„შესაძლოა, გახარიას ამბიცია აქვს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში, კვლავ გახდეს პრემიერ-მინისტრი, ოღონდ არავისზე დამოკიდებული პრემიერი არ იყოს“

„შესაძლოა, გახარიას ამბიცია აქვს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში, კვლავ გახდეს პრემიერ-მინისტრი, ოღონდ არავისზე დამოკიდებული პრემიერი არ იყოს“

ნაციონალებისა და მათზე ჩამოკიდებული ოპოზიციის გაკრიტიკების ნაცვლად მმართველმა გუნდმა გახარიასთვის მოიცალა.

რას მოასწავებს ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, იმას ხომ არა, რომ გახარია პოლიტიკაში შემოდის მძლავრად, რამაც დააფრთხო „ქართული ოცნება“? იქნებ, მმართველი გუნდის წევრები გახარიასთან მიმართებითაც არაგულწრფელები არიან და ტყუილად ლანძღავენ მას, რადგან გახარიას უკან დგას ბიძინა ივანიშვილი?!

ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი გახარიას გამაკრიტიკებელი ირაკლი კობახიძის მისამართით აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, არასერიოზულ კინკლაობაში ჩაითრიოს გახარიას მომხრეები, რადგან გახარიასი ეშინიათ. თუმცა აჯობებს, მმართველმა გუნდმა სიმშვიდით და ნერვიულობის გარეშე მიიღოს ის რეალობა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ასეთ არასერიოზულ კინკლაობაში გახარიას გუნდი შესვლას არ აპირებს, რადგან ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა, საზოგადოებას საქმის კეთება ურჩევნია.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას ორივე ვერსიის რეალისტურობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ გახარიას ან ტყუილად ლანძღავენ მმართველი გუნდის წევრები, ან რეალურად. ის არ გამორიცხავს, ერთი მხრივ, გახარიას უკან იდგეს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ყველას გვახსოვს ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში, მას შეცვლის სხვა პოლიტიკური ძალა.

„რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკურ ძალაში ივანიშვილი ნამდვილად არ გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან, თუ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არ დაედგომება. ამიტომ ივანიშვილი არანაირად არ არის დაინტერესებული, „ნაცმოძრაობა“ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა და სრულიად გასაგებია, ივანიშვილის ინტერესში შედიოდეს, მთავარი ოპოზიციური და შემდგომში უკვე სახელისუფლებო ძალა იყოს გახარიას პარტია. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, განგებ აკრიტიკებენ გახარიას, რომ გაქარწყლდეს ხმები იმასთან დაკავშირებით, გახარია ხომ არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს. შესაძლოა, „ქართულ ოცნებასაც“ აწყობდეს გახარიასნაირი ოპოზიცია და არა ის, რომ „ნაცმოძრაობა“ იყოს მთავარი ოპოზიცია“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მისივე განმარტებით, არსებობს მეორე ვარიანტიც, რომ გახარიას რეალურად მოუვიდა კონფლიქტი „ქართულ ოცნებაში“, რადგან დიდი ხანია, საუბრობენ „ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირებაზე. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი მფარველობდა გახარიას დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ, როდესაც ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, აღარ ჩაერია ამ დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე, ნიკა ჩიტაძე გახარიას ღირსების საქმედ მიიჩნევს, გახარია მოვიდეს ხელისუფლებაში და დაამარცხოს „ქართული ოცნება“, რომელთანაც დაპირისპირება მოუვიდა.

ანალიტიკოსის აზრით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი იყო, მაგრამ იგი არ ყოფილა დამოუკიდებელი ლიდერი, რადგან ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული ივანიშვილის მხრიდან. დღეს კი შეიძლება გახარიას ამბიცია აქვს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში, კვლავ გახდეს პრემიერ-მინისტრი, ოღონდ უკვე დამოუკიდებელი პრემიერ-მინისტრი, დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე. ამიტომ ორივე ვერსია გამოსარიცხი არ არის.

პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს არ სჯერა, მმართველი გუნდის მხრიდან გიორგი გახარიას კრიტიკა გათამაშებული იყოს და კობახიძე გახარიას „სიაფანდზე“ აკრიტიკებდეს.

„დარწმუნებული ვარ, კობახიძე ამას იძახის გულწრფელად, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, კობახიძესაც ჰქონდეს შიში, ვაითუ ბიძინა ამზადებს გახარიას მათ ჩასანაცვლებლად. ამიტომაც უფრო მკვეთრად რეაგირებს გახარიას წინააღმდეგ. არა მგონია, ეს ერთი სპექტაკლი იყოს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. ასეთი შეთქმულებები არ ხდება. ეს ნამეტანი იქნებოდა. რაღაც-რაღაცები ნამდვილად ვიცი, მათ შორის, ისეთიც, რაც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ შეთქმულებები არ შემხვედრია არასდროს“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსის თქმით, რამდენად ძლიერია ძალა იქნება გახარია, ამის თქმა რთულია, ფაქტია, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რაღაც ნაწილს ის წაიყვანს, ნეიტრალურ ხალხსაც თუ წაიყვანს, ესეც მასზეა დამოკიდებული, მაგრამ გიორგი გახარია ჯერჯერობით არაფერზე ლაპარაკობს. მისი გუნდის პრეზენტაციამაც დავით ზურაბიშვილზე არ დატოვა შთაბეჭდილება, ციდან ვარსკვლავებს წყვეტენო, მაგრამ ახლა გახარიას გუნდის წევრებიც სდუმან. ერთადერთი, რაც დავით ზურაბიშვილს აფიქრებინებს, რომ გახარიას არ გადაუფიქრებია პოლიტიკაში შემოსვლა, ეს არის კობახიძის და მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის კრიტიკა ყოფილი პრემიერის მიმართ.

„ვნახოთ, რა გამოუვა, ვინ ეყოლება გუნდში, ამასაც მნიშვნელობა აქვს“, - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

 

 

 

არაგველი641 ქვეყნის ბედზე მზრუნველს ყველას გაუმარჯოს და ხელი მოუმართოს ღმერთმა!
2 თვის უკან
emigranti გახარია ივანუშკას მორიგი თამაშია. ამ დრომდე ვერ ამიხსნია ივანუშკა რატომაა ასეთი სულელი. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ოცნებას ხალხის რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა და როგორ ქარს გაატანა ყველაფერი
2 თვის უკან