გაზი ნახტომისებურად გაძვირდა - კომპანია გადარჩება, მოსახლეობა უფრო გაღარიბდება

გაზი ნახტომისებურად გაძვირდა - კომპანია გადარჩება, მოსახლეობა უფრო გაღარიბდება

თბილისელებისთვის მოულოდნელად და თანაც ერთბაშად ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ სასწრაფოდ მიიღო. თანაც ისე, რომ დაარღვია თავისივე მიღებული დადგენილება ტარიფის 3 წლით ძალაში შესვლის შესახებ. დღეს მოქმედი ტარიფი 2019 წლის ბოლოს დამტკიცდა და წესით 2023 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, მაგრამ ნარმანიას უწყებამ თბილისელებს ცივი წყალი გადაასხა.

ახალი გადასახადი მოქალაქეებს 1-ლი ივნისიდან დაუწესეს. ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,13 თეთრი იყო, ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით - 53,9 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ აირზე ფასი 8 ლარით გაიზარდა.

„კომპანიან ვალუტის კურსის გამო მოითხოვა მარეგულირებლისგან ტარიფის კორექტირება... მათი მოთხოვნა იყო ლეგიტიმური“, - ასე ახსნა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ფასის ზრდა. მან ასევე განაცხადა, რომ უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული ბუნებრივი აირის ტარიფის სამომავლოდ გადახედვის საკითხი. თუ კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდება, სემეკი „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის ტარიფს გადახედავს.

„ახალი დადგენილი ტარიფით 1-ელი ივნისიდან შევა ძალაში და 22 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. თუ ვალუტის კურსის არსებითი გაუარესება არ მოხდება, ტარიფი შენარჩუნდება ამ ვადით. როცა პარამეტრების არსებითი რღვევა ხდება და კომპანიები ზარალზე გადიან, მათ აქვთ უფლება, რომ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით. დარწმუნებული ვართ, ასეთი გადახედვა არ მოგვიწევს, თუ ყველა სხვა პარამეტრი იქნება შენარჩუნებული.

ვალუტის კურსის გამყარების შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მარეგულირებელ კომპანიას გააჩნია უფლებამოსილება გადახედოს ტარიფს შემცირების კუთხით“, - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ ტარიფს, როგორც სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, „სოკარ ენერჯი გაზი“ ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს. სამაგიეროდ, გაძვირებას ითხოვს თბილისში კიდევ 2 გამანაწილებელი - „ვარკეთილაირი“ და „ენერგოკავშირი“.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ დირექტორი კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, ედიშერ ხორავა სემეკის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა და მის გასაჩივრებას არ გეგმავს. ოღონდ კომპანია ითხოვს, შესასყიდი ბუნებრივი აირი კომპანიისთვის ლარში დაფიქსირდეს, რადგან სავალუტო რყევა პრობლემებს ქმნის.

„დღევანდელი სავალუტო კურსის გათვალისწინებით, კომპანია არ აპირებს ამ საკითხის გადახედვას ამ ეტაპზე. დანარჩენს უკვე მომავალში შევხედავთ“, - განაცხადა ხორავამ.

ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდის გამო, ენერგოომბუდსმენი თბილისის მოსახლეობისთვის სოციალურ პაკეტებზე მუშაობის საკითხს აყენებს. როგორც სალომე ვარდიაშვილმა სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, აბონენტებისთვის ტარიფის ზრდა მომხმარებლების მატერიალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

„მოსალოდნელი იყო, რომ „თბილისი ენერჯი“ სატარიფო კორექტირების მოთხოვნით მიმართავდა მარეგულირებელ კომისიას. შევამოწმეთ სამართლებრივი საფუძვლები და ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სატარიფო საქმის წარმოების პროცესში გამოიყენა მარეგულირებელმა კომისიამ. წარმოდგენილი იყო ზუსტი ციფრები და ზუსტი დაანგარიშება, რასაც ვერ გავექცეოდით.

2019 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე, კომპანიისთვის ზარალმა დაახლოებით, 23 მილიონი ლარი შეადგინა. საგულისხმო იყო, რომ ის შესასყიდ ფასს იხდიდა იმ კურსში, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობდა, ამიტომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება და ტარიფის კორექტირება არის საფუძვლიანი.

ნებისმიერი ცვლილება, ტარიფის მატებასთან დაკავშირებით აისახება უარყოფითად მომხმარებლების მატერიალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შესაბამისად, სოციალურ პაკეტებზე მუშაობა, ალბათ, გარდაუვალი იქნება ცივი პერიოდის დადგომისთანავე“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.

ტაპიფის გაზრდას ეთანხმება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძეც. მისი აზრით, სემეკის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალი იყო, რადგან წლებია, ბუნებრივი აირის ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო ლარის კურსი საგრძნობლად შეიცვალა აშშ დოლართან მიმართებაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ გაზის შეძენა უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარში ხორციელდება, ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობა მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს ტარიფზე. ჩვენ აქამდე გაზის ტარიფს ხელოვნურად ვიჭერდით და ოდესღაც ლარის კურსის ზრდა რომ გარდაუვლად აისახებოდა ტარიფზე, ეს ყველასთვის ნათელი იყო“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას სემეკი არ მიიღებდა, მაშინ ქვეყანას ბუნებრივ აირზე უარი უნდა ეთქვა.

„კომპანიები ვერ შეძლებდნენ მომსახურების გაგრძელებას. გარდა ბუნებრივი გაზის შესყიდვისა, კომპანიებს უწევთ არსებული ინფრასტრუქტურის მომსახურება. იგივე თუნდაც მილსადენების შესყიდვაც უცხოურ ვალუტაში ხდება. ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმედ აისახება მოსახლეობაზე, თუმცა, თუ ტარიფი არ გაიზრდებოდა, სამწუხაროდ, ბუნებრივ აირზე უარი უნდა გვეთქვა. მაგალითად, შპს „თბილისი ენერჯის“ ბოლო 2 წელიწადში 24 მლნ ლარის მოცულობის ზარალი დაუგროვდა.

ჩემი ინფორმაციით, ტარიფზე 8 თეთრამდე მატებიდან, თითქმის ნახევარი კომპანიის ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო მეორე ნახევარი კურსის ცვალებადობის შესავსებად მიიმართება“, - განმარტა ვეფხვაძემ.

სამწუხაროა, რომ ყველა მოხელეები მხოლოდ ბიზნესის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს და ყველამ მიივიწყა მოსახლეობა, რომელიც პანდემიური კრიზისი პირობებში ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია. კომუნალური გადასახადების გაძვირებით კი მათი გაღატაკება უფრო დაჩქარდება. ამგვარად აფასებს ვითარებას ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელიც დაუფარავად ამბობს, რომ ნარმანიას უწყებამ, ნაცვლად მოსახლეობის ინტერესების დაცვისა, მხარი დაუჭირა საშუამავლო კომპანიების მოთხოვნას და დააზარალა საკუთარი მოქალაქეები.

„გაზის გაძვირება ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. საქართველოში სულ 2 საშუამავლო კომპანიაა, რომელიც თვითნებურად ზრდის გატარების საფასურს. ეტყობა, ეცოტავათ, რასაც იღებდნენ.

სოციალური მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ამ პროცესს სერიოზული უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს, თუმცა ვხედავთ იმასაც, რომ ხალხს რცხვენია ხმა ამოიღოს, რომ გაძვირდა დენი და გაზი. ქართველებს რატომღაც სირცხვილის მომენტი აქვთ, თორემ სომხეთში, ორიოდე წლის წინ 2 თეთრით გააძვირეს გაზი და ლამის დაინგრა იქაურობა, იმხელა სოციალური უკმაყოფილება მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აქ რეაქცია არ აქვს ხალხს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდება მით უმეტეს, რომ წლის ბოლოს დენის გაძვირებული ტარიფიც შევა ძალაში.