მოსკოვის ცსკა VTB ლიგის ფინალში გავიდა. დმიტრი იტუდისის გუნდმა ნახევარფინალური სერია სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" 3:1 მოუგო და გადამწყვეტ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
სერიის მეოთხე მატჩში მოსკოველთა უპირატესობა მეორე პერიოდიდან გამოიკვეთა და საბოლოოდ, 85:71 იმარჯვეს.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 28:55 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში თავის გუნდს 12 ქულით, 4 მოხსნით, 3 პასით და ჩაჭრით დაეხმარა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოსკოველებს იტალიელმა დანიელ ჰაკეტმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მოსკოვის ცსკა VTB ლიგის ფინალში ყაზანის "უნიქსს" შეხვდება, მაგრამ მანამდე ევროლიგის ოთხთა ფინალში ჩაერთვება, სადაც 28 მაისს, თურქულ "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება.