ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს. ესპანური As-ის ინფორმაციით, ეს ჰიპოთეზა უკვე საკმაოდ რეალურია.
წყაროს თანახმად, "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი რონალდუს უკვე ესაუბრა და ფეხბურთელიც არაა წინააღმდეგი 12 წლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდეს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კრიშტიანუ სეზონის დასრულებასაც ელოდება და მის მომავალს დიდწილად ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" გასვლა-არგასვლის საკითხი განსაზღვრავს.
"იუვენტუსი" მზადაა რონალდუ, რომელსაც კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, 25 მილიონ ევროდ გაასხვისოს და ინგლისელებიც მზად არიან ეს თანხა გადაიხადონ. იტალიურ კლუბს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში პორტუგალიელის მაღალი ხელფასი (30 მილიონი ევრო) მძიმე ტვირთად აწევს.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" 2018 წლიდან თამაშობს და 133 თამაშში 101 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო "მანჩესტერში" 2003-2009 წლებში 292 შეხვედრაში მეტოქეები 118-ჯერ დაამწუხრა.