ეროვნული მოძრაობის ძველი თანამებრძოლები, ვინც თავს „პოლიტვეტერანებს“ ვუწოდებდით, ამ 26 მაისს იურიდიულად ვაარსებთ „ქართულ კლუბს“. ეს არა მხოლოდ ძველ, არამედ შესაძლოა, ახალ თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა პოლიტიკური კლუბი იქნება. მისი მთავარი მიზანი პოლიტიკის გაგებაა და ასევე - ვისთვისაც მთავარი გაგებაა, სამოქმედოდ მათი გაერთიანებაც. ამ ნაბიჯით ჩვენ „ვეტერანების“ პასიურ სტატუსზე უარს ვამბობთ. „ვეტერანობა“ დამსახურებულ დასვენებასაც ნიშნავს, ხოლო ჩვენთვის დასვენება ადრეა, რადგან ნახევარი საუკუნის წინა დაწყებული საქმე ჯერ დასრულებული არ არის, ხოლო სერიოზული პოლიტიკა კი მაშინ იწყება, როცა მსგავსი გამოცდილება გიმაგრებს ზურგს და ამასთანავე, პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენაც გიბიძგებს. ჩვენი მოქმედების მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა არ არის, რადგან ეს კლუბია და არა პოლიტიკური პარტია.
ამ კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჩვენს მეგობარსა და ძველ თანამებრძოლს, გია იაკობაშვილს ხშირად უყვარს გამეორება: „მთავარი გაგებაა!“ ეს - „ქართული კლუბის“ დედააზრია. „საკლუბო ტერმინებით“, რაც სტილის ამბავია, ეს დედააზრი დევიზადაც შეიძლება ითქვას: „სჯული და გამოცდილება გვკარნახობს, რჯული და პასუხისმგებლობა - გვავალდებულებს!“
„ქართული კლუბისა“ რამე რომ გავიგოთ, ჯერ ტერმინები, როგორც ძირითადი ცნებები, უნდა განვმარტოთ: „სჯული“ ისაა, რითაც ადამიანი განსჯის. „რჯული“ - რითაც ადამიანი ირჯება. რასაკვირველია, უსჯულო - ურჯულოცაა, რადგან ვინც ვერ ან არ განსჯის, ის გაგებაშიც არ არის როგორ მოიქცეს და თუ არა შემთხვევით, რჯულით ვერ გაირჯება. ჩვენი პოლიტიკის მთავარ პრობლემადაც სწორედ ეს - უსჯულოება და ურჯულოება, ანუ - უარისმყოფელობა, უცხოურად - „ნიჰილიზმი“ მიგვაჩნია!
„სჯული“ და „რჯული“ - არათანამედროვე, ძველთაძველი, ტრადიციული, ბევრისთვის დრომოჭმულიც, ტერმინებია და ამიტომაც, ცუდ ტონადაც კი მიიჩნევენ მათი „გაცოცხლებას“.
სტილის ამბავია, თორემ სხვა, თუნდაც ულტრათანამედროვე ტერმინებითაც შეიძლება იგივე აზრის გადმოცემა. ასე მაგალითად, დღეს ძალიან მოდაშიც არის ერთი ებრაელი პოსტ-ისტორიკოსი - იუველ ნოა ჰარარი, რომელიც ამბობს: „არსებობს ობიექტური, სუბიექტური და ინტერ-სუბიექტური რეალობა“. რასაც ჩვენ „სჯულად“ და „რჯულად“ მოვიხსენიებთ, ის ჰარარისთვის - „ინტერ-სუბიექტური რეალობაა“.
რასაკვირველია, „სჯულისა და რჯულის გაცოცხლება“ არ ნიშნავს, რომ საღვთო სჯულის მქადაგებელ რელიგიურ ორგანიზაციას ვქმნით, რადგან ეს პოლიტიკური კლუბია და მისი საქმიანობის საგანი პოლიტიკაა. მიუხედავად ამისა, სჯული და რჯული, მისი არა რელიგიური, არამედ საერო მნიშვნელობით - პოლიტიკიდან არ შეიძლება განიდევნოს, რადგან ეს სიკვდილის ტოლფასია. ნებისმიერი ერი-სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა საერო სჯულისა და რჯულის „მართალი სამართლით“ აღსრულება.
„მართალი სამართალი“ დღეს, თანამედროვეობაში, კონსტიტუციით გამოიხატება, თუმცა აქაც სჯული არ შეიძლება გამოვტოვოთ, რადგან სწორედ იგია, რაც კონსტიტუციის „ცოცხალ სულს“ ქმნის. უსჯულოდ გაგებული კონსტიტუცია კი, იმთავითვე უსულო მკვდარია. მას ვერ გააცოცხლებს ვერანაირი „დაოსტატების გონი“, ანუ პოლიტიკის კეთების ტექნიკა თუ ტექნოლოგია. უარესიც, როცა ეს, თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგია პარალელურად „ოსტატურად“ ქმნის უამრავ, ერთი-მეორესთან არათავსებად „ინტერ-სუბიექტურ რეალობას“, ცდილობს ფაქტები, მათი აღქმებით, ცოდნა კი ინფორმირებულობით ჩაანაცვლოს, შეუძლებელი ხდება მტყუან-მართლის გარჩევა, რადგან სჯულის ადგილს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში კონკურენტის ძლევის ჟინი, ხოლო რჯულისას - პოლიტიკური თუ მატერიალური სარგებლის მოპოვება იკავებს.
„ქართული კლუბი“ თანამედროვეობას არ უარჰყოფს, დაოსტატების გონს, ანუ ტექნოლოგიურობასაც ღირსეულად აფასებს, მაგრამ ცდილობს სჯულით განსაჯოს და რჯულით მოიქცეს. გონივრულადაც და თუ გნებავთ, მეცნიერულადაც ეს მიაჩნია, რადგან ნებისმიერი მეცნიერული თეორია იმთავითვე ძირითად ცნებებს და აქსიომებს ემყარება, რითაც საკუთარ ჰიპოთეზებსა თუ თეორემებს ამტკიცებს. ხოლო ჩვენთვის, სჯულიც სწორედაც ეს არის - ძირითადი ცნებები და აქსიომები, რაც იმთავითვე მყარადაა მოცემული და დამტკიცებულიც მრავალი თაობის ადამიანურ გამოცდილებაში, აქსიომატურია და მისი ჭეშმარიტება შემდგომ განსჯას აღარ ექვემდებარება.
რატომ დავარქვით ამ ტექსტს „დეკლარაციის მაგიერ“ და არა „დეკლარაცია“? იმიტომ, რომ „დეკლარაცია“ პოლიტიკის გაგების უკვე მზა პასუხებს გულისხმობს, რაც არა გვაქვს და შეგვიძლია მხოლოდ ამ პასუხების საპოვნელად მართალ გზაზე მიუთითოთ.
ქართული კლუბი, ცხადია, პოლიტიკური კლუბია და მისი მოკლე დეკლარაცია, ე.ი. „დეკლარაციის მაგიერი“ სწორედ ეს არის „სჯულიერება და რჯულიერება პოლიტიკაში“, რაც იგივეა, რითაც ჩვენ 80-იანებში დავიწყეთ - „მთავრი გაგებაა!“
„პოლივეტერანების“ სახელით უკვე გამოქვეყნებული ჩვენი განცხადებები სწორედ ამ გზაზე შედგომის - სჯულით განსჯის მცდელობათა შედეგია. ამ განცხადებებში არა სრული, არამედ კონკრეტული პასუხებია კონკრეტულ საბედისწერო პრობლემებზე, მათ შორის:
- პარლამენტის საბოტაჟით შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და მისი სჯულისმიერი, ე.ი. ამ შემთხვევაში - კონსტიტუციური, მოგვარების გზებზე;
- „ნამოხვანის კრიზისზე“, რაც ქვეყნის წინაშე მდგარ უსერიოზულეს გადაუჭრელ საკითხს - ტერიტორიების, ქართული მიწის მოვლა-პატრონობის, დაცვის, კეთილგონივრული გამოყენების სისტემურად მოწესრიგებას უკავშირდება;
- ადგილობრივი თვითმმართველობის არასახარბიელო ბედზე, რაც ამ კრიზისის პირობებში უარესად, ვიდრე აქამდე ყოფილა, პოლიტიკური ბრძოლის მძევლად იქცა;
- მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობაში გაბატონებულ უსჯულოებაზე.
გადახედეთ ამ განცხადებებს და, ესეც - „დეკლარაციის მაგიერი“ ტექსტიც, დაგანახებთ იმ მიმართულებას, რისი დამკვიდრებაც „ქართული კლუბს“ პოლიტიკაში სურს. ამიერიდან ჩვენს მიერ განსჯილი და ერის განსასჯელად წარდგენილი სათქმელი „ქართული კლუბის“ სახელით გამოქვეყნდება. ხოლო ის, თუ რა მეთოდით, წესითა და ტექნოლოგიით მოხდება „სჯულით განსჯა“ და სათქმელის თქმა, კლუბის წესდებით, რაც ასევე გამოქვეყნდება, რათა შემოგვიერთდეთ, განისაზღვრება. სათქმელი სათქმელად, მაგრამ „კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდა“ და სხვაგვარად, მოსმენის გარეშე - გაგება შეუძლებელია.
ჩვენ გვაქვს ერთმანეთის მოსმენის უნარი და გვსურს, რომ ყველამ ისწავლოს ერთმანეთის მოსმენა და გაგება. ჩვენ შეგვიძლია დავიოკოთ ახირებული სურვილი, რომ ყველამ ჩვენ გაგვიგოს და ვაღიარებთ სხვის უფლებას ილაპარაკოს და გავუგოთ. ჩვენ ვიყენებთ ობიექტურ სამეცნიერო მეთოდს, მაგრამ, ამავე დროს, არ უარვყოფთ ზომიერ სუბიექტურობას ინტერპრეტაციისას.
„ქართული კლუბის“ დამფუძნებელი პოლიტვეტერანები:
გურამ სანადირაძე, ზურაბ მარშანია, პაატა ჩხეიძე, ნიკა სანებლიძე, დავით მარღანია, გოგიტა ქერქაძე, სანდრო სვანიშვილი, დავით ზარდიაშვილი, ნოდარ ლაბარტყავა, შალვა უგრეხელიძე
კახი კავსაძისა არ იყოს................. გვეშველება რამეეეე??