საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი აცხადებს, რომ ქართველ ფეხბურთელს ინგლისური და იტალიური კლუბები იწვევენ.
როგორც მამუკა ჯუღელმა რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით მან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა და ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალი ძალიან მალე გაირკვევა.
„როდესაც ხვიჩა „რუსთავიდან“ მიდიოდა, ორი ვარიანტი გვქონდა - ლისაბონის „ბენფიკა“ და მოსკოვის „ლოკომოტივი“. კარგად ვიცნობ რუსულ ფეხბურთს და ვიცი, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს აქ პროგრესირება შეუძლიათ. ჩემი აზრით, ხვიჩას კარიერა იდეალურად ვითარდება. „ლოკომოტივში“ მან ყველას გააცნო თავი, „რუბინში“ კი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის დახმარებით ძალიან მოუმატა. ახლა კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია იტალიასა და ინგლისში. რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა“, - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.