დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.
ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს საზიანოდ არის შედგენილი.
მისი თქმით, ხელშეკრულება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმდა და როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კითხვებს, რომლებიც დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით არსებობს, გიორგი გახარიამ უნდა უპასუხოს:
„ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება, ხელშეკრულება რომელიც რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოსა და თურქულ კომპანიას შორის გაფორმდა, ცალსახად საქართველოს საზიანოდ არის შედგენილი.
საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია. კითხვები, რომელიც დღეს არსებობს, სწორედ გახარიას მიმართ უნდა იყოს მიმართული, რომელმაც საკუთარი უპასუხისმგებლო პოლიტიკით სახელმწიფო მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს გახარია პრემიერ მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მისი პირდაპირი ვალდებულება საქართველოს ინტერესების დაცვა და გატარება იყო, ის კი პირიქით მოიქცა, უგულებელყო სახელმწიფო ინტერესები. მან საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.
გთავაზობთ ხელშეკრულებაში არსებულ, სახელმწიფოს საზიანო პუნქტების არასრულ ჩამონათვალს!
- ენკას 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2 372 409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445 245 კვ.მ ტყე.
- ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.
- კომპანიისთვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია „ენკა რინიუებლზს“ 1 ლარად გადასცეს სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“. მიწის „საჭიროებას“კომპანია ადგენს, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ მოიცავს რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.
- იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, განუსაზღვრელად დიდია. ყველა შესაძლო ბიზნესრისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითაა დაზღვეული.
- 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში.
- კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არამხოლოდ რიონი და მისი შენაკადები, არამედ, ასევე, მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი.
- მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან.
- კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. მთავრობა არამხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც.
- შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ანუ იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან.
- ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე „დანაკარგი“, რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია.
- მდინარე რიონის 32 კილომეტრი 99 წლით თურქული კომპანიის საკუთრებაა!
- და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: თუ მოსახლეობის პროტესტის შედეგად, კომპანია ენკა ვერ განახორციელებს ნამახვანჰესის მშენებლობას, სახელმწიფოსგან მოითხოვს კომპენსაციას 400 მილიონ დოლარს.
აღნიშნული ხელშეკრულების მხოლოდ მცირედი ნაწილია, მასში კიდევ არაერთი ბუნდოვანი და სახელმწიფოს საზიანო პუნქტი გვხვდება, ენკასთან გაფორმებული ხელშეკრულება გახლავთ გახარიას მიერ დატოვებული ნაღმი, რომელიც ქვეყანაში არეულობის და ქაოსის გამოწვევას ემსახურება, ქვეყანაში ქაოსი კი ჩვენი ჩრდილოელ მეზობლის ინტერესს წარმოადგენს“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.
რა დონის ფარისეველი უნდა იყო, რა უთავმოყვარეო "პადხალიმი" უნდა იყო, რომ ამ ხელშეკრულებას იწონებდე და ვინც ამ მზაკვრულ დოკუმენტს აპროტესტებს, იმათ რუსეთიდან მართულ სამშობლოს მოღალატეებს ეძახდე!!!
ასეთი ხელშეკრულებებით აპირებთ საქართველოს "ენერგოდამოუკიდებლობის" მოპოვებას?!
იმდენი მტყუანის . . , რაც თქვენ არც სამშობლოს ბედი გაღელვებდეთ და არც მისი რაიმე სახის დამოუკიდებლობა!!!