოფილი პრემიერი არ არის კომფორტული მეტოქე“, - თქვა საყვარელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა შეიძლება მხოლოდ 5% აიღოს. მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია გიორგი გახარიასა და მის შემდგომ ნაბიჯებზე.

„გიორგი გახარიას ამომრჩევლის დიდი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელიც რაღაც მიზეზების გამო მას აღარ უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გახარიას რაიმე მნიშვნელოვანი პროცენტი აქვს, თვითონ გახარიას რეიტინგი 4-5%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს, მეტი არა. ამის შემდეგ არის მოლოდინი, როგორ შეძლებს ამის რეალიზებას გახარია, ამას დიდი მნიშვენლობა აქვს.

ეს პარტია გახარიას რეიტინგს არ შესძენს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ 43%-ს აიღებს თუ არა „ქართული ოცნება,“ ამ შემთხვევაში გახარიას რა პოზიციები აქვს, მნიშვნელოვანია. მას „ოცნების“ ხმები მიაქვს და ის მმართველი გუნდის კონკურენტია. თუ ვლაპარაკობთ იმაზე, კოალიცია ვისთან შეიძლება მოხდეს, ამ შემთხვევაში ორივეს - „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენტია.

მნიშვნელოვანია, გახარია შეძლებს თუ არა მეორე ძალად ჩამოყალიბებას, ჯერჯერობით ამის შანსი ნულის ტოლია. გახარიამ დააგვიანა, როდესაც არსებობდა ცხოველი მოლოდინი, მაშინ უნდა მოსულიყო პოლიტიკურ ველზე, დღეს გახარიასადმი დიდი მოლოდი არ არის. „ქართული ოცნებისადმი“ გულგატეხილობა იგრძნობა, თუ ამ ხმების კონსოლიდაცია მოახერხა გახარიამ, ეს იქნება მისი ყველაზე დიდი წარმატება“, - განაცხადა ძაბირაძემ.