„რიონის მცველების“ მოულოდნელი გადაწყვეტილება და თბილისში შეწყვეტილი აქციები - აქციის ორგანიზატორები ხეობაში დაბრუნდნენ და პროტესტი რიონის ხეობაში გააგრძელეს. რა ასწავლა აქციის მთავარ ორგანიზატორს ვარლამ გოლეთიანს დედაქალაქში სამდღიანმა საპროტესტო გამოსვლებმა და რატომ ვერ მიიღო მან დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა? რა შეცდომები დაუშვა, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია და საბოლოო ჯამში, მან რეგიონისგან განსხვავებით დედაქალაქის მოსახლეობის იდეებით მოხიბვლა ვერ შეძლო? ხომ არ არის მისი მთავარი და დიდი პრობლემა განცხადებები, რომ არა ჰესებს, რომელიც საზოგადოებაში კითხვებს აჩენს და დაბნეულობას იწვევს? თუ არა ჰესებს, მაშინ ჰესების სხვა რა ალტერნატივა არსებობს? როდესაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა და შესაძლოა, ქვეყანაში ენერგოკრიზისი შეიქმნას, მაშინ ვარლამ გლეთიანი რას გვთავაზობს?
იმაზე არავინ დაობს, რომ შესაძლოა, კონტრაქტის პირობები ქვეყნისთვის წამგებიანი იყოს, მაგრამ როგორც სახელმწიფო, ასევე კომპანია „ენკა“ თანახმაა, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს. თუმცა გოლეთიანი და მისი მომხრეები ვერ ჩამოყალიბდნენ უნდათ დიალოგი თუ არა. რატომ ასე უპირობოდ არა ჰესებს? მეორე შეცდომა, რაც ალბათ, გოლეთიანის მიმართ საზოგადოების ნაწილს უნდობლობას უჩენს ანტითურქული და ანტიდასავლური განცხადებები იყო, რომელიც 23 მაისს თბილისში გამართულ აქციაზე გაისმა. ეს კი ბევრ ადამიანს უჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ პროცესი რუსეთიდან მართულია, რადგანაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთს არ აწყობს და ამ პროცესის ჩასაშლელად ყველაფერზე წავა.
კითხვებს ბადებს აქციების დაფინანსების საკითხიც. გოლეთიანი ამბობს, რომ მას ემიგრანტები და თავად ადგილობრივი მოსახლეობა აფინანსებს, თუმცა ამის დამამტკიცებელი ფაქტები ჯერჯერობით არ წარმოუდგენია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ჯერ არაფრით გაბათილებულა, რომ აქციებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები აფინანსებენ. დასახელდა ლევან ვასაძის გვარიც.
მიუხედავად ამ კითხვების და შეცდომებისა, როგორც ჩანს, გოლეთიანმა მომხდარი კარგად გაანალიზა, რიტორიკა ოდნავ შეცვალა და 26 მაისთან დაკავშირებული განცხადება სრულიად სხვაგვარად ახსნა. მან იმხელა ლუკმის მოკბეჩა გადაწყვიტა, რომლის გადაყლაპვის თავიც არ ჰქონდა. ან პოპულარობის და მხარდაჭერის ხიბლში მყოფმა რომანტიკულმა ახალგაზრდამ ბოლომდე ვერ გაათვითცნობიერა, რომ დედაქალაქში მას უფრო მეტ კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ვიდრე ეს მის მშობლიურ მხარეში ხდებოდა.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თბილისში ნამდვილად უნიკალური რამ მოხდა აქციის მთავარი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის გარშემო, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა და საზოგადოების ნაწილში განსაკუთრებული მხარდაჭერა დაიმსახურა, თუმცა მან დედაქალაქის მოსახლეობა თავისი იდეებით ვერ მოხიბლა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გოლეთიანის სიმართლის და გულანთებულობის სჯერა, მაგრამ ის თბილისში ბევრად არადამაჯერებელი იყო და გარკვეული შეცდომები დაუშვა, რაც მხოლოდ გამოუცდელობას და ახალბედობას არ შეიძლება დავაბრალოთ. გოლეთიანი თავის შეცდომას მალევე მიხვდა და გამოასწორა, რადგან თბილისში აღმოჩნდა, რომ მის მიმართ უფრო მომთხოვნები არიან. ეს საზოგადოება მას უფრო კირიტკულად აფასებს და „არა ჰესებს“ საზოგადოების დიდ ნაწილში მიუღებლობას აჩენს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალგაზრდას პატივს ვცემ და მჯერა, რომ ის გულწრფელია და სჯერა იმის, რასაც ამბობს, არ ვფიქრობ, რომ ამის უკან რამე სხვა სარგებელს ეძებდეს. თუმცა მან დედაქალაქში გარკვეული შეცდომები დაუშვა. პირველი ის, რომ ქალაქის პარალიზებით დაიმუქრა და განაცხადა, რომ 26 მაისს მოსახლეობა არა აღლუმზე, არამედ მასთან მისულიყო. მგონია, ეს შეცდომები მან გამოუცდელობის გამო დაუშვა. ამას მალევე მივხდა და მისი გამოსწორებაც სცადა. გარდა ამისა, გოლეთიანი საზოგადოებას ნამახვანჰესის არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობს და მხოლოდ აკრძალვებით წინ ვერ წავა.
საკმაოდ დამაჯერებლია სპეციალისტების მოსაზრება, რომლებიც ამბობენ, რომ დენი გვჭირდება და ჰესის აშენების გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. გვაქვს უნიკალური ჰიდრორესურსები, გონივრული, გამჭვირვალე და არაკორუმპირებული ჰესების მშენებლობა გვჭირდება. ამიტომ მარტო - „არა“, არ გამოვა. საქართველოს აქვს მართლაც იმხელა რესურსი, რომ შედარებით იაფად და უსაფრთხოდ ვიყოთ, არავიზე არ ვიყოთ დამოკიდებული, რომ ელექტოენერგია მოვიპოვოთ. თუ მეტი გვექნება, გავყიდით კიდეც. აშკარად ჩანს, რომ ამ ჰესების აშენებას ვიღაცა ბლოკავს. ხელისუფლება თუ არაპატიოსნად იქცევა და რაღაცა კორუფციულ გარიგებებს დებს, მაშინ ალტერნატივა გვჭირდება. ასე უაპელაციოდ - „ჰესები არ გვინდა“ - არ გამოვა. ჩვენი საზოგადოება გაზრდილია და მეტ კითხვებს სვამს, სადაც პასუხები თუ ვერ მიიღო, არ დაგიჯერებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, გოლეთიანმა ქუთაისში და ხეობაში ადამიანების მხარდაჭერა დაიჯერა და თბილისში ჩამოსულს ცოტა მეტი მოუვიდა. ამიტომ იმაზე მეტი მოკბიჩა, ვიდრე გადაყლაპავდა. ეგონა, რომ მას დედაქალაქშიც ასე უაპელაციოდ დაუჯერებდნენ და მხარს დაუჭერდნენ. ზაქარეიშვილის თქმით, კარგი ისაა, რომ მან ეს შეცდომები გადახარშა და მიხვდა - ემოციურობა ამ საქმეს არ გამოადგება. მთავარია, გული არ გაიტეხოს და თუ მართლა გულწრფელია იმ საქმეში, რასაც ემსახურება, მას ხალხის მხარდაჭერა კვლავ ექნება. უბრალოდ, მეტი დაკვირვება და გარშემო წრის გაცხრილვაა საჭირო, რადგან მის საქმეს ზოგიერთმა არასასურველმა ფიგურამ ზიანი არ მიაყენოს. ასეთი მცირე მარცხი ბევრ ლიდერს უგემია, ამიტომ თუ მისი გაანალიზების უნარი აქვს, მსგავს აღარ გაიმეორებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გოლეთიანის კიდევ ერთი მთვარი შეცდომა პოლიტიკისგან და პოლიტიკოსებისგან დისტანცირებაა, რადგან თავად უკვე პოლიტიკაშია.
„როდესაც ხალხს და მასებს მართავ, გინდა თუ არა, უკვე პოლიტიკოსი ხარ. შესაძლოა, პარტიულობა არ გინდა, მაგრამ როდესაც ხალხს რაღაცა იდეის გარშემო აერთიანებ და მათ უძღვები, ე.ი. პოლიტიკოსი ხარ. პოლიტიკის გარეშე ის წარმატებას ვერ მიაღწევს და დიდხანს ასე ვერ გაძლებს. თუ პოლიტიკაში არ მოხვედი, შენს საქმეს ვერ გააკეთებ. რასაც ეს ახალგაზრდა აპროტესტებს, ეს ადგილობრივი პრობლემაა და კარგად ემთხვევა ადგილობრივ არჩევნებს. მან წყალტუბოში და იმერეთში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს, გაიმარჯვებს. თუ მოინდომებს, ქუთაისის მერადაც შეუძლია კენჭი იყაროს. მას რეგიონის დონეზე ეს მხარდაჭერა აქვს. იქიდან იბრძოლოს მერე, რადგანაც ბრძოლას ტრამპლინი და იარაღი სჭირდება. მოგწონს თუ არა, ეს იარაღი პოლიტიკაა. არ მოგწონს პოლიტიკური პარტიები, კი ბატონო, მაშინ შენი შექმენი“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, გოლეთიანმა თბილისში საკმაოდ კარგი გაკვეთილი მიიღო, რასაც შემდგომ სათავისოდ გამოიყენებს და საბოლოოდ ჩამოყალიბება მოუწევს, რა უნდა. „არა სრულიად ჰესების მშენებლობას“, მის წინააღმდეგ ხელისუფლება კარგად იყენებს, თუ მხოლოდ ამ ჰესის გარშემო საეჭვო გარემოებებზე უნდა პასუხები. მეორეც, ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ გოლეთიანი შეცდომას უშვებს, როცა აპელირებას თურქეთზე და კომპანიაზე ახდენს, ან ანტიდასავლური განცახდებები კეთდება. ეს საზოგადოების ნაწილს აფრთხობს და მის მიმართ უნდობლობას აჩენს. ასევე მის გარშემო რატომ მოძრაობენ ლევან ვასაძე და სხვა აგრესიული ჯგუფები? ყველაზე მთავარი კი დაფინანსების საკითხია. თუ მან ამ თემაზე გამჭვირვალედ არ ისაუბრა და არ აჩვენა საზოგადოებას ერთი კაპიკიც კი საიდან დაერიცხა, ეს მას დააზიანებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ვარლამ გოლეთიანის ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, კარგია აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებისგან კრიტიკული შენიშვნები რომ გაითვალისწინეს. რადიკალური ლექსიკა და ქმედება საზოგადოებაში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს. 26 მაისის ღონისძიების სავარაუდო, ხელშეშლას და ქალაქის პარალიზებას ჩვენი საზოგადოება მხარს არ დაუჭერს და ეს მათ რეაქციაშიც გამოჩნდა. აბაშიძე ამბობს, რომ რაც არ უნდა ცხარე იყოს კამათი, არგუმენტირებულ დისკუსიას ალტერნატივა არა აქვს. რეალურად უნდა გამოჩნდეს, სიმართლე სად არის, თორემ მითების ტირაჟირებით პროტესტმა შედეგი გამოიღოს, ჯერ არ მომხდარა.
„ის რაც ვარლამ გოლეთიანმა და მისმა თანამოაზრეებმა გააკეთეს, ეს არის სიტყვის თავისუფლების გამოხატვა. თუმცა კანონის გადახვევაა ის ქმედება, როდესაც ნაკლები ხალხით ქუჩის გადაკეტვას ცდილობ. ეს მიუღებელია, როგორც თბილისში, ასევე პარიზში და ლონდონში. პოლიტიკაში თუ პროტესტებში გამოუცდელმა გოლეთიანმა და მისმა თანამოაზრეებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და იმედი მაქვს, რომ დამოკიდებულება - „ან ყველაფერი, ან არაფერი“ - შეიცვლება. კონსტრუქციული დილოგით სასურველი შედეგი მიიღწევა.
გოლეთიანმა დაუშვა შეცდომა, როდესაც განაცხადა, რომ ქალაქის პარალიზებას მოახდენდა. ჩვენს მოსახლეობაში ამან მხარდაჭერა ვერ ჰპოვა და ვნახეთ კიდევაც აქციაზე თბილისელები არ მივიდნენ. ჩვენ გვინახია მცირე მასშტაბის აქციები როგორ იწყებოდა და შემდეგ რა სახის მასშტაბი ჰპოვა. ასე იყო მაგალითად ვარდების რევოლუცია. მოთხოვნები როცა ასეთი კატეგორიულია, რომ უკან არ დაიხევენ და ქალაქს ჩაკეტავენ, ჩვენი მოქალაქეებისთვის მიუღებელია. ამ 3-დღიანმა აქციებმა გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი ჩვენი მოქალაქეებისთვის მიუღებელია. ულტიმატუმის ენით საუბარი აღარ ჭრის, ამიტომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
საყურადღებოა, რომ იუსტიციის სამინსტროს 2019 წელს დაუწერია ამ ხელშეკრულების ნაკლოვანების შესახებ.
აქ ვერავითარი ევროკავშირის ექსპერტთა სეიმურ-ეკოლოგიური დასკვნები ვერ უშველის საქმეს. ისინი იურიდიულ მხარეზე დასკვნებს არ დაწერენ. რიონის ხეობა საქართველოა და ევროპელები არასოდეს იტყვიან ვინმეს მიეცით ან არ მისცეთო.
ამ ყველაფრის ფონზე ენერგო დამოუკიდებლობაზე აპელირება უბრალოდ უხერხულია.