უძღები შვილის დაბრუნება

უძღები შვილის დაბრუნება

„სიმართლე და ქმედება“ - ამ ლოზუნგით დაბრუნდა ქართული პოლიტიკის ყველაზე სკანდალური სახე აქტიურ პოლიტიკაში. გიორგი გახარიას დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად, პოლიტიკური ველი შევსებულია, საფრთხეები ცნობილი, ფავორიტები დანაწილებული და ვინ ვისთან - გარკვეული.

მოლოდინი, რომ გახარია მთავარ დარტყმას ყოფილ გუნდს მიაყენებდა, არ გამართლდა. ყოფილ პრემიერს არც ოპოზიციის კრიტიკა დასცდენია. გახარიას თქმით, ისინი ერთიანდებიან საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ეს სიტყვები ძლიერი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ლიდერის პოზიციიდან ნათქვამს ჰგავს - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - დაახლოებით ამ ანდაზის დედააზრის გათვალისწინება მოუწევს ძალიან მალე „ოცნებას“ და ბებერ ოპოზიციას. ფაქტია, გახარიას ჯოკერი ჯერ კიდევ მის სახელოში იმალება.

გახარიას ნახევარსაათინი გამოსვლა მხოლოდ ერთი მხრიდან შეიძლება დაინახო - ახლად გამომცხვარი პარტიის ლიდერი, საკუთარ პოლიტიკური წონას კარგად გრძნობს, გაამართლებს თუ არა გახარიას პოლიტიკური ალღო, ამას ეტაპობრივად, ძალიან მალე დავინახავთ.

რუსეთი თუ ივანიშვილი?

მას შემდეგ, რაც გახარიას აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი საბოლოოდ გაირკვა, დღის წესრიგში მისი დაფინანსების წყაროების გარკვევა დადგა. უამრავი ვარიანტიდან საბოლოოდ საზოგადოების ყველაზე რადიკალური ნაწილი ასე ჩამოყალიბდა: გახარიას რუსეთი აფინანსებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ გახარია არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომ ყოფილი გუნდისგან იმედგაცრუებული ოლიგარქი, შეცვლილი სახელითა და სახეებით, საკუთარი ოცნების რეაბილიტირებას და პოლიტიკური პროცესების მართვის სადავეების ხელში აღებას კიდევ ერთხელ შეეცდება. კიდევ ერთი ვერსიაა - კეზერაშვილი.

რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა გამორიცხვის მეთოდი აქაც ერთვება.

რუსული კავშირები, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ საყვარელი ვერსიაა, რომელთაც, საკუთარი დაფინანსებაც და ადამიანური რესურსით, რუსეთის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი რატომღაც ყოველთვის ავიწყდება. შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გახსენება. ეს არის უახლესი მაგალითი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ლიდერის, და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიაში, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ოკუპანტი ქვეყნის პიარტექნოლოგები - ვიტალი შკლიაროვი და მაქსიმ კაცი. რუსულ ისტებლიშმენტში საკმაოდ ცნობილი და პოლიტიკურ ბატალიებში გამოწვრთნილი პიარტექნოლოგები, სოციალურ ქსელში აქტიურად აანონსებდნენ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის უპირობო გამარჯვებას. ვიტალი შკლიაროვი ასევე, რუსეთში, ქსენია სობჩაკის საარჩევნო კამპანიის აქტიური კონსულტანტი იყო. ამ თემას რატომღაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის გვერდს უვლიდა, თუმცა ფაქტები ისტორიას ყოველთვის რჩება. ასე რომ, გახარიას მისამართით გამოთქმული ეს ვერსია არც თუ დამაჯერებლად გამოიყურება.

არის თუ არა გახარია ივანიშვილის პროექტი?

ჟურნალისტების მიერ დასმულმა კითხვამ გახარია აშკარად გააღიზიანა - „მე არასოდეს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ და არ ვიქნები“ - გახარიას ამ პასუხიდან კარგად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში დასმული კითხვა მის ადამიანურ თავმოყვარეობას შეეხო. ფაქტია, გახარიას პოლიტიკაში აკადემიური შემოსვლა ყველა ნიუანსით, ძალიან ჰგავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას. თუმცა ერთი მთვარი და თვალშისაცემი განსხვავებით - გახარიას გუნდში არ არიან ბიზნესმენები და ხავსმოკიდებული პოლიტიკოსები, მისი გუნდი ძირითადად მცირე პოლიტიკური გამოცდილების ადამიანებით, იურისტებითაა დაკომპლექტებული. ფაქტია, ახალი ლიდერი ძირითადად საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილზე ამყარებს იმედებს.

მართალია, გიორგი გახარიამ თავის ვრცელ გამოსვლაში ბევრ საკითხზე ისაუბრა, მაგრამ საზოგადოებაში მის მიმართ არსებულ უამრავ კითხვას, კიდევ არაერთი კითხვა დაემატა. მაგალითად ის, თუ რითი ჰგავს გახარია ბიძინა ივანიშვილს? გახარიას პირველივე ნაბიჯში ივანიშვილის პოლიტიკური ხელწერა აშკარაა. ამის გასარკვევად უკან, 2012 წლებში მოგვიწევს დაბრუნება.

ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა მისი წინაბორბედი პოლიტიკოსებისგან რადიკალურად განსხვავდებული იყო. ივანიშვილმა, დასაწყისშივე აჩვენა განსაკუთრებული ორგანიზებულობა და არსებული პოლიტიკური საკითხების ქრონოლოგიური და სიღრმისეული ანალიზის უნარი. მან პარტიაში ე.წ. თემატური ჯგუფები ჩამოაყალიბა, ამ ჯგუფებში კომპეტენციის მიხედვით გაერთიანებული ადამიანები, საკითხის ძირეულად შესწავლის შემდეგ, სამომავლოდ გრძელვადიან გაწერილ გეგმას ეტაპობრივად აცნობდნენ საზოგადოებას. სწორედ ასეთი თემატური ჯგუფებით აპირებს გახარია პოლიტიკური ფრონტის გაშლას.

 წკიპურტები ივანიშვილისთვის

მართალია, ყოფილი პრემიერი თავის პირველ გამოსვლაში საკმაოდ მოზომილი და დელიკატური იყო, რიგი საკითხების მიმართ, თუმცა მის ცალკეულ თეზისებად ჩამოყალიბებულ გამოსვლაში, „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს არაერთი ფარული წკიპურტი მოხვდა. ივანიშვილი, საკუთარი უპრაგონოდ გაცემული არარეალური დაპირებების მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა. გიორგი გახარიას მიერ ივანიშვილის ბოსტანში ნასროლი ქვა მიზანს მოხვდა:

„არ არსებობს დაპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ გაცემულა. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურის დონეზე მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში აშკარად არის სიმართლის პრობლემა, მაშინაც, როცა გვიწევს თვალი გავუსწოროთ მწარე სიმართლეს, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ კლასზე, რომლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს ბევრად უფრო მაღალი და რაც მთავარია, ჩვენთან არის უზარმაზარი დეფიციტი გაცემული დაპირებებზე პასუხისმგებლობის“ - განაცხადა გახარიამ.

გახარიას ამაში ნამდვილად ვერ შევედავებით. ივანიშვილის და მისი მაშინდელი გუნდის მიერ გაცემული ნაირ-ნაირი დაპირებები დღემდე ლეგენდებად დადის.

„ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქისთვის, აბსოლუტურად ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რომელსაც შეუძლია და უნარი შესწევს სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს, უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. და რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით, ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ საამართლიანი წესრიგი. სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც შეგვეძლება ყველას ერთად, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში, მაშინ როდესაც პოლიტიკურ ძალებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის კინკლაობა ჩხუბი შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ქვეყნისთვის რაიმე პროგრესის მომტანია, არა! სინამდვილეში კარგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, ცუდ შემთხვევაში ქვეყანა იხევს უკან“, - განაცხადა გახარიამ.

კიდევ ერთი რადიკალური პოზიცია, რასაც პარტიის ლიდერმა პირდაპირ გაუსვა ხაზი, ეს არის ნეპოტიზმი და კორუფცია. ნეპოტიზმის განვითარებას, ივანიშვილმა მხარი თავიდანვე დაუჭირა. მედიასთან, ერთ-ერთ ტრადიციულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის მიერ, ნეპოტიზმთან დაკავშირებით დასმულ კითხვას საკმაოდ ცინიკურად უპასუხა, რომ თურმე თანამდებობებზე ნაცნობ-მეგობრების დანიშვნა სანდოობის თვალსაზრისით გამართლებულია. რაც შეეხება ელიტარულ კორუფციას, ამისი უამრავი მაგალითების მოყვანით მკითხველს არ გადავღლით, ეს უკვე ქვეყნის ყოველდღიურობადაა ქცეული. აი, რას ამბობს ნეპოტიზმსა და კორუფციაზე გახარია:

„ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვსმოდეს, რომ ჩვენნაირი ღარიბი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის ამოცანაა ყოველდღიური ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუსტი ინსტიტუტები, სადაც არსებობს ნეპოტზმი და კორუფციული რისკები. ეს არის უზარმაზარი სისტემური რისკების შემცველი პრობლემა, რომლის მოგვარება ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო. თუ რომელ რეფორმებს გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია.

რატომ გადადგა ყოფილი პრემიერი თანამდებობიდან?

საკუთარ გამოსვლაში, პარტიის ლიდერმა, ყველაზე აქტუალურ კითხვას საკმაოდ დაბალანსებული პასუხი გასცა. რატომ გადადგა ყოფილი პრემიერი ყველაზე გარდამტეხ მომენტში? - საზოგადოებაში არსებული უამრავი ვერსიიდან გახარიამ ყველაზე დიპლომატიური პასუხი აირჩია:

„გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვა, რადგან მმართველი პარტია დაშორდა მოქალაქეების რეალურ პრობლემებს იმის გამო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნია.

ფაქტია, გიორგი გახარია მმართველი გუნდის კუნთების თამაშს არ აჰყვა, „ოცნების“ პოლიტიკური ამბიციები გახარიამ თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებით ჩააცხრო, მოსალოდნელი ნეგატიური მოვლენები კი შეაჩერა. ამ გადასახედიდან, გახარიამ, თავისი გადადგომით არა ნიკა მელია, არამედ „ოცნება“ კიდევ ერთ სკანდალს გადაარჩინა.

უკვე ნათელია, რომ გახარიას გუნდის პირველი პოლიტიკური ნათლობა შემოდგომაზე დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შედგება. იქნება თუ არა ის დედაქალაქის მერობის კანდიდატი, გახარია პასუხობს, რომ მასზე უკეთესი კანდიდატებიც არსებობენ. ამით ყველაფერია ნათქვამი - გახარიას დონე დედაქალაქის მერის პოსტი არ არის. ვინც არ უნდა დაასახელოს გიორგი გახარიამ მერობის კანდიდატად, შემოდგომაზე ახლადშექმნილ პარტიას, სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწევს. მოახლოვებულ არჩევნებთან პირდაპირ ბმას ვხედავთ პარტიის პრეზენტაციაზე მოულოდნელად გამოჩენილ ძმებ არველაძეებთან. ბევრი უარყოფის შემდეგ, უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არველაძეები გახარიას გუნდში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად ემზადებიან. ლოგიკურია, რომ გახარიამ ადგილობრივ არჩევნებში ფსონი სწორედ არველაძეებზე დადოს.

მძიმე მემკვიდრეობა

ეს რაც შეეხება ქვეყნის ყველაზე პოლიტიზირებულ ნაწილს - დედაქალაქს. თუმცა, გადამწყვეტი ბრძოლა გახარიას წინ, რეგიონებში ელოდება. გახარია თავისი მცირე პოლიტიკური წარსულით პირდაპირი სამართალმემკვიდრეა ხელისუფლების შეცდომების, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებების და არაპოპულარული ნაბიჯების, რაზეც პარტიის ლიდერს პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს. გახარია საკუთარ გამოსვლაში ამბობს:

„მე დღეს აქ ვდგავარ თქვენს წინაშე სრული აღქმით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეც მაკისრია ამ რეალობის შექმნაში. რა თქმა უნდა, მე ვარ ნაწილი იმ წარმატებისა და იმ წარუმატებლობის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ აქ, სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მომცა შესაძლებლობა, გავქცეულიყავი, სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის, რამაც მომცა იმის ძალა, რომ ვმდგარიყავი თქვენთან ერთად და მეთქვა - გავერთიანდეთ საქართველოსთვის! ამასთან ერთად, მინდა დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია და როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერი კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები - ქვეყნისა და სახელმწიფოს მსახურება“, - განაცხადა გიორგი გახარია.

უფრო მეტს საზოგადოება ახალი პარტიის ლიდერისგან უკვე მომავალ კვირას მოისმენს. გახარია აქტიურ რეჟიმში გადადის. რას ეტყვის ის საზოგადოებას, რა პასუხები ექნება საკმაოდ კრიტიკულ კითხვებზე, მოახდენს თუ არა საკუთარი რეპუტაციის რეანიმაციას, ამას სულ მალე გავიგებთ. ფაქტი ერთია - ხელისუფლებას და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, კიდევ ერთი ახალი კონკურენტის გამოჩენა დიდ თავისტკივილად ექცევა. სისხლიანი 9 წელი და ქარიზმატული მიშა უკვე პოლიტკური წარსულის საკუთრებაა, წინ კი, არჩევნებია.