საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს გალის ვიზიტი უდაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ვიზიტი საქართველოს დაეხმარება დაიბრუნოს აფხაზეთი და გადაწყვიტოს სხვა მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პრობლემები. არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ გაგებით, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, თვალნათლივ დავრწმუნდეთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სულ უსუსურობასა და უმწეობაში.
აქ, რა თქმა უნდა, ორგანიზაციის ხელმძღვანელთა პირად უნიათობას არ ვგულისხმობთ - ბუტროს ბუტროს გალი (ისევე როგორც მისი წინამორბედი პერეს დე კუელიარი) უაღრესად ჭკვიანი განათლებული და კვალიფიციური დიპლომატია. ამავე დროს, არის ჭეშმარიტი მეცნიერი და დახვეწილი, რაფინირებული ინტელიგენტი.
მაგრამ რაოდენ განათლებული და მაღალინტელექტუალური მოღვაწეც არ უნდა ჩაუდგეს გაეროს სათავეში - იგი თითქმის ვერაფერს შეცვლის ამ ეკლექტური, კორპორაციული და ბიუროკრატიული სულით გაჟღენთილი ორგანიზაციის ბუნებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა ზესახელმწიფოთა მიერ და არსებობს ზესახელმწიფოთათვის.
არ არსებობს ისეთი პოსტულატი გაეროს წესდებაში, რომელიც ზესახელმწიფოთა პრაგმატული მისწრაფებიდან არ გამომდინარეობდეს. თვით წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობაც კი, რომელიც თითქოსდა უზენაესი პრინციპია, არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მსოფლიო უკვე გადანაწილებულია, ხოლო ამა თუ იმ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა უკვე დასრულებული „გადანაწილების“ კონტექსტში მოიაზრება.
ამავე დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აშკარად ხუჭავს თვალს ე.წ. „რეინტეგრაციის“ იმ პროცესზე, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მიმდინარეობს.
ვითომც ვერავინ ხვდება, რომ ეს პროცესი ისევე ემუქრება ყოფილ „მოკავშირე რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობას, როგორც პირდაპირი აგრესია და დაპყრობა.
რა მნიშვნელობა აქვს - პატარა ქვეყანას პირდაპირი, დაუფარავი აგრესიის შედეგად დაიპყრობენ, თუ იგი სამოქალაქო ომების, ტერიტორიების დაკარგვის, „ეკონომიკური მარწუხის“ მოქმედების შედეგად იქნება იძულებული, დათმოს სუვერენიტეტი?
სულ სხვა სურათი იქმნება, როდესაც გაერო „მსოფლიო გადანაწილების“ შედეგად ჩამოყალიბებული რეალობის ძალისმიერ შეცვლას აღუდგება ხოლმე წინ.
მაგალითად, როდესაც ერაყმა კუვეიტი დაიპყრო და საერთაშორისო ორგანიზაციას დასავლეთის ყველა სახელმწიფო ამოუდგა მხარში „აგრესიის მსხვერპლის დასაცავად“, - უშიშროების საბჭოს სულ რამდენიმე დღე დასჭირდა სავსებით კონკრეტული, არაორაზროვანი რეზოლუციის მისაღებად. აგრესორს დაუყოვნებლივ დაერქვა თავისი სახელი და უმალვე ამოქმედდა ამერიკული სამხედრო მანქანაც.
ხსენებულ რეზოლუციაში ნასახსაც ვერ ჰპოვებთ ისეთი ორაზროვანი, ბუნდოვანი, არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი დებულებებისა, რომლებითაც აღსავსეა ამავე ორგანიზაციის მიერ მიღებული დოკუმენტები, ვთქვათ, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.
ჩვენ კი არაფრის დიდებით არ გვსურს თვალი გავუსწოროთ ამ რეალობას - სწორედ ამიტომ იქმნებოდა საკმაოდ კომიკური სიტუაციები გენერალური მდივნის მიერ საქართველოში ჩატარებული პრეს-კონფერენციების დროს.
მაგალითად, ჟურნალისტ მიქაძის კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ გაეროს სამხედრო მეთვალყურენი აფხაზების მიერ 27 ივლისის ხელშეკრულების დარღვევისა და სოხუმის შტურმის დროს, გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ „არავითარი სამხედრო მეთვალყურენი ამ დროს სოხუმში არ იმყოფებოდნენ“ (??!).
შესაძლოა, მართლაც არ იმყოფებოდნენ, რადგან საომარი მოქმედებების განახლებისთანავე უკანმოუხედავად მოკურცხლეს ქალაქიდან. მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი - ჟურნალისტი გულისხმობდა გაეროს რეაქციას, მის მიერ დამნაშავის დაფიქსირებას. რაც არ მოხდა და, როგორც ჩანს, არც მოხდება.
სამწუხაროდ, ბუტროს გალის არავინ დაუსვა კითხვა პირდაპირ: აღიარებს იგი თუ არა, რომ აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ? - გარწმუნებთ, ასეთი კითხვა რომც დასმულიყო, პასუხი კვლავ ორაზროვანი და ბუნდოვანი იქნებოდა. გასაგებია რატომაც - ბუტროს გალის ცხვირწინ იჯდა საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს საკმაოდ გულუბრყვილო, ოდნავ შეშინებული და კეთილმოსურნე ადამიანის როლს. სინამდვილეში კი, ვლადიმერ ზემსკი ძალიან ძლიერი და გამოცდილი დიპლომატია, რომლის თანდასწრებით ასევე გამოცდილ და „მრავალჭირნახულ“ ბუტროს გალის არაფერი „შეეშლება“.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ნოემბერში გაიმართება მორიგი ქართულ-აფხაზური შეხვედრა ჟენევაში, რომლის შემდეგაც, უშიშროების საბჭო მიიღებს შესაბამის რეზოლუციას.
გარწმუნებთ, ეს შეხვედრა ისეთივე „წარმატებით“ დასრულდება, როგორითაც ადრე გამართული შეხვედრები დასრულდა. თუ ვინმეს ჰგონია, გაეროს უშიშროების საბჭო აგრესორსა და სეპარატისტს თავის სახელს დაარქმევს - ძალიან ცდება.
უშიშრების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელი გაეროში ოდნავ „შეიჭმუხნის შუბლს“ ან მხრებს აიჩეჩავს ამა თუ იმ ფრაზის გამო და... ეს ფრაზაც დაუყოვნებლივ „ამოვარდება“ ტექსტიდან - მსოფლიო ხომ გადანაწილებულია. აკი გვამცნო მოსკოვიდან ტელეფონოგრამით ბატონმა ვალერიან ადვაძემ, რომ ამერიკაში ელცინის ვიზიტის დროს ყველაფერი გაირკვა და „საქართველო რუსეთს ერგო“.
წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რა ეწერება რეზოლუციის საბოლოო ტექსტში: უშიშროების საბჭო გამოთქვამს კმაყოფილებას. ამავე დროს ხაზს უსვამს... ცნობად იღებს... მოუწოდებს მხარეებს განაგრძონ ძალისხმევა... და ა.შ.
მართლაც, ვინ გააგზავნის აფხაზეთში თავის ჯარისკაცებს? რუსეთს ეს არ შეუძლია, ხოლო სხვა ვერავინ გაიმეტებს საკუთარ ახალგაზრდობას იმისათვის, რათა აფხაზმა ბოევიკებმა და „აფხაზებად“ გადაცმულმა რუსეთის საიდუმლო სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმებმა მათ ორ დღეში წირვა გამოუყვანონ.
ამავე დროს, უშიშროების საბჭოს არ შეუძლია სრულიად უყურადღებოდ დატოვოს საქართველოს ხვეწნა-მუდარაც, ამიტომ უეჭველად მიიღებენ გადაწყვეტილებას სამხედრო მეთვალყურეთა რაოდენობის გაზრდისა და მათი მანდატის გახანგრძლივების შესახებ. მერედა შედეგი? ამ „მეთვალყურეებმა“, მართალია, სოხუმიდან მოკურცხლეს, მაგრამ „საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე“, ანუ სოხუმის დაცემისთანავე დაბრუნდნენ ქალაქში და კვლავ გულმოდგინედ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციის შესრულებას: გულდასმით „აკვირდებოდნენ“, თუ როგორ ხოცავდნენ უბედურ ქართველობას, ასევე გულდასმით „აკვირდებოდნენ“ იმას, როგორ წვავდნენ ქართულ სოფლებს და როგორ აჭიანურებდა აფხაზური მხარე ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებას.
ამავე დროს, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, როდესაც რუსებმა გალში მორიგი „გრანდიოზული სპექტაკლი“ დადგეს და ვითომდაც ლტოლვილთა დაბრუნების ორგანიზება სცადეს, გაეროს მეთვალყურეთა მეთაურმა, ლასლო საბომ, აღშფოთებით ჰკითხა საქართველოს თავდაცვის მინისტრს: რატომ არღვევთ ხელშეკრულებას ლტოლვილთა დაბრუნების ეტაპობრიობის თაობაზე?
გაეროსათვის გაცილებით ადვილია, თავისი პრესტიჟისა და რენომეს დასაცავად საქართველოს მოსთხოვოს პასუხი და საქართველოს მიმართ იყოს „მკაცრი“, თორემ არძინბა გაეროს „მუნდირს“ და მის „ღირსებას“ ისედაც არაფრად აგდებს და აბა მას რა პასუხი უნდა მოსთხოვონ?
რაც შეეხება „ათი ათასობით დაღუპულ ქართველს“, „ასი ათასობით ლტოლვილს“ ამაზე ბუტროს გალიმ საკმაოდ ცივად მიგვანიშნა: რუანდაში ნახევარი მილიონი(!) ადამიანი მოკვდა და მილიონობით უსახლკაროდ დარჩა, მაგრამ ამაზე საუბარი სალონურ-არისტოკრატიული „შეშფოთების“ ფარგლებს არ გასცილებია.
იგულისხმებოდა: რით ხართ თქვენ (ქართველები) რუანდელებზე უკეთესნი - ადამიანი ხომ თანასწორია „განურჩევლად, რასის, ეროვნების და რელიგიისა?“