„ჩემზე ანეკდოტები დადის, თითქოს სააკაშვილმა ვიღაცას ჩაუქროლა, მას ფილტვების ანთება დაემართა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დინამიური და მობილური მთავრობა ჰყავს და მათ შორის ყველაზე რეაქტიული მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილია.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოს მობილური მთავრობის ფონზე სააკაშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით დევნილებისათვის სახლები უკვე აშენებული იყო.
„ჩვენ დინამიური მთავრობა გვყავს. მუდმივად გადავაადგილდებით. ტყეშელაშვილი ხან აქ არის, ხან იქ, უგულავა მუდმივად ხან ბენზინგასამართ სადგურზე დგას და ხან პურს აცხობს. ჩემზე საერთოდ ანეკდოტები დადის, თითქოს სააკაშვილმა ვიღაცას ჩაუქროლა და მას ფილტვების ანთება დაემართა. ნიკოლაიშვილი სამჯერ უფრო რეაქტიულია, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი. სახლები ავაშენეთ მერაბიშვილის თაოსნობით. ჯერ დიდხანს იბუზღუნეს იმაზე, მერაბიშვილი რა შუაშიაო, მაგრამ მივანდეთ მას, ვინც უფრო ჩქარა და ეფექტურად გააკეთებდა.
გაზაფხულზე გამოგვეცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და გვკითხა, რით დაგეხმაროთო. ვუთხარით, რომ დიდი მადლობა, მაგრამ ყველაფერი ავაშენეთ. მათ რომ დავლოდებოდით, ეს ხალხი ღია ცის ქვეშ დარჩებოდა. ამიტომ რჩევა ერთია და ჩვენ რა შეგვიძლია - მეორე. ჩვენ ვართ ძალიან მობილური მთავრობა და ამ ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.